Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაოიანი და გელა - ჩვენზე ნადირობა გამოაცხადეს


ჰაოიანი და გელა
ჰაოიანი და გელა

ჰაოიანი 21 წლისაა, რუსეთში ჩინეთიდან რუსული ენის სიყვარულმა ჩაიყვანა. ყაზანის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა გელა გაიცნო - რუსეთში მცხოვრები ქართველი ფარმაცევტი. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთად ცხოვრება და ტიკ-ტოკში ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყეს.

აუდიტორია დიდი იყო, კეთილგანწყობილი. მაგრამ მათი ექაუნთი „Китаеза и Груеза“ ჰომოფობებს მოხვდათ თვალში და წყვილს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ჰომოფობებმა პოლიციაშიც დარეკეს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები ბლოგერებს ურეკავენ, განყოფილებაში გამოცხადდით და ჯარიმა გადაიხადეთო. იურისტები, რომლებიც ახლა წყვილს ეხმარებიან, ჰყვებიან, რომ ერთი პოლიციელი გელას ყაზანის აფთიაქებშიც კი ეძებდა. წყვილი იძულებული გახდა, ყაზანიდან წავიდეს, რადგან თუ ჰაოიანი დააკავეს, შეიძლება ჩინეთში დააბრუნონ. ჰაოიანი და გელა რადიო თავისუფლებასს თავიანთ სიყვარულსა და ბრძოლაზე უყვებიან.

- ერთმანეთი როგორ იპოვეთ?

გელა: გაცნობის საიტზე, ის რუსეთში უკვე აღარ არის. მოსკოველს ვეძებდი, მაგრამ საიტმა რაღაც აურია და ჰაოიანის გვერდზე აღმოვჩნდი. გავოცდი, ისეთი ლამაზი იყო. გადავწყვიტე, ინსტაგრამზე მიმეწერა. სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით და ურთიერთობის გარდა არაფრის იმედი არ მქონდა. 2020 წლის 2 დეკემბერი იყო, ჰაოიანმა მალევე მიპასუხა. მას მერე დროდადრო ერთმანეთს შევეხმიანებოდით ხოლმე. რუსული აფორიზმებისა და სიტყვათშეთანხმებების მნიშვნელობაზე მეკითხებოდა. 2021 წლის 26 იანვარს უეცრად მომწერა, მოსკოვში მოვფრინავო. შეხვედრა და ქალაქში გასეირნება შევთავაზე. ჩვენი გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, მთელი დღე ერთმანეთს ვერ დავშორდით. 6 თებერვალს, როცა ჰაოიანი უნდა გამგზავრებულიყო, გადავწყვიტეთ სიშორის მიუხედავად ერთმანეთს შევხვედროდით ხოლმე. ორიოდე თვე ინტერნეტით ვურთიერთობდით, მაგრამ მერე ვერ გავძელი და ყაზანის ბილეთი ვიყიდე. შემდეგ ჰაოიანი ისევ ჩამოვიდა მოსკოვში. აი, ამ დროს შეიცვალა ყველაფერი.

ჩემი ბიძაშვილი გოგო მუდმივად მითვალთვალებდა. მის გამო ნათესავებთან ვჩხუბობდი, მიზეზი ჩემი გატაცებები იყო: ანიმე, K-pop-ის სტილის მუსიკა ტიკ-ტოკში. მან შეამჩნია ჩემი და ჰაოიანის ვიდეო და მთელ ნათესაობას გადაუგზავნა. აუთინგი გამიკეთა. ჩემს ქართულ, მართლმადიდებელ ოჯახში ჩემი ორიენტაციის შესახებ არავინ იცოდა. მშობლებმა მომწერეს, საღამოს შენთან სალაპარაკო გვაქვსო. არ მივედი. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ნივთების წამოსაღებად რომ შევიარე, მშობლები საათების განმავლობაში მიყვიროდნენ, თავიანთ ჰომოფობიურ პოზიციაზე იდგნენ. ნათესავებმა მომთხოვეს, გვარი შემეცვალა და ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

ყაზანში წავედი, ბინა ვიქირავეთ, აფთიაქში მუშაობა დავიწყე. ბედნიერად ვცხოვრობდით, ყოველი დღე გვიხაროდა. ჰომოფობიის გამო, რუსეთში გეებისთვის არც თუ იოლია მუდმივი პარტნიორი და სერიოზული ურთიერთობები იპოვონ.

- ჰაოიან, რუსეთში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

ჰაოიანი: რუსულს სკოლაში გვასწავლიდნენ. ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტე მისი სწავლა გამეგრძელებინა. ასე აღმოვჩნდი ყაზანის უნივერსიტეტში. ბოლო დრომდე ყველაფერი კარგად იყო: ჩემმა ჯგუფელებმა, ჩინელებმა ჩემი ორიენტაციის შესახებ იცოდნენ და ნორმალურად მექცეოდნენ. ჩინელები დიდ ქალაქებში ცხოვრობენ და ტოლერანტულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჰომოფობია. ჩვენთან ქალაქში ბიჭები ხელჩაკიდებულები სეირნობენ. ჩინეთში ბევრი ასეთი წყვილია. ხელისუფლებამ კაცებს, განსაკუთრებით ცნობად სახეებს, ურჩია, ქალურები არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ამ რჩევას ყურადღებას არავინ აქცევს. სიმართლე გითხრათ, რუსული ჰომოფობია ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო.

ჰაოიანი
ჰაოიანი

- კულტურული სხვაობის გამო გაგიჭირდათ?

ჰაოიანი: თავიდან რუსული ძალიან ცუდად ვიცოდი, თარჯიმნით ვურთიერთობდით.

გელა: რუსულად ვლაპარაკობდით, მაგრამ თუ ერთმანეთს ვერ ვაგებინებდით, ვთარგმნიდით ხოლმე. თავიდან რთული იყო, მაგრამ მერე ერთმანეთს მივეჩვიეთ და ერთმანეთს ჩვენი კულტურის თავისებურებებს ვუზიარებდით.

- რამ გაგაერთიანათ?

გელა: ერთმანეთი შეგვიყვარდა. მერე საერთო გატაცებები აღმოავაჩინეთ. ჰაოიანი ჩემსავით K-pop-ს უსმენს. ერთნაირი კერძები მოგვწონს. შემდეგ ტიკ-ტოკისთვის ვიდეოების გადაღება დავიწყეთ.

ჰაოიანი: რუსეთში არავისთან შეხვედრას არ ვაპირებდი, მაგრამ გელა ისეთი საყვარელი და კეთილი იყო, გული გამილღვა. რაღაცებს მჩუქნის ხოლმე, საჭმელსაც უფრო ხშირად ის აკეთებს. ჩემისთანა ზარმაცი არაა.

- ყაზანში ჰომოფობიისგან ხშირად იტანჯებოდით?

გელა: ინტერნეტში ჰომოფობების ყურადღებას ყოველთვის ვიქცევდით, მაგრამ არა ასე ხშირად. რეალურ ცხოვრებაში ისინი ნაკლებად გვხვდებოდნენ. რასისტები უფრო შეურაცხგვყოფდნენ, განსაკუთრებით ჰაოიანს. ეროვნების გამო ქუჩაში უყვიროდნენ ხოლმე. როდესაც ყაზანში აფთიაქში ვმუშაობდი, ზოგი კლიენტი ჩხუბისას ჰომოფობიურ გამოთქმებს იყენებდა. მიყვიროდნენ, წაეთრიე რუსეთიდანო. ერთი კლიენტი დამემუქრა, რომ მიჩივლებდა. როცა ვუთხარი, მეც შემიძლია გიჩივლო-მეთქი, მკითხა: „სად მიჩივლებ? განავლისა და კავკასიელის შეურაცხყოფის სამინისტროში?“ და ეს მაშინ, როცა მოსკოვში დავიბადე და აქ მუდმივი ჩაწერა მაქვს. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო. ჩემი ნერვები ყველა ქსონოფობს ვერ ეყოფა. მაგრამ მარტში ცნობილმა ჰომოფობმა თემურ ბულატოვმა ხალხი შემოგვისია. გვწერდნენ, რომ დაგვხოცავდნენ და დაგვასაჭურისებდნენ. 3 მარტს იმ უნივერსიტეტის ლექტორმა, რომელშიც ჰაოიანი სწავლობდა, თქვა, რომ პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, უცხოელი სტუდენტებიდან ვიღაცა „გეი კონტენტს“ იღებსო. ლექტორმა ჰაოიანს ურჩია, რუსეთის ღირებულებებისთვის პატივი ეცა, თუ არა და პოლიცია დასჯიდა.

4 მარტს უცხო ადამიანისგან შეტყობინება მომივიდა: „მე ყაზანის [პოლიციის] სისხლის სამართლის განყოფილებიდან ვარ, თქვენზე საჩივარია. მიპასუხეთ“. სოციალურ ქსელში ვიკითხე, რა ვქნა-მეთქი. მირჩიეს, არ მეპასუხა. დამიკავშირდნენ იურისტები უფლებადამცველი ორგანიზაციიდან „Дело ЛГБТ+“. მათაც დამარიგეს, მსგავსი გზავნილებისთვის ყურადღება არ მიმექცია.

გელა
გელა

მალე სოციალურ ქსელში, სადაც რუსეთში მცხოვრები ჩინელი სტუდენტები ერთმანეთს სწერენ, ამბავი ატყდა. ყველა ჰაოიანს ეძებდა. შემდეგ მას უცხო ჩინელმა მისწერა. ვიღაც გოგოს გზავნილი ჩაუგდო, ვითომ მისი თაყვანისმცემელი იყო. გოგო წერდა, პოლიციელებთან ვმეგობრობ, თუ შეხვდებით და ჯარიმას გადაიხდით, ჩვეულებრივ გააგრძელებთ ცხოვრებასო. ადვოკატებმა გვითხრეს, ეს გოგო თქვენი ხელმომწერი კი არ არის, ოპერიაო.

ბოლოს პოლიციელის ზარს ვუპასუხეთ. მანაც გვითხრა, თუ მოხვალთ და ჯარიმას გადაიხდით, მშვიდად იცხოვრებთო. შემდეგ მათთან უკვე ადვოკატებს ჰქონდათ ურთიერთობა. მათ უთხრეს, რომ ავად ვიყავით და მისვლას ამის გამო ვერ ვახერხებდით. ამის შემდეგ ოპერი ყველა აფთიაქში მეძებდა. აფთიაქარებს ჩემს ფოტოს აჩვენებდა. ერთი აფთიაქის მმართველმა კამერიდან ფოტოც კი გამომიგზავნა, მასზე ეს პოლიციელი იყო აღბეჭდილი. ძალიან უცნაურია, რომ პოლიციელები, იმის მაგივრად, რომ დამნაშავეებს დასდევდნენ, მე მეძებენ.

- ახლა რა ხდება? თავს როგორ გრძნობთ ამ სიტუაციაში?

გელა: ყაზანიდან წამოვედით. არც სამსახურში დავდივართ, არც - უნივერსიტეტში. უფლებადამცველებს ვხვდებით. ვფიქრობ, ბულატოვს იურიდიულად უნდა ვუპასუხოთ. ჰომოფობები არ გვეშვებიან. ირწმუნებიან, რომ ჩვენ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ პროპაგანდისთვის; რომ ფედერალები და პოლიციელები გვეძებენ... ჰომოფობები ამბობენ, რომ როგორც კი მოგვაგნებენ, ჰაოიანს ჩინეთში გაუკეთებენ დეპორტაციას, მე კი მშობლებთან გამიშვებენ აღსაზრდელად. მათთვის ჩვენი რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება. ისიც თქვეს, ამას წინათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლაპარაკობდნენ თქვენზეო. თავად პუტინი განიხილავდა თურმე გელას საქმეს, ხოლო სი ძინპინი მოსკოვში ჰაოიანის გამო ჩამოვიდა, სამშობლოში რომ წაიყვანოს.

- ემიგრაციაში წასვლა რატომ არ გინდათ?

გელა: ორი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. შეიძლება მე მომცენ თავშესაფარი სხვა ქვეყანაში, ჰაოიანი კი ჩინეთში დააბრუნონ. რა თქმა უნდა, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდა, წავალთ.

- რატომ მიიღეთ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება - მოჰყვეთ ერთსქესიანი წყვილის ამბავი ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიას აქეზებს?

გელა: მე თავიდანვე ვწერდი ვიდეობს ტიკ-ტოკისთვის. K-pop-სა და დორამებზე სახალისო ვიდეოებს ვაკეთებდი. მერე ჰაოიანთან ერთად ვიღებდი ვიდეოებს. ეს ჩვენს აუდიტორიას ძალიან მოეწონა. როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა ნათესავებთან დამაბეზღა, გადავწყვიტე, ტიკ-ტოკში ჩემი ორიენტაცია ღიად გამეცხადებინა. აუდიტორიამ მიმიღო, მხარი დამიჭირა, ახალი ხალხიც დაგვემატა. ხალხს მოსწონდა ის, რასაც ვაკეთებდით. ლგბტ პირები რუსეთში ბლომად არიან. ჩვენ ბედნიერების უფლება გვაქვს. შეუძლებელია ბედნიერი და თავისუფალი იყო, თუ კარადაში ხარ შეკუჭული. ჰომოფობია ყველგანაა, მაგრამ რუსეთში ჰომოფობებს ხელები აქვთ გახსნილი. ახლა მათ შეუძლიათ ბულატოვივით ყველას მოუწამლონ სიცოცხლე. თუ ლგბტ ბლოგერები გაჩუმდებიან, დანარჩენებსაც კარადაში მოუწევთ დამალვა. აი, მაშინ ჰომოფობები მართლაც გაიმარჯვებენ და რუსეთში ვეღარავინ იცხოვრებს ბედნიერად.

რადიო თავისუფლებას ასევე ესაუბრა „Дело ЛГБТ+“-ის იურისტი კონსტანტინ ბოიკოვი:

ჩვენი ინფორმაციით, ახლა პოლიცია გელასა და ჰაოიანზე ინფორმაციას აგროვებს. ცდილობენ, გაიგონ ვიდეოებს სად იღებდნენ. ახლა ჰომოფობებს ლგბტ თემის ყველა წარმომადგენელი მიზანში ჰყავთ ამოღებული. გელა და ჰაოიანი ჰომოფობებისგანაც იდევნებიან და პოლიციისგანაც, მათ ორივეს კი სახელმწიფო აქეზებს. თემურ ბულატოვი ტრაბახობს, რომ ბიჭებს მოსკოვშიც არ შეშვება. ამ სიტუაციას ფაშისტურ გერმანიაში რაც ხდებოდა იმას თუ შევადარებ, როდესაც გერმანელი ხალხის მტრად ლგბტ თემი გამოაცხადეს. ასე ძალიან იოლია ხალხის ყურადღება სხვა პრობლემებიდან ლგბტ თემზე გადაიტანო. სანამ რუსეთში ჰომოფობიურ კანონებს მიიღებდნენ, ხანდახან ლგბტ პირების წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ ხოლმე არასრულწლოვნებში ე.წ. „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის“ მუხლით. უკვე ამ წლიდან უფროსებში პროპაგანდისთვისაც ხსნიან საქმეს. ვიმედოვნებ, მომავალში, როცა ბნელი დრო გადაივლის, რუსეთის მოქალაქეებს ჰომოფობიისაც შერცხვებათ და ჰომოფობიური კანონებისაც.

XS
SM
MD
LG