Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილებმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს.


სოზარ სუბელიანი, თბილისი “აფხაზ და ქართველ ხალხს ომის შემდეგ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ, არადა, დიდი შერიგება ყოველთვის მსხვერპლის ნებით იწყება. გვწამს, ჩვენ ბევრად უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბება შეგვიძლია.

ვიდრე ადრე გვქონდა – ნაღდის, ყოველგვარი სიყალბის გარეშე!” – ნათქვამია ახლადდაარსებული მოძრაობის – “აფხაზეთი – ნდობა და თანამშრომლობას” – მიმართვაში.

თავად მოძრაობის სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მის პრიორიტეტს აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება წარმოადგენს. მოძრაობის თავმჯდომარის, მწერალ გურამ ოდიშარიას თქმით, საზოგადოების დამფუძნებლები აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან: [გურამ ოდიშარიას ხმა] “ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და არა პოლიტიკური. როდესაც გადავხედეთ ჩვენს სიას, აღმოჩნდა, რომ აქ არიან სოხუმის, გაგრის, გალის საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც სახელისუფლებო სტრუქტურის არც ერთი წარმომადგენელი არ არის.”

მოძრაობის წევრების აზრით, აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება აუცილებელია, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ არსებობს თუნდაც ერთი მაგალითი, როცა კაცობრიობამ ომით შეძლო რომელიმე კონფლიქტის მოგვარება: [გურამ ოდიშარიას ხმა]. “ეს ვერ მოხერხდა ვერც იუგოსლავიაში, ხედავთ, რა ხდება პალესტინაში? ხედავთ, რა ხდება კიპროსზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირიქით, როდესაც საომარი ოპერაციები დაიწყო, ეს კონფლიქტები გაღრმავდა და გაფართოვდა და ისეთი სფეროებიც ჩაითრია, რომლებიც მანამდე არ იყო ჩათრეული.”

მოძრაობის დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ ისინი ქართულ-აფხაზურ დიალოგს ახალ ეტაპზე აიყვანენ. მათი თქმით, სამთავრობო დონეზე დიალოგს, ჯერჯერობით, შედეგი არ მოსდევს, ე.წ. სახალხო დიპლომატიაში კი ადამიანთა იმდენად მცირერიცხოვანი წრე მონაწილეობს, რომ მას მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეს სახელი ეწოდოს. “ნდობა და თანამშრომლობის” წევრები იმედოვნებენ, რომ ისინი გააფართოვებენ სახალხო დიპლომატიის საზღვრებს, რაც კონკრეტული პროექტების განხორციელებაში უნდა გამოიხატოს: [გურამ ოდიშარიას ხმა] “ვაპირებთ ერთობლივი წიგნის გამოცემას. ეს იქნება წიგნი, თუ როგორ დაინახეს თავისი ხალხის გასაჭირი ძალიან კარგმა აფხაზმა მწერლებმა, თუ რა ომი გადაიტანა აფხაზმა ხალხმა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის აფხაზი ხალხი არ არის შორეული ხალხი. ამ წიგნში იქნება ისიც, თუ რა ომი გადაიტანა ქართველმა კაცმა, რა გადახდათ იმ ადამიანებს, ვინც ამ ომში დამნაშავენი არ არიან, საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე თუ სხვაგან… გარდა ამისა, ჩვენი ძალებით ვამზადებთ საგვარეულო შეხვედრებს. ეს იქნება მარღანიების, კვარაცხელიებისა და სხვათა საგვარეულო შეხვედრები. ასეთი შეხვედრები დღემდე არ შემდგარა.”

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ისტორიკოს გურამ კვარაცხელიას თქმით, სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის მრავალი რეზერვი არსებობს, რომელთა შორის ყოფილ მეომრებს შორის დიალოგიც იგულისხმება: [გურამ კვარაცხელიას ხმა] “ჩვენ ჯერ არ დავმსხდარვართ ერთად და არ გვისაუბრია, რა მოგვიტანა ამ ომმა იმ ხალხს, ვინც იყო ამ ომის უშუალო შემსრულებელი, ვისაც – ერთსაც და მეორე მხარესაც – იარაღი დაგვაკავებინეს ხელში და გვაომეს ერთმანეთთან. ალბათ მოვიდა დრო, როცა აფხაზები და ქართველები უნდა დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ…”

მწერალ ნაირა გელაშვილის თქმით, მიუხედავად კეთილი სურვილისა, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევა ძნელი წარმოსადგენია, იმდენად განსხვავებულად აფასებენ მხარეები აფხაზეთის ომს. მეორე მხრივ, ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს ის ეიმედებათ, რომ თანამედროვეობის სხვა ომებისგან განსხვავებით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ერთმანეთის გადარჩენისა და ერთმანეთთან ადამიანური ურთიერთობის შემთხვევები გაცილებით მეტი იყო, რაც სამომავლო დიალოგის კარგ საფუძველს ქმნის.
XS
SM
MD
LG