Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფარული სახელმწიფო გადატრიალება“ უკრაინაში


უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არც უკრაინის საზოგადოება და არც ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ უკრაინაში ელექტრონული დეკლარირების სისტემის დემონტაჟს.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არც უკრაინის საზოგადოება და არც ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ უკრაინაში ელექტრონული დეკლარირების სისტემის დემონტაჟს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს სკანდალური გადაწყვეტილების გამო, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკოსებმა უკვე უწოდეს პრორუსული ძალებისა და ოლიგარქების „ფარული სახელმწიფო გადატრიალება“ ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ.

27 ოქტომბერს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ (No13-р/2020) არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს უკანონოდ გამდიდრებულ საჯარო პირებს ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ შეტანილი არასწორი ინფორმაციისათვის.

გავრცელებული ცნობით, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები არიან პრორუსული საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება „ოპოზიციური პარტია - სიცოცხლისათვის“ და პარტია „მომავლისათვის“.

პირველის ერთ-ერთი ლიდერია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, ხოლო მეორეს სათავეში უდგას ვიქტორ პალიცა, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მეგობარი პოლიტიკოსი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ანტიკორუფციულ რეფორმას, ევროკავშირის იმედგაცრუება მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, დიპლომატიურმა წყაროებმა უკვე გააფრთხილეს კიევი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკომისიამ შესაძლოა აამოქმედოს უკრაინის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმი.

„გამანადგურებელი დარტყმა“

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. რა თქმა უნდა, ეს არის შოკი ევროკავშირისათვის. მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქმე გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ჩვენ არ შეგვიძლია არ შევასრულოთ მისი გადაწყვეტილება და არგუმენტად მოვიყვანოთ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დე ფაქტო დაკავებულია ხელისუფლების უზურპაციით, რადგან ეს ძალიან რთული ვარიანტია“, - ამბობს იური პანჩენკო, საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდის“ პოლიტიკური მიმომხილველი.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება.

კერძოდ, კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს (NACP) აღარ აქვს წვდომა სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოქალაქეების შემოსავლებზე, დანახარჯებზე, მათ კუთვნილებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ამ ქონების გაყიდვით მიღებულ თანხებზე.

იკრძალება დეკლარაციებზე საჯარო დაშვება, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, NACP-მ 28 ოქტომბრიდან დახურა ელექტრონული დეკლარაციების რეესტრი. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელ-ფეხი შეუკრა უკრაინის ნაციონალურ ანტოკორუფციულ ბიუროს, რომელიც იძულებული ხდება დახუროს თავის წარმოებაში არსებული 110 საქმე.

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი ცნობების შეტანის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ „მეტისმეტად“ მიიჩნია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ასეთი კანონდარღვევისთვის.

სერიოზული საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა ცნობას იმის თაობაზე, რომ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ჰქონია ინტერესთა კონფლქიტი და მათ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ მოსამართლეებმა ირინა ზავგაროდნაიამ და სერგეი გოლოვატიმ არასწორი ინფორმაცია შეიტანეს თავიანთ ქონებრივ დეკლარაციებში. კერძოდ, გოლოვატის 2019 წლის დეკლარაციაში არასარწმუნო აღმოჩნდა ინფორმაცია 3,6 მილიონი ჰრივნის შემოსავალზე, ხოლო ზავგაროდნაიას 2018-2019 წლების ქონებრივ დეკლარაციაში არასარწმუნო იყო ცნობები 615 ათასი და 754 ჰრივნის შესახებ.

„მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს (ალექსანდრ ტუპიცკი), რომელსაც აღმოუჩინეს არადეკლარირებული უძრავი ქონება ყირიმში, თანაც, ქონება, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგაა ნაყიდი“, - ამბობს იური პანჩენკო და დასძენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინას აბრუნებს 1990-იან წლებში, როდესაც ანტიკორუფციული კანონმდებლობა, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ არსებობდა.

ზელენსკის გამოწვევა

შექმნილ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ფაქტობრივად, ბლოკირებული აღმოჩნდა ყველა ანტიკორუფციული ორგანოს მუშაობა უკრაინაში, არსებობს გამოსავალი საკანონმდებლო დონეზე, ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ევჰენ მაჰდა.

„ვფიქრობ, ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობის განბლოკვა სრულიად ხელეწიფება ვერხოვნა რადას. შეგახსენებთ, რომ სხვა რეზონანსული გადაწყვეტილების შემთხვევაში, როგორიც იყო მიწის ღია ბაზრის შექმნა თუ კანონის მიღება საბანკო საქმიანობის შესახებ, რომლითაც შეუძლებელი ხდება „პრივატბანკის“ დაბრუნება ყოფილი მფლობელებისთვის, მმართველმა პარტია „ხალხის მსახურმა“ ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების - „ევროპული სოლიდარობისა“ და „ჰოლოსის“ - მხარდაჭერით მიიღო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაჰდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

უმრავლესობა ვერხოვნა რადაში ეკუთვნის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილ პარტია „ხალხის მსახურს“ და ასეთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღების მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მმართველ ძალას აკისრია. მაგრამ, ანალიტიკოსების დაკვირვებით, რეგიონალურ არჩევნებში განცდილი მარცხისა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ფაქტორის გამო, „ხალხის მსახურის“ შიგნით აღარ არის ისეთი მტკიცე ერთობა, როგორიც იყო 2019 წლის ივნისში.

„მის რიგებში სერიოზული განხეთქილებაა. დეპუტატების ნაწილი, რომელიც აკრიტიკებდა მთელ ამ ანტიკორუფციულ ინსტიტუციებს, ორიენტირებულია ოლიგარქ კოლომოისკიზე და ისინი მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის ინიციატივას. აშკარაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ და „ჰოლოსი“ და, დიდი ალბათობით, იულია ტიმოშჩენკოს „ბატკივშჩინა“. მაგრამ საკითხავი ისაა, იკმარებს თუ არა ეს ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, მმართველი პარტიის ნაწილის წინააღმდეგობის შემთხვევაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იური პანჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოწვევა მიიღო.

29 ოქტომბერს გამართული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არც უკრაინის საზოგადოება და არც ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ უკრაინაში ელექტრონული დეკლარირების სისტემის დემონტაჟს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ თავის აპარატს დაავალა ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობისათვის აუცილებელი საკანონმდებლო პაკეტის დაუყოვნებლივ მომზადება და ვერხოვნა რადაში წარდგენა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თხოვნით მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს, რომ დაადგინონ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების „ყველა დეტალი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG