Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარი კორონავირუსის წინააღმდეგ


მილანი, იტალია
მილანი, იტალია

სამხედროფორმიანი ადამიანები, რომელთა მისიაც საგარეო საფრთხისგან ქვეყნის დაცვაა, ამჟამად მორიგეობენ სპეციალურ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, პატრულირებენ ქუჩებში, აცილებენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, ურიგებენ წყალსა და საკვებს სოციალურად ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და, უამრავ შემთხვევაში, მაგალითად, როგორც ეს ესპანეთში მოხდა, სიკვდილისგანაც კი ახერხებენ გადაარჩინონ მოხუცთა თავშესაფრებში უპატრონოდ მიტოვებული მოხუცები.

ესპანეთი: „განგაშის მდგომარეობა“ მეორედ, ფრანკოს რეჟიმის შემდეგ

ერთდროულად, შემზარავი და ამაღელვებელი იყო ესპანეთიდან 20 მარტს ჟურნალისტებისა და უბრალო მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეო- და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იპოვეს ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში დეზინფექციის ჩატარებისას ესპანელმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი მომსახურე პერსონალის მიერ უპატრონოდ მიტოვებული ლამის ცოცხალმკვდარი მოხუცები და საკუთარ საწოლში გარდაცვლილთა ცხედრები.

ესპანეთში, რომელიც დაავადებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, საგანგებო მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 13 მარტს გამოაცხადა და მას შემდეგ ესპანელი სამხედროები ხელისუფლებამ სხვადასხვა ქალაქში გადაისროლა, შენობების დეზინფექციის ჩასატარებლად.

ესპანეთის არმიის წარმომადგენლები
ესპანეთის არმიის წარმომადგენლები

1975 წლის შემდეგ, რაც ესპანეთში დასრულდა დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს რეჟიმი, დემოკრატიულმა ესპანეთის ხელისუფლებამ სულ ორჯერ გამოაცხადა „განგაში“. პირველად ეს მოხდა 2010 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ ჯარები გაგზავნა ავიადისპეტჩერების გაფიცვის ჩასახშობად.

ამჟამინდელი „განგაშის მდგომარეობა“ კი იმით განსხვავდება, რომ ესპანეთი ებრძვის კორნავირუსის პანდემიას, ხოლო მისი არმია ამ ბრძოლის ხაზზეა, ექიმებსა და პოლიციელებთან ერთად.

მოხუცთა თავშესაფრის მიტოვების ფაქტზე ესპანეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ქვეყნის არმია კვლავ რჩება „განგაშის მდგომარეობაში“, რადგან კვლავინდებურად ძალზე საგანგაშოა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები ესპანეთში, სადაც ეპიდემიამ უკვე 15 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

იტალია: „სანიტარიული ფრონტის“ ხაზი, ცხედრების ტრანსპორტირება და გენშტაბის ინფიცირებული უფროსი

დიდი და მძიმე სამუშაოების შესრულება უხდებათ სამხედროებს იტალიაში, სადაც კორონავირუსს 17 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე რთული მდგომარეობაა ლომბარდიაში, რომლის გუბერნატორმა, ატილიო ფონტანამ, ქვეყნის ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ 20 მარტს მოითხოვა სამხედრო ძალის გაგზავნა მილანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში პატრულირებისათვის.

„ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა... ლომბარდიის მიწაზე განლაგდება 114 ჯარისკაცი. ძალიან ცოტაა, მაგრამ ესეც კარგია“, - განაცხადა ატილიო ფონტანამ მაშინ პრესკონფერენციაზე.

სამხედროები პატრულირებენ ასევე სამხრეთ კაპმანიაში, პულიაში, სიცილიასა და იტალიის სხვა რეგიონებში, სადაც ჯარისკაცები მორიგეობის გარდა სამოქალაქო ხელისუფლებას სანიტარიული სამუშაოების ჩატარებაშიც ეხმარებიან.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, ლორენცო გუერინიმ, განაცხადა, რომ, მთლიანობაში, 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი ასრულებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათთვის დაკისრებულ მოვალეობას, როგორც მინისტრმა უწოდა, „სანიტარიული ფრონტის“ ხაზზე.

კორონავირუსით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის გამო, იტალიაში სამხედროებს მოუხდათ კიდევ ერთი საგანგებო დავალების შესრულება - გარდაცვლილთა ცხედრების ტრანსპორტირება. როგორც ადგილობრივი იტალიური მედია წერდა, ქალაქ ბერგამოს კრემატორიუმი ისე გადაივსო კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებით, რომ ვერ აუდიოდა მათ კრემაციას, რის გამოც საჭირო გახდა სხვა კრემატორიუმებში მიცვალებულთა გადასვენება.

პოპულარული იტალიური გაზეთის „Corriere della Sera“-ს თანახმად, ეს შემთხვევა 18 მარტს მოხდა: 18-მა სამხედრო მანქანამ 60 კუბო გადაასვენა მოდენაში, პარმასა და პიაჩენცაში.

იტალიაში საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ქვეყნის არმიისთვის დაკისრებულ სანიტარიულ, ლოგისტიკურ, საკომენდანტო თუ სხვა სამუშაოების შესრულებას კარანტინიდან ადევნებდა თვალს იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი სალვატორე ფარინა. იგი ამ რანგის პირველი სამხედრო მაღალჩინოსანი აღმოჩნდა, რომელიც კორონავირუსით ჯერ კიდევ 8 მარტს დაავადდა.

გენერალმა სალვატორე ფარინამ, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ჯერ მკურნალობას გადიოდა, ხოლო შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, 6 აპრილს განაცხადა, რომ საბოლოოდ განიკურნა კორონავირუსისგან და სრულად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას.

აშშ: კორონავირუსი არავის ინდობს, ჯარში ის თანამდებობებსაც იწირავს

კორონავირუსმა არ დაინდო არც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანი ატომური ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კუნძულ გუამის პორტში მყოფი 4 000-კაციანი ავიამზიდის 230 მეზღვაურს COVID-19 უკვე დაუდასტურდა. ინფიცირებული აღმოჩნდა ყოფილი კაპიტანი ბრეტ კროზიეც, რომელმაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეატყობინა ავიამზიდზე კორონავირუსის აფეთქება და მეზღვაურების ევაკუაცია მოითხოვა.

ზემდგომი პირისადმი მიმართვაში კროზიე წერდა, რომ მეზღვაურები ომში არ არიან და არ უნდა იღუპებოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ წერილის შინაარსი მედიით გავრცელდა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თომას მოდლიმ, კაპიტანი ბრეტ კროზიე თანამდებობიდან დაითხოვა.

თომას მოდლის აზრით, კაპიტანმა ვერ მოახერხა, წერილის შინაარსს არ გაეჟონა, არასაჭირო პანიკა შექმნა და კრიზისის დროს სიტუაციის შეფასების ცუდი უნარი გამოავლინა.

აშშ-ის ჯარისკაცები ნიუ-იორკში
აშშ-ის ჯარისკაცები ნიუ-იორკში

აშშ-ის თავდაცის მინისტრმა, მარკ ესპერმა, თავდაპირველად გაიზიარა სამხედრო მაღალჩინოსნის ეს აზრი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კაპიტან ბრეტ კროზიეს გამოესარჩლნენ ამერიკელი კონგრესმენები და ყოფილი სამხედროები, თომას მოდლიმ თანამდებობა დატოვა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა, მის ნაცვლად დანიშნულ ჯეიმს მაკფერსონსა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებს პრიორიტეტებად განუსაზღვრა ეკიპაჟის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ღია ზღვაში გემის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება.

რუმინეთი: არმია „პარალიზებული“ უწყებების დასახმარებლად

რუმინეთში ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, ჯერ კიდევ 24 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიყენებდა სამხედრო ძალებს კორონავირუსის პანდემიის შეჩერებისათვის გამოცხადებული „საყოველთაო კარანტინის“ განსახორციელებლად.

ასეთი „მილიტარისტული ნაბიჯის“ გადადგმა რუმინეთის ხელისუფლებას მოუხდა მას შემდეგ, რაც, 16 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ხალხი კვლავაც უგულებელყოფდა ხელისუფლებისგან მიღებულ შინ დარჩენის რეკომენდაციას.

მალე, რუმინეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის არმიამ კომენდანტის საათის შესრულება დაიწყო პატარა რეგიონ სუჩავაში, რომელსაც რუმინეთის „ლომბარდიას“ უწოდებენ, როგორც კორონავირუსის ეპიცენტრს.

სუჩავას მხარეში 600,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რაც რუმინეთის მთელი მოსახლეობის, 19 მილიონამდე ადამიანის, დაახლოებით, 3 პროცენტს შეადგენს.

რუმინეთი, ბუქარესტი
რუმინეთი, ბუქარესტი

მაგრამ, 31 მარტის მონაცემებით, ამ რეგიონზე მოდიოდა რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 2,200-მდე ადამიანის 25 პროცენტზე მეტი. ამავე რეგიონზე მოდის რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 78 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო როდენობის დაახლოებით მესამედი.

სუჩავა რუმინეთის პირველი ქალაქია, სადაც აპრილის შუა რიცხვებამდე მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და იქ მხოლოდ სატვირთო მანქანებს უშვებენ აუცილებელი პროდუქტებით. შესაბამისი სამხედრო დეკრეტის საფუძველზე საგანგებო სიტუაციას პოლიციასთან ერთად ფხიზლად აკონტროლებს სამხედრო პატრულიც.

4 აპრილს რუმინეთის ხელისუფლებამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა პატარა ქალაქ ცენდერეიში, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან 120 კილომეტრით დაშორებულ იალომიცის რეგიონში მდებარეობს.

ცენდერეიში ბოლო ხანებში მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა უცხოეთიდან სააღდგომო დღესასწაულებისთვის დაბრუნებული რუმინელების გამო, რომლებიც არ იცავენ აუცილებელი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს.

რუმინეთი, ბუქარესტი
რუმინეთი, ბუქარესტი

6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუმინეთი კიდევ ერთი თვით აპირებს შეინარჩუნოს 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ვადა მომავალ კვირაში იწურება. „ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ასეთი ზომების გარეშე ვერ შევაჩერებთ ამ ვირუსს“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

თუ პრეზიდენტის ინიციატივას მხარს პარლამენტიც დაუჭერს, მაშინ საგანგებო მდგომარეობა რუმინეთში მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამდენივე ხნით დარჩებიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წესრიგის დასაცავად მობილიზებული სამხედრო დანაყოფებიც.

„არსებობენ პარალიზებული სახელმწიფოებრივი უწყებები და ინსტიტუტები, რომლებიც ვერ ასრულებენ მოსახლეობის მიმართ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამ უწყებების პარალიზების გამო საჭირო გახდა არმიის ქუჩაში გამოყვანა“, - განაცხადა რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, მონიკა მაკოვეიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

სერბეთი: სამხედრო საკარანტინო ქალაქი მოროვიცაში

სამხედროებს საკუთარი წილი მისია აკისრიათ კორონავირუსის ეპიდემიის გამო სერბეთში შემოღებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მკაცრი ზომების გასატარებლად და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

სერბეთში მთავრობამ 16 მარტს დააწესა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმად, 17 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. მის დამრღვევებს ემუქრებათ სასჯელი 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით.

კიდევ უფრო შეზღუდულია გარეთ გასვლა სერბეთში შაბათ-კვირას, როცა კომენდანტის საათი შაბათს 13 საათიდან იწყება და ორშაბათის დილის 5 საათამდე მოქმედებს.

კომენდანტის საათის მოქმედების დროს ბელგრადსა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში ჯარისკაცები პატრულირებენ.

გარდა ამისა, სერბეთის არმიას დაეკისრა, მოეწყო და ლოგისტიკურად უზრუნველეყო სამი დიდი ე.წ. საკარანტინო საველე ქალაქი, რომლებშიც რამდენიმე ასეული კარავია აღმართული სავალდებულო თვითიზოლაციაში განსაწესებელი ადამიანების დასაბინავებლად. სამი ასეთი საკარანტინო ქალაქი მდებარეობს სერბიის ავტონომიურ ოლქ ვოევოდინაში, რომელიც ოთხ ქვეყანას - უნგრეთს, ხორვატიას, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და რუმინეთს - ესაზღვრება.

19 მარტს სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა, განაცხადა, რომ მოროვიცში მდებარე საკარანტინო ქალაქი მზად არის იმ ადამიანების დასაბინავებლად, რომლებსაც 28-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დაეკისრებათ. მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ საკარანტინო ბანაკი განკუთვნილია უცხოეთის ე.წ. ცხელი წერტილებიდან დაბრუნებული სერბი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც არა აქვთ რეგისტრირებული მისამართები თავიანთ ქვეყანაში.

სერბეთი
სერბეთი

საკარანტინო ქალაქი მზად არის 500 ადამიანის დასაბინავებლად. პრევენციის მიზნით ადგილზევეა უზრუნველყოფილი ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, შესაბამისი ტესტირება.

„ამგვარად, ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას ისარგებლოს ჯანდაცვის მომსახურებით, მაგრამ ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ სერბეთის დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა მოროვიცში.

ბოლო მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაავადდა 2 400-ზე მეტი ადამიანი, 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამ სტატისტიკაში ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ სერბეთში ჯერ არ არის დაფიქსირებული განკურნების არც ერთი შემთხვევა.

საქართველო: ჯარის „ახალი მისია“

კორონავირუსის წინააღმდეგ სამხედრო ძალების ამა თუ იმ სეგმენტს სხვა ქვეყნებიც იყენებენ, მათ შორის საქართველოც, სადაც 31 მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ, „ახალ მისიას“ ასრულებს საქართველოს არმიაც.

საკონტროლო პუნქტი მარნეულში
საკონტროლო პუნქტი მარნეულში

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთი და დასავლეთი სარდლობები. ლაპარაკია ძირითადად საკონტროლო პუნქტების ორგანიზებაზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით.

„ესაა შსს-ს მხარდაჭერა, საგუშაგოებზე სამედიცინო პუნქტების მოწყობა, მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადეზინფექციო დამუშავება სპეციალური ხსნარებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორივე სარდლობაში შექმნილია საგანგებო მართვის ცენტრები, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს დაგეგმვისა და მოქმედებების შეჯამების პროცესი“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნიკა მოლოდინაშვილმა.

სამხედრო უწყებაში აცხადებენ ასევე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო დაკისრებული ამოცანების შესრულებაში თავდაცვით ძალებს ძალიან წაადგა კრიზისულ ვითარებაში მოქმედების კუთხით ნატოს სტანდარტების სპეციალური მომზადება და სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გამოცდილება.

ნატო: უფრო მეტი დახმარება

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა ავღანეთში მყოფ 4 ნატოელ ჯარისკაცს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“, ავღანეთში, ჩავიდნენ სამშვიდობო ამოცანის შესასრულებლად ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

ვირუსული ინფექციები, როგორც ცნობილია, სწრაფად ვრცელდება ყაზარმულ მდგომარეობაში მყოფ ჯარისკაცებში, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ არა მხოლოდ საველე ბანაკებსა თუ კაპიტალურ შენობებში, არამედ შორეული ნაოსნობის საბრძოლო ხომალდებზე - როგორც წყალს ზემოთ, ისე წყალქვეშ.

ამიტომ, როდესაც ავღანეთში ნატოს 4 ჯარისკაცს COVID-19 დაუდგინდა, კოალიციური ძალების სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კარანტინში მოეთავსებინა ავღანეთში ბოლო ხანს ჩასული 1500 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ბრიუსელში ვიზიტები, ჟურნალისტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები გაუქმებულია; თუმცა ნატომ არ გადადო მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ორდღიანი ვიზიტი და ერთობლივი მანევრები შავი ზღვის ფოთის აკვატორიაში.

ბულგარეთის, თურქეთის, იტალიის, კანადისა და რუმინეთის სამხედრო გემები, იტალიელ კონტრადმირალ პაოლო ფანტონის მეთაურობით, 8 აპრილს ფოთში შევიდა.

„მსგავსი სწავლების ჩატარებისა და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი მჭიდრო მოქმედების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ძალებს შორის ოპერატიულ თავსებადობას, რასაც მომავალში შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს საზღვაო სფეროში თანამშრომლობას“, - ნათქვამია იტალიელ კონტრადმირალ პაოლო ფანტონის კომენტარში, რომელიც ნატოს საიტზე გამოქვეყნდა.

NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ, დატოვებენ. წვრთნებისას სამხედროებს შორის უშუალო კონტაქტი არ იქნება - პანდემიამ სწავლებაში კორექტივი მაინც შეიტანა, თუმცა ნატოს არმადის ნაწილის რამდენიმე დღით გამოჩენა საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე ძლიერი სიგნალია იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე მყოფმა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააუქმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Defender Europe 2020“.

3 აპრილს საქართველომ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საჭირო აღჭურვილობით დახმარების თხოვნით მიმართა ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC). EADRCC - ეს არის საგანგებო სიტუაციებზე ნატოს რეაგირების მთავარი სამოქალაქო მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მუდმივად და ამ მექანიზმის საშუალებით ხდება საჭიროებების მქონე ქვეყნებისა და დახმარების გამცემი ქვეყნების კოორდინაცია საგანგებო ვითარებების დროს ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG