Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დემენციაზე მძიმე კახექსიაა" - რა ითქვა სააკაშვილის საქმის მე-10 სხდომაზე


მიხეილ სააკაშვილის ჩართვა "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლოს სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი განიხილება. 1 თებერვალი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილის ჩართვა "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლოს სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი განიხილება. 1 თებერვალი, 2023 წელი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მორიგ სხდომაზე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები თენგიზ წულაძე, გრიგოლ ხურციძე, "ვივამედის" მედდა და "ემპათიის" ექსპერტი გალინა კარმუშინა გამოკითხეს. სხდომის დასაწყისში კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.

ნევროლოგი თენგიზ წულაძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრია. ექიმების ეს ჯგუფი ომბუდსმენმა ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამოცხადებიდან მალევე ჩამოაყალიბა.

თენგიზ წულაძემ და კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ბოლო დასკვნა 2022 წლის 6 დეკემბერს მოამზადეს. დღევანდელ სხდომაზე გამოკითხვისას მან სასამართლოს წინაშე ეს დასკვნა მოკლედ შეაჯამა:

"ბოლო შესვლისას ვნახეთ მისი საერთო სისუსტე, შევაფასეთ მისი გონების კარგვა, გულისრევა, მადის დაქვეითება, კუნთების მასის დაქვეითება, შევაფასეთ მენტალური სფერო... შევაფასეთ მისი წონა, რაც მაშინ 72,6 კგ იყო. ვერაფრით ავხსენით ძალიან სწრაფი წონაში კლება, ამიტომაც გამოვიტანეთ დიაგნოზი - კახექსია. ამას გარდა, აღსანიშნავი იყო ანემია, სისხლნაკლებობა, რაც ღრმავდებოდა, შეიძლება, ეს ანორექსიასთანაც იყოს დაკავშირებული... ცხელება, წონაში კლება, კუნთის მასის კლება, ჩავთვალეთ, რომ საკმარისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია კახექსიისთვის.

ასევე, ნევროლოგიურად იყო წონასწორობის კარგვა, ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითება კიდურებზე. ბოლო გასინჯვისას იყო წნევის კარგვა წამოდგომისას.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი ფსიქიატრთან ერთად დავსვი გორის ჰოსპიტალში. ამას ნაწილობრივ დაეთანხმნენ ჩვენი კოლეგები პენიტენციური სისტემიდან და მათ ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი გამოიტანეს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც დეპრესიით, ასევე შფოთვით, ანორექსიით".

ომბუდსმენის კონსილიუმის ბოლო დასკვნის კონფიდენციალურ ნაწილში დასმულია დიაგნოზი - დაუზუსტებელი დემენცია, რაზეც ნევროლოგმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი 6-7-ჯერ მოინახულა და ჩატარებული კვლევების შედეგად, დასვეს დემენციის წინასწარი [დაუზუსტებელი] დიაგნოზი.

"დემენციის საბოლოო დიაგნოზი პათოლოგიურ დასკვნას, ტვინის ბიოფსიას საჭიროებს, საქმე ის არის, რომ მნიშვნელოვანი კოგნიტური გაუარესებაა, ამიტომ დავუსვით არადიფერენციალური [დაუზუსტებელი] დემენციის დიაგნოზი", - თქვა თენგიზ წულაძემ.

ნევროლოგმა ასევე თქვა, რომ კახექსია ბოლომდე შიმშილით გამოწვეული არ არის და ამაზე მიუთითებს ანემიის გაუარესება და ცხელება.

"კლების ტემპმაც მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იგივე რაოდენობით საკვებს იღებს, რასაც მანამდე იღებდა, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ კახექსიასთან უნდა გვქონდეს საქმე. თუ კრიტერიუმებით მივუდგებით, კახექსიის მე-4 დონე გამოვიდა, რაც არის სერიოზული განაცხადი. [ამ დონეზე] სიმსივნეების შემთხვევაში, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელია. [სიმსივნეებზე] ამ დონეზე მედიალური დრო 4 თვეა, რაც ნიშნავს მაქსიმუმ 8 თვეს. კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება ეს მდგომარეობა", - განმარტავს წულაძე.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: აფასებთ ამ პაციენტს მძიმე ავადმყოფად?

თენგიზ წულაძე: სადაც სიტყვა კახექსია გაისმის, იქ მძიმეა.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: დემენცია?

თენგიზ წულაძე: დემენციაზე მძიმე კახექსიაა.

მოგვიანებით, ნევროლოგმა ისიც დაამატა, რომ თუკი პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე დაბლა, ანუ 54 კილოგრამზე ჩამოვა, მოკვდება: "მეტს ვეღარ გაუძლებს, ახლა, ეს ინდექსი 18-ია, ჩვენ როცა ვნახეთ, 20-21 იყო".

"არ ჭამს ეს ადამიანი თუ ვერ ჭამს?", - იკითხა ადვოკატმა ხაჭაპურიძემ, რაზეც თენგიზ წულაძემ ასე უპასუხა:

"თავიდან, როცა მან შიმშილობა დაიწყო, მაშინ, ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს, რადგან ანორექსია და კახექსია იწვევს გასტროპარეზს, გულისრევას, მადის დაქვეითებას, თან ეს არაა პაციენტის მიერ მართვადი პროცესი. ამას მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს".

ადვოკატის კითხვა შეეხო პარენტერალურ კვებას, ანუ გადასხმის სახით საკვები ნივთიერებების მიწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის. ამ მეთოდს რამდენიმე დღეა, "ვივამედის" ექიმები სთავაზობენ მას, თუმცა პაციენტი უარს ამბობს.

თენგიზ წულაძის თქმით, გამოუვალ მდგომარეობაში ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება, თუმცა სააკაშვილის მსგავსი პაციენტების მკურნალობისას, ამის გამოყენების გამოცდილებას არ იცნობს.

"პარენტერალური კვება რთული თემაა, რომელიც ბევრ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის თრომბოემბოლიზმის... თან იქ 24-საათიანი კვება არის, არაა ჩვეულებრივი საკვები, საქართველოში ერთი პრეპარატია შემოტანილი, რომელიც შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს შესაბამისი კონცენტრაციებით. ამის დიდი გამოცდილება აქვს თუ არა რომელიმე კლინიკას, არ ვიცი, ძირითადად გამოიყენება მოკლე ნაწლავების სინდრომის დროს, როცა ადამიანს ნაწლავის დიდი ნაწილი ამოჭრილი აქვს და მას შანსი არ აქვს... ამ დიაგნოზის დროს, რაც ბატონ მიხეილს აქვს, მე არ შემხვედრია ლიტერატურაში მისი გამოყენება, თუმცა მეც რომ მკითხოს კაცმა, გონივრული იქნებოდა, თუ სხვა გზა არაა", - განმარტა ნევროლოგმა.

კითხვაზე, ხელს უშლის თუ არა სასჯელის მოხდას ის დაავადებები, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს? წულაძე პასუხობს, რომ თუკი პაციენტს ადაპტაციური აშლილობა აქვს, რაც ფსიქიკური დაავადებაა, ამას სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს: "ამ შემთხვევაში, მას მოჰყვა ანორექსია და მერე ამან ყველაფერი ჯაჭვურად გამოიწვია. რა თქმა უნდა, როცა ის იმ გარემოშია, რომელთან ადაპტაციასაც ვერ ახერხებს, ალბათ, შეუძლებელი იქნება სრულად მკურნალობის ჩატარება, იმ სიტუაციაში".

ომბუდსმენის კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე გამოკითხეს, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი, გრიგოლ ხურციძეა.

როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი დიაგნოზებით მძიმე ავადმყოფად მიიჩნევა. ხურციძემ სასამართლოს უთხრა, რომ ქართველმა ექიმებმა თავიანთი რესურსი ამოწურეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მაინც უარესდება:

"სექტემბრიდან მოყოლებული, პაციენტის მდგომარეობა უარესდებოდა და სამედიცინო პერსონალი ვერანაირად ვერ ეხმარებოდა მას მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგნოზირებულია, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მდგომარეობა შეიძლება კრიტიკულამდე მივიდეს. რამდენიმე დღის განმავლობაში 73 კილოგრამიდან 68 კილოგრამზე ჩამოვიდა. ძალიან მძიმე წონის კლებაა, რომელიც შეიძლება შეჩერდეს, თუ მიხეილ სააკაშვილი ჭამას დაიწყებს, მაგრამ თავად ვერ ჭამს... უნდა ჩავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რაც წონის კლების პროცესს შეაჩერებს.

სამედიცინოს სისტემას საქართველოში თუ რამის გაკეთება შეეძლო, იქნება ეს პენიტენციური სისტემის თუ მის გარეთ, ტექნოლოგიური, ლაბორატორიული, სამკურნალო საშუალებებით, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული თუ სხვა მხარდაჭერით, იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც საქართველოში მოგვეპოვება, მიხეილ სააკაშვილს მაქსიმალურად ყველაფერი ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მდგომარეობა პროგრესულად უარესდებოდა. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ჩვენ ჩვენი რესურსი ამოვწურეთ. მეტს ვერაფერს ვშვრებით და პაციენტის მდგომარეობა მაინც უარესდება".

გამოკითხვაზე მივიდა "ვივამედის" ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი მედდა და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექთანი ქეთევან ღვინიანიძე. "მე და ბატონ მიხეილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს მედპერსონალსა და მის პაციენტს შორის. ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება... ჩემ მიმართ მას აგრესია არასდროს ჰქონია", - უთხრა ექთანმა სასამართლოს.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: როგორ შეაფასებთ ვიზუალურად, დინამიკაში მის მდგომარეობას?

ქეთევან ღვინიანიძე: არ შემიძლია, არ აღვნიშნო მისი წონაში კლება იმასთან შედარებით, რაც იყო... დღითი დღე სუსტდება, არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას მე ვერ გეტყვით, ფაქტი სახეზეა, რომ ადამიანი იკლებს, სუსტად არის, როგორც მედიკოსს, გული მტკივა, გული რომ არ მტკიოდეს, ალბათ, მედიკოსიც არ ვიქნებოდი.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: არის თუ არა დამჯერი პაციენტი?

ქეთევან ღვინიანიძე: იყო ეტაპი, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს, ეს იყო 4 ოქტომბრის შემდეგ [როცა სასამართლოს გასვლითი სხდომა უნდა ჩატარებულიყო კლინიკაში]... რაც შეეხება გადასხმებს, სისხლის აღებას, პროცედურებს, ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ კვებას.

ექთნის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საკვები მას შეჰქონდა ხოლმე, თუმცა ბოლო 1 თვეა, რაც გიული ალასანიას შეაქვს, "რას იღებს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ თუ რაიმეს იღებს, ძალიან მცირე რაოდენობით იღებს".

ექთანმა, ასევე, სასამართლოზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამხმარე საყრდენით გადაადგილდებოდა, თუმცა უკანასკნელი შეხვედრისას ეტლით გადაადგილება ითხოვა: "ახლა, ბოლო მორიგეობაზე ეტლით მიმაყვანინა თავი საპირფარეშომდე... ახლაც უჭირს გადაადგილება. ბოლო 2 თვეა, უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და ამაში ვეხმარებით".

"ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის"

1 თებერვლის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო და რამდენიმეწინადადებიანი მიმართვა წაიკითხა.

"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა და კრეატიული... ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის... თუ საჭიროა..." - ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ფრაგმენტი, მისი ნათქვამის გარჩევა შეუძლებელი იყო, ტექნიკური პრობლემების გამო.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის მეორე ნაწილი უკრაინულ ენაზე წარმოთქვა, რასაც თარჯიმანი ქართულ ენაზე თარგმნიდა.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას", - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო განხილვა 3 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG