Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი


სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი ისაა, რომ კრიპტოვალუტის საშუალო და მცირე მეწარმეებმა მაინინგის ფერმები მესტიის რაიონში გადაიტანეს.

„მაინინგის პრობლემა ზაფხულიდან დაფიქსირდა. რომ დავინტერესდით, მაინერები სოფელ ნაკრაში აღმოვაჩინეთ, მესტიაშიც ბევრია და ტყეში ჩადგმულ პატარა კოტეჯებშიც უდგათ კომპიუტერები. უფრო იმათ აქვთ, ვინც აქაურია, მაგრამ აქ არ ცხოვრობს“, - ამბობს მესტიელი მეწარმე ანა ჩართოლანი.

კრიპტოვალუტის მწარმოებლებისთვის მიმზიდველი გარემოება ის აღმოჩნდა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ედუარდ შევარდნაძის განკარგულების თანახმად, სვანეთში მოსახლეობისთვის დენი უფასოა, ელექტროენერგიის გადასახადს მხოლოდ მეწარმეები იხდიან.

არალეგალი მაინერები ადგილობრივი მოსახლეობის თავსატეხი გახდა. ელექტროენერგიის მზარდ მოხმარებას ძველი ელეტროგადამცემი სისტემა ვეღარ უძლებს და, ადგილობრივების თქმით, „ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“. მოსახლეობამ დახმარება მთავრობას სთხოვა. ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას გამრიცხველიანებაში ხედავს.

„საბოლოო ჯამში, ყველამ [მოსახლეობამაც] უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური“, - უთხრა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ამ თემაზე საუბრისას.

სვანეთში ფიქრობენ, რომ ეს კუთხე მოსახლეობისგან სწორედ უფასო ელექტროენერგიის გამო არ დაიცალა და თუ ხელისუფლება ფულის გადახდას მოითხოვს, ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ, რაც გამოიწვევს მთის დაცარიელების შეუქცევად პროცესს.

გაყინული და გაქცეული ტურისტები

შედეგად, უშუქოდ და გათბობის გარეშე დარჩენილი სვანეთიდან ბევრი ტურისტი „გაიქცა“, ბევრმა კი წინასწარ გააუქმა ჯავშანი.

„მე რომ სასტუმროში 12 ოთახი მაქვს და გარეთ ­18 გრადუსი ყინვაა, რომელი ტურისტი გაუძლებს?! მით უფრო, რომ არანაირი ალტერნატივა არა მაქვს. გაზი არ არის და სასტუმროსთვის საკმარისი შეშა რომ მოვიტანო ტყიდან, უეჭველად დამაჯარიმებენ. მაშინ რა ვქნა? უნდა დავხურო სასტუმრო და წავიდე“, - ამბობს ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე, ნათია ქურდიანი.

დამწვარი სახლები

მესტიელი მეწარმეები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ზემო სვანეთში ოჯახი არ დარჩა, რომელსაც ცვლადი დენის გამო რამე არ ჰქონდეს გადამწვარი - იქნება ეს აპარატურა, მაცივარი, ტელევიზორი თუ სარეცხის მანქანა, ხანდახან კი - საცხოვრებელი სახლიც.

„ორი წლის წინ სახლი გადამებუგა. ტელევიზორი შტეფსელიდან არ იყო გამორთული და ცეცხლი გაჩნდა. ყოველ წელს 4-5 სახლი მაინც იწვება სვანეთში“, - ამბობს მესტიის მკვიდრი ზურაბ ჯაფარიძე.

„300 ლარს ვიხდი ერთ ფენში და უკვე მესამედ გამოვცვალე“, - წუხს ანი ჩართოლანი, სილამაზის სალონის მეპატრონე.

სვანეთში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა საბჭოთა კავშირისდროინდელია. ბოძები გადაყირავებულია, კაბელები - ჩამოწყვეტილი, მაგრამ როცა საქმე გამოცვლაზე მიდგა, ხელისუფლება ისევ გამრიცხველიანების იდეას დაუბრუნდა.

„ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ და ნიშნისმოგებით გვითხრეს, გადაიხადეთ და გექნებათო“, - ჰყვება ანა ჩართოლანი.

„ერთი დღე მთლიანად გათიშული იყო, ალტერნატიული ხაზი არ ჩაართვევინეს. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, სირცხვილი გვანახვეს ტურისტებთან, აბა, როგორია უდენოდ ყოფნაო. როცა იცი, რომ მზარდია ტურიზმი, პირიქით, მეტი ტრანსფორმატორი უნდა დააყენო“, - ამბობს ნათია ქურდიანი.

„სემეკი“ აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის გადახდას ჯერჯერობით არ მოსთხოვენ. ამ ეტაპზე მთავარი მაინინგის უკანონოდ მიერთებული საწარმოების ჩახსნაა.

„ვინც უკანონოდ არის მიერთებული, მათ შორის, მაინინგი, უნდა ჩაიხსნას ქსელიდან. მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული ზომები უნდა გატარდეს... თუ მაინინგი გადაიხდის ჩვენ მიერ დადგენილ საფასურსა და ელექტროენერგიის ტარიფს, მათ შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება“, - ამბობს „სემეკის“ ხელმძღვანელი დავით ნარმანია.

დავით ნარმანიას თქმით, ხელისუფლება მოწყვლადი მომხმარებლებისთვის დახმარების მეთოდოლოგიაზე მუშაობს. სანამ სვანეთში სისტემა არ გაიმართება და „ენერგო-პრო“ არ შეაფასებს, რა დატვირთვა აქვს ელექტროქსელებს მაინინგის გარეშე, მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას არავინ მოსთხოვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG