რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის იშვიათი შეხვედრები უცხოელებთან - ვის შეხვდა, ვის არა

პოლიტიკაში მეორედ დაბრუნების შემდეგ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არ შეხვედრია დასავლელ ელჩებსა და პოლიტიკოსებს.
პოლიტიკაში მეორედ დაბრუნების შემდეგ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არ შეხვედრია დასავლელ ელჩებსა და პოლიტიკოსებს.

ზოგს ხვდება და ელაპარაკება, ზოგს კი არა - რის მიხედვით ირჩევს “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე უცხოელ პოლიტიკოსებსა თუ დიპლომატებს? - ეს შეკითხვა კიდევ ერთხელ გაჩნდა ისრაელის ელჩთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ.

2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ივანიშვილი უცხოელებთან შეხვედრებზე იშვიათად, ხანგრძლივი პაუზებით ჩნდება - თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში - არა ევროპელებთან და ამერიკელებთან. შეხვედრებზე უარს თავის ფულს უკავშირებდა, პირადი "კომპლექსით” ხსნიდა.

ივანიშვილი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ქვეყნის კონსტიტუციაში არაფერი წერია პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსზე და ფუნქციაზე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

შეხვედრა ისრაელის ელჩთან - 2026 წლის ნოემბერი

რადგან პოლიტიკაში ბოლო დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი არცერთი ქვეყნის ელჩს არ შეხვედრია, ისრაელის ელჩთან მისმა საუბარმა ყურადღება მიიპყრო.

6 ნოემბერს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ელჩი ვალიდ აბუ ჰაია პარტიის ოფისში მიიღო. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა მხოლოდ უხმო ვიდეოკადრები და ზოგადი შინაარსის ოფიციალური განცხადებები, რამაც კიდევ უფრო მეტი ინტერესი აღძრა.

ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ ივანიშვილს “ისრაელი მიაჩნია ქვეყანა-ლობისტად, საგარეო პოლიტიკის დალაგების პროცესში” და ახლა, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, როდესაც რესპუბლიკელების მანდატების დიდი ნაწილი დემოკრატებმა გადაიბარეს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე - “ახალი ლობისტური გზების ძებნას შეუდგა”.

“ამერიკაში [შუალედური] არჩევნების შემდეგ, მას [ივანიშვილს] ურთიერთობების პოლიტიკური ტაქტიკა დაენგრა. ეს ტაქტიკა მთლიანად ტრამპზე იყო აგებული - რომ რაღაც მომენტში მას ათქმევინებდნენ, რომ - “ბიძინა კი მამაძაღლია, მაგრამ ჩვენი მამაძაღლია”, მაგრამ ახლა ხვდება, რომ ამერიკაში შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს და ის ეძებს დემოკრატიულ პარტიასთან მისასვლელ გზებს”, - ეუბნება ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას და გათვლას "მიამიტს" უწოდებს, რადგან "ისრაელს ახლა თვითონ აქვს პრობლემები ქვეყნის შიგნით თუ აშშ-სთან ურთიერთობებში" და არჩევნების შემდეგ, იქაც ბევრი რამ შეიცვლება.

“ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკას უმრავლესობა დემოკრატების [აშშ-ში - რ.თ.] მკაცრად აკრიტიკებს”, - პასუხობს “ქართული ოცნების” პოლიტიკის მხარდამჭერი ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი გია ხუხაშვილს, ფეისბუკპოსტით და წერს, რომ - “ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის იანვარში ისრაელის ელჩ რან გიდორს შეხვდა, იმავე წლის მარტში ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკენზი სმიტს, ხოლო 2022 წლის მარტში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს”.

“საინტერესოა, მაშინ რომელი ლობის გადაბირებას ცდილობდა?”, - სვამს შეკითხვას მეტრეველი.

2020 წლის იანვარში, საქართველოში ისრაელის ახლად ჩამოსული ელჩი რან გიდორი ბიძინა ივანიშვილმა სახლში მიიწვია. ელჩი მადლობას უხდიდა მასპინძლობისთვის ივანიშვილსა და მის მეუღლეს.

"ებრაული ლობი"

გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ ე.წ. ებრაული ლობის თემას ის ყურმოკვრით არ იცნობს, ეს მექანიზმი წლებია მოქმედებს და ისრაელში მართლაც არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თბილისს აშშ-თან ურთიერთობების აწყობაში დაეხმარონ.

ლობიზმის ერთ-ერთ მაგალითად ხუხაშვილს “ტრამპ თაუერის” პროექტი მოჰყავს.

  • ისრაელის გამოცემა - Ynetnews-ი ალექს საპირის კომპანია The Sapir Organization-ს თანადეველოპერად მოიხსენიებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ალექს საპირი ქართული წარმოშობის ებრაელი მილიარდერის, ტამირ საპირის (თემურ სეფიაშვილი) ვაჟია. The Trump Organization-ის ცნობით, „ტრამპ თაუერ თბილისი“ The Sapir Organization-ის პირველი საერთაშორისო კომერციული პროექტი იქნება.
  • პროექტში ჩართულია ასევე [„არქის” პარტნიორი] ისრაელელი დეველოპერი მენი ბენიში. „ჩემთვის, როგორც ისრაელელი დეველოპერისთვის, ამ ბრენდის საქართველოში შემოყვანა არის ვაუ [wow - გასაოცარი]“, - ამბობს ის ynet-თან ინტერვიუში.

ირანისგან გამიჯვნის დემონსტრირება?

ბიძინა ივანიშვილსა და ისრაელის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დისკუსიებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შეხვედრა, შესაძლოა, ირანთან გამიჯვნის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად - იმ ფონზე, როდესაც, სექტემბრის მეორე ნახევარში, საქართველოში შეწყდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები.

გია ხუხაშვილი "3+3" ფორმატთან დაკავშირებით - რუსეთის ინიციატივებსაც ახსენებს. ფიქრობს, რომ - ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩისგან ირანთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას შეეცდებოდა, რათა თავადაც განსაზღვროს სამომავლო სვლები - საით წაიყვანოს საქართველო.

„3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაა, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მონაწილეობას ისახავს მიზნად.

საქართველო ამ პლატფორმის შეხვედრებში, უკვე წლებია, ოფიციალურად ამბობს უარს; თუმცა, ბოლო დროს, ამ ფორმატში გამართულ შეხვედრებს ქართველი ექსპერტები ესწრებიან და მათ შორის იყო ნიკოლოზ მეტრეველიც.

“ქართული ოცნების” განაყოფის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიის - “ხალხის ძალის” წარმომადგენელი, დავით ქართველიშვილი თვლის, რომ ირანთან ომის შედეგები ბუმერანგივით დაუბრუნდათ ისრაელსა და აშშ-ს - [ბოლო არჩევნების შემდეგ] ისრაელში სრულდება ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა, ხოლო აშშ-ში რესპუბლიკელებმა “კასკადური” მარცხი იწვნიეს.

ქართველიშვილი წერს სომხეთზეც, რომ “ირანი არცერთ გარემოებაში არ აპირებს მოითმინოს დასავლეთის ყოფნა ან ინფრასტრუქტურული კონტროლის შეცვლა თავის ჩრდილოეთ საზღვრებთან” და “ტრამპის დერეფნის" პროექტის ჩაშლა - “კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ექსკლუზიურ სატრანზიტო სტატუსს”, ხოლო “თბილისის პოზიციები, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი, სტაბილური და შეუცვლელი ჰაბისა, ამ ფონზე რკინაბეტონივით მყარად გამოიყურება”.

“ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში "ტრამპის დერეფანსაც" თბილისში "ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა”, - დაწერა ქართველიშვილმა ფეისბუკზე, 9 ნოემბერს.

დისკუსიებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვებითა და მეტი დეტალის გაზიარების თხოვნით, მათ შორის - ირანთან და “ტრამპ თაუერთან” დაკავშირებით - რადიო თავისუფლებამ ისრაელის საელჩოს მიმართა. მიღების შემთხვევაში, პასუხები ამ სტატიაშიც აისახება.

ისრაელის შეშფოთება და პროტესტი

ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია ისრაელის ელჩს - ჰადას მეიცადს, რომელიც მოვალეობას 2022-2025 წლებში ასრულებდა. სწორედ მის პერიოდს დაემთხვა ირაკლი კობახიძის ორი ჩასვლა ირანში - ერთი პრეზიდენტის დაკრძალვასა და მეორის ინაუგურაციაზე. დარბაზში, სადაც კობახიძე იდგა, ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს".

2026 წლის თებერვალში, აშშ და ისრაელი სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ ირანს.

უკვე ვალიდ აბუ ჰაიასის ელჩობის დროს [2025 წლის აგვისტოდან], ისრაელის საელჩომ კიდევ არაერთი პროტესტი გამოხატა:

  • თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათება ისლამური რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად - 2026 წლის თებერვალი.
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სიკვდილის გამო, ირანის საელჩოში, სამძიმრის წიგნში საქართველოს ხელისუფლების “მაღალჩინოსნის” მიერ დატოვებული ჩანაწერი [საგარეო უწყების ცნობით - ეს მინისტრის მოადგილე იყო] - 2026 წლის მარტი;
  • „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლეს ლიდერად დასახელება მიულოცა მოჯთაბა ხამენეის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს. ისრაელის საელჩომ კი მას „მორიგი ტირანი“ უწოდა და დაწერა, რომ მოჯთაბა ხამენეის ხელებიც სისხლშია დასვრილი - 2026 წლის მარტი.


ხამენეის დაკრძალვაზე კობახიძე აღარ წასულა. იქ მიხეილ ყაველაშვილი გაუშვეს - უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი - 2026 წლის ივლისი.

2026 წლის 11 მარტს, ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.

უკვე 16 ოქტომბერს, კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

ვის შეხვდა ივანიშვილი მანამდე?

  • აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც “ოცნება” რევოლუციის მომზადებასა და საქართველოს ომში ჩათრევას აბრალებს - ბოლო დასავლელი ელჩი იყო, რომელსაც ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შეხვდა - 2022 წლის მარტში.


ამ შეხვედრის შესახებ 4 თვის დაგვიანებით, ივლისში გახდა ცნობილი.

“რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - დაწერა ივანიშვილმა 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში. ამ დროს ის დეკლარირებულად უკვე მეორედ იყო წასული პოლიტიკიდან და არც პარტიულ პოსტს არ იკავებდა.

აშშ-ის ელჩის მიმართ ბრალდებების გაჟღერება, მათ შორის - მეორე ფრონტის გახსნის კონტექსტშიც, მიხეილ ყაველაშვილმა დაიწყო - იმ ხანად დეპუტატმა, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილ “ხალხის ძალაში” გადასვლის შემდეგ. სწორედ ყაველაშვილმა მიმართა ივანიშვილსაც - საჯაროდ განემარტა, შეხვდა თუ არა კელი დეგნანს.

  • 2025 წლის 19 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, შეხვდა.


ფოტო-ვიდეომასალების მიხედვით, ივანიშვილმა შეიხს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.

„ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის”, - უთხრა ივანიშვილმა სტუმარს.

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა შეთანხმება - ექვსი მილიარდი დოლარის არაბული ინვესტიციის საქართველოში ჩადებასთან დაკავშირებით.

  • 2026 წლის 6 აპრილს ივანიშვილმა თბილისში, ბიზნესცენტრში მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.


ოფიციალური ინფორმაციით, ივანიშვილმა ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში “ნაყოფიერი ვიზიტისათვის” და “ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას”, მათ შორის - “სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს”.

ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო კვლავ ღიაა აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის.

ალიევის ამ ვიზიტს წინ უსწრებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ოპონენტის, ჟურნალისტ - აფგან სადიგოვის გაძევება თბილისიდან ბაქოში. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სადიგოვის წინააღმდეგ ადრე შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე ხელახლა აღძრა და ივნისში დააკავა.

სადიგოვს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, მუქარით გამოძალვას ედავებიან. სადიგოვი ბრალს უარყოფს და თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის.

  • ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაიაი იყო ბოლო უცხოელი, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.


10 ნოემბერს, ისრაელის ელჩთან საუბარი საქართველოს საგარეო უწყებაში გაიმართა, მას მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა.

“მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, საერთო ინტერესების მქონე სფეროებში. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს”, - საგარეო უწყების განცხადება ასევე ზოგადია.

ვის არ შეხვდა ივანიშვილი?

2022 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემა [ხანგრძლივი დავა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან] მისი პირადი პრობლემა იყო და საქართველოს არ შეეხებოდა, მაგრამ როდესაც, 2023 წლის მიწურულს, პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, დასავლელებსა და ივანიშვილს შორის ისევ მისი ფულის საკითხი იდგა.

2026 წლის მონაცემებით, Forbes-ის მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი, 2.7-მილიარდიანი კაპიტალით, 1560-ე ადგილს იკავებს.

  • 2024 წლის მაისში ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენს.


პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 13 მაისს განმარტა, რომ ივანიშვილს “აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი:, რომელიც “დასავლეთს მიანდო”, მაგრამ “აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში”.

“ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს”, - კობახიძის სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილს, იმ დროისთვის, შეხვედრაზე უარი უკვე ჰქონდა ნათქვამი სხვა უცხოელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისთვისაც.

"[ეს] ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი", - თქვა მაშინ ო'ბრაიენმა.

  • 2024 წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უარი მიიღეს ამერიკელმა კანონმდებლებმა: სენატორმა - ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა - მაიკ ტერნერმა.


„მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი”, - განაცხადა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

„იმაზე დაყრდნობით, რაც ხალხისგან გვესმის, ნათელია, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია. ამდენად, სამწუხაროა, რომ ისევ არ შეგვხვდა“, - თქვა სენატორმა შაჰინმა 11 აგვისტოს.

  • 2025 წლის მაისში გაირკვა, რომ ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა აშშ-ის მაშინდელ ელჩს - რობინ დანიგანს; როდესაც ელჩი ივანიშვილისთვის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გზავნილის გადაცემას ცდილობდა.


ამ დროს ბიძინა ივანიშვილი უკვე სანქცირებული იყო აშშ-ის მიერ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ შვეიცარიულ ბანკთან ერთ-ერთი დავის მოგების შემდეგ საკუთარი ფინანსები დაიბრუნა და ახლა უკვე მზად არის შეხვდეს აშშ-ის ელჩს - რობინ დანიგანს, რომელსაც, როგორც თქვა - უკვე დაურეკა კიდეც.

„მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ ვხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა“ - ასე ახსნა შეხვედრებზე ნათქვამი უარები ივანიშვილმა, 2024 წელს, “იმედთან ინტერვიუში”.

მაგრამ ელჩ დანიგანთან შეხვედრა მაინც არ შედგა.

უარის მიზეზად, 2025 წელს, ივანიშვილმა ისევ “პირადი შანტაჟი” დაასახელა და ისევ განაცხადა, რომ „სასამართლოს გზით მოგებულ თანხას“ არ უბრუნებენ.

2025 წლის ივლისში ელჩმა დანიგანმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი “თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა“.

ელჩმა ასევე განმარტა, რომ - ერთი უარი ივანიშვილისგან მანამდე მიიღო, წინა ადმინისტრაციის დროს.

„რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“ - ამ საფუძვლით ბიძინა ივანიშვილს სანქციები აშშ-მა 2024 წლის 27 დეკემბერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაუწესა; ეს გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ ტრამპს შეუცვლია.

ელჩი დანიგანი, დროზე ადრე, 2025 წლის ზაფხულში გადადგა პოსტიდან. აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ჯერ არ გამოუგზავნია. ელჩის მოვალეობას საქმეთა დროებითი რწმუნებული - კორტნი ოსტრიანი ასრულებს.

ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან თბილისში - უპირატესად პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, სომხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტთან - “ტრამპის მარშრუტთან” დაკავშირებული საკითხების განსახილველად. არ გავრცელებულა ინფორმაცია მათთან შეხვედრაზე ივანიშვილის მხრიდან უარის თქმის შესახებ.

თბილისმა აშშ-ს ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყება შესთავაზა. ჯერობით კვლავ არ დაწყებულა ქმედითი საუბარი 2024 წელს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის განახლების შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია ევროკავშირის წარმომადგენლებს. ბრიუსელთან ურთიერთობები პრაქტიკულად გაყინული და უაღრესად დაძაბულია.

“ოცნება” დღემდე “გლობალური ომის პარტიიდან”/"დიპ სტეიტიდან" მომავალი საფრთხეებით ამართლებს ყველა იმ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას, რომელთა გამოც, დასავლელ პარტნიორებს დაშორდა, ხოლო, ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ “ქაღალდზე რჩება”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG