Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მთავარი ნაძვის ხე აანთეს - ამჯერად არა პარლამენტთან, არამედ რესპუბლიკის მოედანზე


წელს საახალწლო ღონისძიებებში თბილისის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
წელს საახალწლო ღონისძიებებში თბილისის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

დღეს, 2025 წლის 12 დეკემბერს, თბილისში მთავარი ნაძვის ხე აანთეს - ამჯერად არა პარლამენტთან, - რაც უკვე წელიწადზე მეტია, ყოველდღიური პროტესტის კერაა, - არამედ რესპუბლიკის მოედანზე.

ნაძვის ხის ანთებას, - რასაც მუსიკალური წარმოდგენა ახლდა თან, - თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, მათ შორის ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი დაესწრნენ. წლევანდელი საახალწლო სლოგანია „სიკეთით სავსე ქალაქი“.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე ტრადიციული აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების ნაწილი პროტესტის ნიშნად მივიდა მეტროსადგურ "რუსთაველთან", შოთა რუსთაველის ძეგლთანაც.

მათ მიიტანეს ბანერები წარწერებით: „პოლიტპატიმრებით სავსე ქალაქი“, "კორუფციის სავსე ქალაქი“, „საცობებით სავსე ქალაქი“ და ა.შ..

აქცია რუსთაველის ძეგლთან. ფოტო: ბაჩანა საჯაია
აქცია რუსთაველის ძეგლთან. ფოტო: ბაჩანა საჯაია

ბოლო წლების განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მთავარი ნაძვის ხე არ ინთება რუსთაველის გამზირზე.

  • 2024 წლის დეკემბერში თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტთან დადგეს, - მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, - თუმცა იგი ღონისძიების გარეშე, 16 დეკემბერს აინთო. „ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში“, - თქვა მაშინ კალაძემ.
  • წინა წლებში - 2019-24 წლებში - მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იყო აღმართული;
  • მთავარი ნაძვის ხე 2018 წელსაც რესპუბლიკის მოედანზე აანთეს, მაშინაც პროტესტი გამო. პროცესმა ხმაურით ჩაიარა. მაშინ პარლამენტის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ნაძვის ხის დადგმამდე ერთი თვით ადრე, მათ მერიისგან მიიღეს გაფრთხილება, შეეცვალათ პროტესტის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმა იგეგმებოდა. საბოლოოდ, იმ წელს ნაძვის ხე 23 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე აინთო.

წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებში. მომსახურებას წელსაც ტენდერის გარეშე იყიდიან. ამ თანხაში მოეწყობა კულტურული სივრცეები, დეკორაციები, ყინულის მოედანი, კონცერტები, „საშობაო ბაზარი“ და გალა კონცერტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG