Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიაღწიეს თუ არა სერბეთმა და კოსოვომ დიდ გარღვევას?


კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბან კურტი (მარცხნივ) და ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბან კურტი (მარცხნივ) და ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ხანგრძლივი კონსულტაციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ, სერბეთისა და ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ლიდერებმა თებერვლის ბოლოს მხარი დაუჭირეს „ურთიერთობების ნორმალიზების“ შესახებ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ შეთანხმებას, რომელსაც დასავლეთის მედია კოსოვოს ფრანკო-გერმანულ გეგმასაც უწოდებს.

როგორც ბრიუსელში გამართული ოთხმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა, ეს მხოლოდ შეთანხმების შესრულების გაგრძელების სურვილია, რაც შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. მანამდე კი სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ არ მიიღებენ ისეთ ცალმხრივ ზომებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და საფრთხე შეუქმნას შეთანხმების დადებას.

წინ გადადგმული ნაბიჯი

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბან კურტი იმთავითვე მზად იყო, რომ დაუყოვნებლივ მოეწერა ხელი ევროკავშირის შუამავლობით მომზადებულ „ურთიერთობის ნორმალიზების“ შესახებ შეთანხმების პროექტზე, რომელიც სერბეთის მხრიდან კოსოვოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივ აღიარებას მოასწავებს. მაგრამ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას ამისთვის დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.

როგორც ზოგიერთი დასავლური მედია ვარაუდობს, სერბეთის პრეზიდენტს უბრალოდ დრო გაჰყავს, რადგან მისთვის კოსოვოს აღიარება „წითელი ხაზის“ გადაკვეთას და მოსკოვთან კონფრონტაციას ნიშნავს.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბან კურტი
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბან კურტი

„ვუჩიჩს აშკარად სურს დროის მოგება, რათა მაქსიმალური უფლებამოსილებით აღჭურვოს სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაცია, რომელიც კოსოვოში შეიქმნება. მაგრამ კოსოვოსა და მთელი რეგიონისათვის გრძელვადიანი და მყარი უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ სერბეთი გაატარებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით და ბოლოს და ბოლოს დათანხმდება ევროკავშირის სანქციების ამოქმედებას, რაც სავალდებულოა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის. მაგრამ არ არის არავითარი ნიშანი იმისა, რომ სერბეთს სურდეს მოსკოვის გავლენისგან გათავისუფლება. შესაბამისად, სერბეთი არა მხოლოდ ორ სკამს შუაში ყოფნას, არამედ ორ სკამზე ჯდომას კვლავაც გააგრძელებს“, - წერს ავსტრიული მემარჯვენე-ცენტრისტული გამოცემა Der Standard-ი.

ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირში მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ თებერვლის ბოლოს გამართულ მოლაპარაკებას. ყოველ შემთხვევაში, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები სიტყვიერად უკვე შეთანხმდნენ დოკუმენტზე, რომელიც 11 მუხლისგან შედგება.

მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ „თანასწორობის საფუძველზე ერთმანეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე“, ასევე მზად არიან „აღიარონ ერთმანეთის დოკუმენტები (პასპორტები) და ეროვნული სიმბოლოები“, „მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარებენ ერთმანეთთან ნებისმიერ დავას“ და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლაში.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (მარცხნივ) და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბან კურტი (მარჯვნივ). შუაში, მარცხნივ ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (მარცხნივ) და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბან კურტი (მარჯვნივ). შუაში, მარცხნივ ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

საგზაო რუკის მოლოდინში

ევროკავშირის მიერ შემუშავებულ გეგმას ეწინააღმდეგება სერბეთის პრორუსული ოპოზიცია, რომელმაც ალექსანდარ ვუჩიჩს მოუწოდა, არ მოაწეროს ხელი შეთანხმებას. პროსახელისუფლებო სერბული მედიაც არ ემხრობა ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 11-პუნქტიან შეთანხმებას.

„ჩვენ შევაბიჯეთ მესამე ათწლეულში მას შემდეგ, რაც აშშ და მისი ვასალები შეეცადნენ მიეტაცებინათ ჩვენი ტერიტორიის 17%. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ცდილობენ დააკანონონ და ლეგალური გახადონ თავიანთი ყოფნა. მაგრამ სერბეთის სახელმწიფოს აშკარა და პასიური თანხმობის გარეშე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ვიდრე არსებობს გაერო და ვიდრე არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუცია და სერბეთის კონსტიტუცია, ჩვენი ერთგული მეგობრების რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით, კოსოვო და მეტოხია (ასეთია სერბეთის ოლქის ოფიციალური სახელწოდება) საუკუნეების განმავლობაში დარჩება სერბეთის განუყოფელ ნაწილად“, - წერს სერბეთის პროსამთავრობო გამოცემა „პოლიტიკა“.

2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალით არ აპირებენ. ბოლო წლებში რეგულარულად წარმოიშობოდა კონფლიქტები კოსოვოსა და სერბეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ფონზე, რაც ქმნიდა პირდაპირი შეტაკებების რისკს, მაგრამ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლა, დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის ესკალაციის საშუალებას არ აძლევს.

რესპუბლიკის ორი მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, სერბების რაოდენობა დაახლოებით 120 ათასს შეადგენს. სერბეთი ესწრაფვის, რომ კოსოვოში სათანადო უფლებებით იყვნენ აღჭურვილი იქ მცხოვრები ეთნიკური სერბები.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.

შეთანხმების ტექსტში, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით შეიქმნა, ორივე მხარე „იღებს ვალდებულებას, შექმნან კონკრეტული მექანიზმები და გარანტიები, რათა უზრუნველყონ კოსოვოში სერბეთის თემისთვის თვითმმართველობის შესაბამისი დონე“.

გარდა ამისა, სერბეთი ვალდებული იქნება, არ შეეწინააღმდეგოს კოსოვოს წევრობას არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის - გაეროში.

ბრიუსელში გამართული ოთხმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მართალია გეგმა საბოლოოდ არ იქნა მიღებული, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მისი შინაარსი „აღარ საჭიროებს შემდგომ დისკუსიებს“.

„გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ, ყოველმხრივ აშკარაა, რომ ალექსანდარ ვუჩიჩსა და ალბინ კურტის სხვა გზა არ აქვთ. ისინი კუთხეში არიან მომწყვდეული. ნებისმიერი სხვა შედეგი, გარდა შეთანხმების მიღწევისა იმ გეგმაზე, რომელიც აშშ-ისა და ევროპელი დიპლომატების შეფასებით, უკვე აღარ შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, - მარცხად ჩაითვლება. ევროკავშირმა და აშშ-მა კი იმდენად დიდი ძალისხმევა და ავტორიტეტი დაახარჯეს ამ წინადადებების შემუშავებას, რომ მხარეებს არ მისცემენ იმ უფლებას, რომ ახლა ასე უბრალოდ უარყონ ის“, - წერს ხორვატული ლიბერალური გამოცემა „უტარნი ლისტი“ .

ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მომდევნო შეხვედრის დროს შესაძლოა უკვე „საგზაო რუკაც“ მიიღონ. მათ შორის მორიგი შეხვედრა 18 მარტს არის დაგეგმილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG