Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხორავას ქუჩის საქმე“: იყო თუ არა სისხლიანი მიხეილ კალანდია?


დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის დაპატიმრებული მიხეილ კალანდია, 11-წლიანი სასჯელის მიუხედავად, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმემ ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. მრავალ სადავო საკითხს შორის კვლავაც რჩება შეკითხვა - იყო თუ არა მიხეილ კალანდია სისხლიანი 2017 წლის 1 დეკემბერს - როცა ხორავას ქუჩაზე მომხდარმა დაპირისპირებამ ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა. ფარულ საგამოძიებო ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს იმას, რაც მან შემდეგ უარყო. ჩანაწერი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, სხვა მიზეზის გამოც გახდა სადავო.

მიხეილ კალანდია არ იყო სისხლიანი, სხვები იყვნენ, - ამბობს ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე 2017 წლის 2 დეკემბერს, გვიან ღამით ჩაწერილ ფარულ საგამოძიებო ვიდეოში. ის გამომძიებელ ჟამერაშვილის შეკითხვებს პასუხობს და თანატოლებსაც ასახელებს.

გუგა ბარბაქაძე მიხეილ კალანდიას შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, ეს ვიდეოჩანაწერი მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამაც გაასაჯაროვა და ეს მოხდა მას მერე, რაც მომხდარიდან 2 წლის შემდეგ, გუგა ბარბაქაძის მონათხრობის შინაარსი შეიცვალა.

„მან თავდაპირველი ჩვენებისგან რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მოგვცა 2020 წლის 21 იანვარს, როდესაც კალანდიას პროცესზე მე ის დახურულ სხდომაზე დავკითხე...

მან იმ დღეს განაცხადა, რომ დაინახა - თუ როგორ ეჭირა კალანდიას მჭრელი ბასრი საგანი და ორივე ხელი ჰქონდა სისხლიანი... ვკითხე მე მას - რატომ აქამდე არ გითქვამთ - თუკი კალანდიას ხელში ბასრი საგანი ეჭირა-მეთქი და მიპასუხა - აქამდე არავის უკითხავსო... ბარბაქაძეს მანამდე არც სისხლზე უთქვამს რაიმე - სისხლიც პირველად 21 იანვარს ახსენა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი თოდუა.

არის თუ არა ადვოკატი თოდუა დარწმუნებული იმაში, რომ ბარბაქაძემ ტყუილი თქვა 2020 წლის იანვარში და არა 2017 წლის დეკემბერში, როცა ის გამომძიებელს ესაუბრებოდა? ხომ არ დააფარა იმ დღეს ბარბაქაძემ კალანდიას ხელი, რადგან ხორავას ქუჩის თაღიან ეზოში ის სწორედ კალანდიას მხარდამჭერის სტატუსით იმყოფებოდა?

ადვოკატი თოდუა ასე გვპასუხობს:

„ბარბაქაძე შემთხვევის ადგილას მიიყვანა არა კალანდიამ, არამედ - გიორგი ჯანაშიამ (დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა)... ჯანაშიას ახლო მეგობარი იყო ის და ასევე გიორგი მენაბდის (დეკანოზ შიო მენაბდის შვილის) კლასელია... ბარბაქაძე არ იყო მიხეილ კალანდიას მეგობარი და მას ასეთი სიმპატიები არ უნდა ჰქონოდა კალანდიასთან მიმართებით“.

ბარბაქაძე რომ თავდაპირველად სიმართლეს ამბობდა და შემდეგ ტყუილს, ზურაბ თოდუას თქმით, შემდგომმა პროცესებმაც დაადასტურა.

კიდევ ვინ დაინახა სისხლიანი?

ზურაბ თოდუას თანახმად, მიხეილ კალანდიას განაჩენი (პატიმრობა 11 წელი და 3 თვე) ემყარება მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას. ესენი არიან გუგა ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია.

  • „თუკი ბარბაქაძე ამბობს, კალანდიას ხელში ბასრი, მჭრელი საგანი ეჭირა და ორივე ხელი ჰქონდა სისხლიანი; იანვარში, როცა პროცესზე დავკითხე, ჯანაშიამ თქვა, რომ კალანდიას ხელში ეჭირა დანის მაგვარი საგანი და ცალი ხელი ჰქონდა სისხლიანი“;
  • „უამრავი მოწმიდან სისხლიანი კალანდია სხვას არავის დაუნახავს. რატომ? გიორგი ჯანაშიას ვერსიით, კალანდია წავიდა წყლის საყიდლად მაღაზიაში და ხელი იქ დაიბანა - თუმცა ეს ვერსია გამოირიცხება მოწმე ტაბახმელაშვილის ჩვენებით“;
  • „სწორედ მოწმე ტაბახმელაშვილი გაჰყვა კალანდიას წყლის საყიდლად და ის უარყოფს ხელის დაბანის ფაქტსა და საერთოდ ასეთი შესაძლებლობის არსებობას მაღაზიაში“.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ მიხეილ კალანდია პოლიტიკურ ინტერესებსა და ქვეყანაში მორიგი მღელვარების თავიდან აშორებას შეეწირა. იმავე აზრზე რჩება ადვოკატი თოდუაც. მისთვის ამას სასამართლოს განაჩენის არასათანადო დასაბუთებაც მოწმობს.

„სასამართლომ განაჩენის დასაბუთების მასალებში პირდაპირ გაიმეორა ჯანაშიასა და ბარბაქაძის ჩვენებები... არადა, საჭირო იყო სხვა ჩვენების გაანალიზება. შესაბამისობაში უნდა მოეყვანა და ეფიქრა იმაზე - რით არის ასეთი ცდომილება გამოწვეული?! საჭიროა ასევე მსჯელობა მოწმის ჩვენებების სანდოობის ხარისხზე - ადრე სხვას ამბობდა, ახლა - სხვას... რამდენად სანდოა ან რომელია სანდო - ხომ უნდა ამას მსჯელობა?!“ - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

დაცვის მხარის მტკიცებით:

  • ხორავას ქუჩის თაღიანი ეზოს ფარდულში დავით სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა გიორგი მენაბდე (დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი) და სწორედ მარჯვენა მხარეს არის მიყენებული სასიკვდილო (მე-11) ჭრილობა (საზარდულთან არტერიაა გადაჭრილი) - „იმ ჭრილობის მიყენება მხოლოდ იმ პოზიციიდან იყო შესაძლებელი, სადაც მენაბდე იდგა“;
  • მიხეილ კალანდია იმ დროს დავით სარალიძის ზურგს უკან მარცხენა მხრიდან იდგა და ვერაფრით შეძლებდა, რომ მარჯვენა მხარეს დაერტყა დანა - „ელემენტარულად ვერ მისწვდებოდა“.

პროკურატურა და სასამართლო კი დარწმუნებული არიან, რომ ჭრილობა დავით სარალიძეს სწორედ მიხეილ კალანდიამ მიაყენა. თუმცა რომელი დანითა და რომელი ჭრილობა, ეს ისევ ბუნდოვანია.

საპროცესო შეთანხმების გამო?

ადვოკატი თოდუა ფიქრობს, რომ გუგა ბარბაქაძემ ჩვენება საპროცესო შეთანხმების მოლოდინში შეცვალა, თუმცა, საბოლოოდ, ლევან დადუნაშვილის ოჯახის მტკიცე და პრინციპული პოზიციის გამო, ეს შეთანხმება ვერ შედგა. ხოლო გიორგი ჯანაშიას შემთხვევაში, კალანდიას დადანაშაულების შემდეგ, საქმე ბოლომდე მივიდა და შეთანხმებაც შედგა.

  • 2020 წლის 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება გაუფორმდა გიორგი ჯანაშიას (რომელსაც 11 წელი და 3 თვე ჰქონდა მისჯილი). უზენაესმა სასამართლომ მას სასჯელი შეუმცირა და საპატიმროს მსჯავრდებული 2021 წელს დატოვებს. პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა, რომ ჯანაშიამ მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
  • 2020 წლის 28 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საპატიმრო განაჩენი - 11 წლითა და 3 თვით. მას არ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

რადიო თავისუფლება გუგა ბარბაქაძის ადვოკატს დაუკავშირდა. რამაზ ჩინჩალაძე კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს მიხეილ კალანდიას დადანაშაულებასა და საპროცესო შეთანხმების მოლოდინს შორის.​

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არანაირი ლაპარაკი არ იყო, კალანდიას მიმართ არანაირ ინფორმაციაზე არ იყო საუბარი... ვინაიდან - რაც იცოდა აწ უკვე მსჯავრდებულმა (ბარბაქაძემ), ის უკვე ნათქვამი ჰქონდა და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არავითარი მსგავსი არ ყოფილა - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ჩინჩალაძე გუგა ბარბაქაძის დაცვას სააპელაციო სასამართლოს ეტაპიდან შეუდგა, ხოლო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ბარბაქაძის დაკითხვა აღარ მომხდარა, ადვოკატი დარწმუნებით გვეუბნება, რომ ბარბაქაძეს ჩვენებები არ შეუცვლია.

ჩვენ მას ფარული საგამოძიებო ვიდეოჩანაწერის შინაარსის შეფასებაც ვთხოვეთ.

„ეს არის ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თავიდან შესაძლოა ვიღაცა ვიღაცას აფარებდა ხელს და მათ შორის ის ბავშვები, რომლებიც მონაწილეობდნენ კონფლიქტში... თუმცა უკვე პირველივე ჩვენებაში, სასამართლოში და ამავდროულად გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებში მან თქვა - მის ჩვენებებში არცერთ ეტაპზე არ იყო წინააღმდეგობა...

მე როგორც ვიცი, ის ამბობდა, რომ კალანდიას სახელოში ჰქონდა დამალული წვეტიანი საგანი და იყენებდა კონკრეტული პირის წინააღმდეგ... არ ვიყავი მისი ადვოკატი პირველ ინსტანციაში, მაგრამ მე ასეთი ჩვენება მახსოვს.. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ჩვენებების მიცემა აღარ მომხდარა“, - გვითხრა ჩინჩალაძემ.

ვიდეო ფეისბუკში - რა დაადგინა სახელმწიფო ინსპექტორმა?

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მიხეილ კალანდიას თბილისის საქალაქო სასამართლო ხანგრძლივ საპატიმრო განაჩენს გამოუტანდა, ფარული საგამოძიებო ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნეს დაკავებულის ბიძამ - დიმიტრი კაკუბავამ და დაკავებულის ძმამ - ლუკა კალანდიამ.

ეს 11 და 12 თებერვალს მოხდა და, რადიო თავისუფლების ინფორმაციით - მოხდა იმის საჩვენებლად, რომ მსჯავრდებული ბარბაქაძე კალანდიასთან დაკავშირებით თავდაპირველად სულ სხვა ჩვენებას იძლეოდა.

ფეისბუკში განთავსებული ვიდეოჩანაწერების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მას შემდეგ, რაც მას 12 თებერვალს მიმართა მოქალაქემ მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის სახელით.

უწყება პროცესის ყველა მონაწილე პირს დაუკავშირდა. დადგინდა, რომ ლუკა კალანდიამ ვიდეომასალა ბიძის ფეისბუკგვერდიდან გააზიარა, თუმცა გაურკვევლად დარჩა - თუ საიდან მოიპოვა ის დიმიტრი კაკუბავამ, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

თუკი პროკურატურის იმ განმარტებებს დავეყრდნობით, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაშია ასახული, ვიდეომასალა გასაიდუმლოებული არ არის.

პროკურორის განმარტებით:

  • ეს ვიდეოჩანაწერი დევს სისხლის სამართლის მასალებში და განსაიდუმლოებულია პროკურორის 2017 წლის 3 დეკემბრის ბრძანებით;
  • საქმის მასალების გამჟღავნების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც არ მომხდარა დაცვის მხარის გაფრთხილება გაუმჟღავნებლობის შესახებ;
  • ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა მოხდა მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვისას - ღია სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატ თოდუას იმედი აქვს, რომ შეცვლილი და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისი სტრატეგიის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი იქნება სააპელაციო სასამართლოში. პირველი პროცესი 25 მაისს შედგა, მაგრამ სხდომა გადაიდო - რადგან ადვოკატმა უარი განაცხადა ვირტუალურ განხილვებზე.

„როგორ მივაწოდო ასე სასამართლოს ახალი მტკიცებულებები და ზღვა მასალა? როგორ მივაწოდო და ვაყურებინო ვიდეოები? თუ კორონას გამო სასწაული არ მოხდება, სხდომა 2020 წლის 1 ივნისს, 14 საათზე, სხდომათა დარბაზში გაიმართება და მოიყვანენ მსჯავრდებულსაც“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG