Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დაერქმევა აგენტი? - ქართული გეგმები, ამერიკული და რუსული გამოცდილების ფონზე


დასავლეთის შესახებ "სიმართლის სათქმელად" "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილი ჯგუფი - „ხალხის ძალა“ - „უცხოეთის გავლენის აგენტად“ გამოცხადებას უპირებს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაცასა და „სხვა სუბიექტებს“, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება და მაგალითად აშშ-ის კანონი მოჰყავს. 

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში "ქართულ ოცნებასთან" ერთად რჩებიან, ამბობენ, რომ მუშაობენ "უცხოელი აგენტების" კანონპროექტზე, რომელიც აშშ-ის სტანდარტებსა და ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და შესაბამისად, ეს კანონი ვერ გახდება საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის სამიზნე. ოპონენტებს "ხალხის ძალის" ჩანაფიქრი არა ამერიკულ, არამედ კანონის რუსულ მოდელს ახსენებს.

და მაინც,

რა კანონს ამზადებს "ხალხის ძალა"?

მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ჯგუფში აცხადებენ, რომ კანონპროექტის დეტალები საჯარო გახდება იანვარში, როცა მას პარლამენტში წარადგენენ, ხოლო მანამდე, გამართავენ კონსულტაციებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან და „ყველა სხვა, უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან“.

„ხალხის ძალის“ გეგმები, ამ ეტაპზე, მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი. ახალი კანონით აპირებენ:

  • შემოიღონ/განმარტონ უცხოური გავლენის აგენტის ცნება;
  • შექმნან „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი“;
  • რეესტრში რეგისტრაცია „სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან“.
  • კანონი შეეხება უცხოეთიდან დაფინანსებულ როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს, „რომლებიც საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“;
  • უცხოური გავლენის აგენტებს „საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ“;
  • უზრუნველყოფილი იქნება „სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს“.

„ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, - თქვა 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება „სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა“ და რას ნიშნავს "მთელი რიგი პროცესები", რომლებიც "უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს". ასევე ბუნდოვანია, ვის მიერ და რა მექანიზმებით მოხდება უსაფრთხოების შესაძლო რისკების განსაზღვრა.

"ხალხის ძალა" და მისი მედია-პლატფორმა POSTV "უცხოური გავლენების აგენტების" კანონპროექტზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ. მათ შორის იყო POSTV-ის წამყვანი, ყოფილი დეპუტატი, გიორგი ახვლედიანი, რომელიც თავის გადაცემაში ამბობდა, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.

ახვლედიანს ვკითხეთ, რატომ არ ახსენა რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები?

„რუსეთი რაში უნდა ვახსენოთ... სად, ახლა რომ შევადაროთ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ალბათ ცა და დედამიწასავით იქნება განსხვავება. არც ვიცი, შეიძლება ერთი ან ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიპოვოთ, რომელიც რუსულ ფინანსებზე არსებობს... მე ნამდვილად არ ვიცი ბევრი... ისე, რა თქმა უნდა, რუსული ფული იქნება, თუ სხვა ქვეყნის ფული, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას. გაყოფა და დიფერენცირება არ შეიძლება“, - გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ამერიკაში მოქმედი კანონი, მიესალმება საქართველოში მის გადმოღებას და მიაჩნია, რომ კანონი უნდა შეეხოს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც.

სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, მკვლევრები საქართველოში რუსეთთან კავშირში მოქმედ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას ითვლიან. მედიის განვითარების ფონდის (MDF) ივნისის კვლევის მიხედვით, საქართველოში 40-ზე მეტი ორგანიზაციაა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ფონდ "რუსულ სამყაროსთან" არიან დაკავშირებული და უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდებიან. რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში კი 20-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლებიც თავს რუსულ დიასპორას უწოდებენ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია მოელის, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა არა აშშ-ის მოდელის, არამედ რუსული მოდელის მსგავსი იქნება:

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძალა ["ხალხის ძალა"] უპირისპირდება ყველაფერ დასავლურს... ეს ძალა არის "ქართული ოცნების" ჩვეულებრივი გაგრძელება, რომელიც ["ოცნება"] უკვე წლებია დაუპირისპირდა არასამთავრობო სექტორს... მათ მიერ განსაკუთრებით მტრულად არიან აღქმული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები (TI, GYLA, ISFED) და არ რთავენ ზედამხედველობისა თუ საკანონმდებლო ინიციატივების პროცესში... ჩემთვის ნათელია, რომ ეს იქნება რუსული მოდელი... აშშ-ის კანონმდებლობა სხვა პრინციპებზეა აგებული. იქ ის სადამსჯელო ბერკეტად არ გამოიყენება... ევროპის ქვეყნებიდან, უნგრეთშია ყველაზე მწვავედ მსგავსი კანონის საკითხი დაყენებული და ვიცით, რომ ევროკავშირი უნგრეთს არ მიიჩნევს სრულყოფილ დემოკრატიად", - ეუბნება აქუბარდია რადიო თავისუფლებას.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში თავისუფლების შეზღუდვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის და მათ შორის - პოლარიზაციის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს.

„არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა ანტისამთავრობო ორგანიზაცია“, - უთხრა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს 29 დეკემბერს, როდესაც ახალ კანონპროექტზე საუბრობდა.

"მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს... ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია“, - ეწერა „ხალხის ძალის“ ნოემბრის განცხადებაში.

აგენტი, როგორც მტერი?
სამოქალაქო განათლების ქართული ლექსიკონის მიხედვით აგენტი არის "იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვა პირის (პრინციპალის) სახელით, ხარჯითა და დავალებით მოქმედებს; ან სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი - რწმუნებულია". ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში კი აგენტი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მომუშავე "ქვეყნის მტერია" და ამ ტერმინს ხშირად იყენებენ იარაღად პოლიტიკურ ბრძოლაში.

"ხალხის ძალა" ირწმუნება, რომ კანონპროექტი "უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ „არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება“ და მასში ასევე აისახება „რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში.“

როგორია აშშ-ის კანონი?

უცხო ქვეყნის წარმომადგენლის (აგენტის) რეგისტრირების აქტი (FARA) აშშ-ში 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი მან არაერთი ცვლილება განიცადა - მეტწილად გამარტივდა და ამჟამად ძირითადად ლობისტებზე ვრცელდება. ეს კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ.

კანონი მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნების ხელისუფლებათა და უცხოელი ხელმძღვანელების (პრინციპალების) სახელით მოქმედმა პირებმა გაასაჯაროონ ინფორმაცია მათი ურთიერთობების, საქმიანობის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. პირებს, რომლებიც არ რეგისტრირდებიან სპეციალურ ბაზაში, არღვევენ ფედერალურ კანონს და შესაძლოა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი წინასწარი განზრახვით ამბობენ უარს.

FARA-ს ადმინისტრირებასა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ნაციონალური უსაფრთხოების განყოფილების (NSD) კონტრდაზვერვისა და ექსპორტის კონტროლის სექციას (CES). „FARA ეხმარება ამერიკული დემოკრატიის მთლიანობას პოლიტიკურ პროცესზე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ფარულ გავლენასთან ბრძოლით“, - ასეთია ოფიციალური განმარტება.

  • უცხოელ დამკვეთებად ითვლებიან: უცხო ქვეყნის მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, კორპორაციები, კერძო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • უცხო ქვეყნის წარმომადგენლებად (აგენტებად) ითვლებიან პირები, რომლებიც მოქმედებენ უცხოელი დამკვეთის დავალებით, ინსტრუქციითა და კონტროლით.

როგორ იყენებს "უცხოეთის აგენტის" კანონს რუსეთი?

უცხოეთის აგენტების სიების შედგენა რუსეთმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როცა ძალაში შევიდა შესწორებები "არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ" კანონში. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად „უცხოეთის აგენტის“ ცნება და გაჩნდა ვალდებულება, რომ არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკით არიან დაკავებული, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტები“.

2013 წელს, როცა ევროპის საბჭომ რუსეთი გააკრიტიკა ამ კანონის მიღების გამო, მისი დასახელების შესახებ აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უარყოფითი იარლიყების მიწებებას.

უცხოეთის აგენტობის იარლიყისთვის რუსეთში გრანტის მიღებაც საკმარისი იყო. რუსეთის კანონმდებლობა ამ მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა და დამძიმდა; ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და სრულმასშტაბიანმა ომმა კანონს დამატებითი სიბრტყეები შესძინა.

2022 წლის ზაფხულში დამტკიცებულ კანონში "უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ" 1 დეკემბერს შევიდა ცვლილებები. სპეციალურ რეესტრში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ, მაგალითად:

  • სწავლება სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში;
  • ბავშვების სწავლება;
  • მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოს დაფინანსების მიღება;
  • გადასახადების გამარტივებული სისტემით სარგებლობა;
  • მასობრივი ღონისძიებების გამართვა ხელისუფლების ორგანოების შენობებთან;
  • შს სამინისტროში მუშაობა (თუკი მუშაობს უნდა დატოვოს სისტემა) და სხვა.

'უცხოეთის აგენტების" იარლიყს რუსეთი ოპონენტების დასჯისთვის იყენებს და ამისი ერთ-ერთი მკაფიო მაგალითაია პოლიტიკოსი ილია იაშინი - 2014 წელს მოკლული ბორის ნემცოვისა და პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, რომელსაც დეკემბრის დასაწყისში 8.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად დასდეს რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. გამოძიებამ მიიჩნია, რომ პოლიტიკოსმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად დახოცვის გარემოებების შესახებ არასანდო და რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იაშინი უცხოელი აგენტების ფიზიკურ პირთა რეესტრში 2022 წლის 22 ივლისს შეიყვანა. სამინისტროს მტკიცებით, მას უკრაინა აფინანსებდა.

რუსეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციის თაობაზე, საფუძვლად დაედო რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი, თითქოსდა, საზოგადოება, რომელიც „ცრუ წარმოდგენას ქმნის საბჭოთა კავშირის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს შესახებ“, სისტემატურად არღვევდა რუსეთის ფედერაციის კანონს "უცხოეთის აგენტის" შესახებ.

რუსეთში უცხოელ აგენტად აღიარებული პირების 18% (თითქმის ყოველი მეხუთე) სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშაა, ხოლო თითქმის ყოველი მეშვიდე - „უცხოელი აგენტიან ძებნაშია, იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან შეფარდებული აქვს აღკვეთის სხვა ღონისძიება. დევნის ყველაზეპოპულარული მუხლიაყალბი ინფორმაციის („ფეიკის“) ანუ რუსული არმიის ქმედებების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებაფეიკადგანიხილავს ნებისმიერ განცხადებას, რომელიც განსხვავდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებებისგან.
რუსეთის შსს- ბაზისა და სხვა ღია წყაროების შესწავლით დადგინდა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ 2020 წლიდან უცხოური აგენტების რეესტრში შეყვანილი 209 პირიდან, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 38-ზე. ორი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, 28 კი ძებნაშია.

მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის გამო, ისინი რუსეთში მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან და ხშირია შემთხვევები, როცა მათ „უცხოელ ჯაშუშებს“ უწოდებენ.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შემოღებით, სახელმწიფომ სცადა საზოგადოებაში მათი იზოლირება და მარგინალიზება. რუსული კანონი ვრცელდება მედიაზეც - მათ შორის, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურზეც, რომელსაც ამ კანონის გამო, მოსკოვის ბიუროს დახურვა მოუწია, 2022 წლის მარტში.

დასავლურ გრანტებს, სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და მედიის გასაძლიერებლად, საქართველოშიც არაერთი მედიაორგანიზაცია იღებს.

უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტზე საუბრისას "ხალხის ძალას" არ უხსენებია, გავრცელდება თუ არა მათი კანონი მედიაზე. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ მუშაობენ ცალკე, "ევროპულ კანონმდებლობაზე" დაფუძნებულ კანონზე, „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“.

"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ "სიცრუის რეგლამენტაცია" ბრიტანულ კანონმდებლობას დაეყრდნობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG