რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა ენგურის ხიდის გავლით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში გადასვლა შეუძლიათ ქალებს, პენსიონერებსა და ბავშვებს, რომლებსაც ენგურის ხიდთან, აფხაზეთის მხარეს მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტთან მხოლოდ დოკუმენტებს - „აფხაზურ პასპორტსა“ და „ბინადრობის მოწმობას“ სთხოვენ. გადაადგილება კვლავ ეკრძალებათ ახალგაზრდა მამაკაცებს.
რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების ინფორმაციით, დაზუსტებით არავინ იცის, როდის გაუქმდება ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 22 ნოემბერს დაკეტა სოხუმის ცენტრში 2 ადამიანის მკვლელობის შემდეგ. დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა ოთხმა ნიღბიანმა პირმა რესტორან „სან რემოსთან“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა და კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა. სოხუმიდან გავრცელებული ცნობებით, შამბა და ავიძბა ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ადგილობრივ სამართალდამცავებს დაავალა, ყველა ზომას მიმართონ, რათა ეჭვმიტანილებმა აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლონ.