Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელები წლის ადამიანს ასახელებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში წლის ადამიანად ჯორჯ ბუშს თვლიან – ასეთია გაზეთ “ კვირის პალიტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომელშიც 368 რესპონდენტი მონაწილეობდა.

ამერიკის პრეზიდენტს ხმა გამოკითხულთა 44, 4 პროცენტმა მისცა. პოპულარულობით მეორე ადგილზე ბინ ლადენი გავიდა. გამოკითხვის ორგანიზატორთა შენიშვნით, თუ მამაკაცები თავის სიმპათიას ჯორჯ ბუშის მიმართ გამოხატავდნენ, ქალების უმრავლესობა თავის რჩეულად ბინ ლადენს აცხადებდა.

მსოფლიოს მასშტაბით საქართველოში წლის ადამიანის დასახელების თვალსაზრისით ჯორჯ ბუშს და ბინ ლადენს პოპულარულობით ვერც ერთი სხვა პიროვნება ვერ შეედრება. საქართველოში წლის ადამიანად ჯორჯ ბუშს გამოკითხულთა 44,4, ხოლო ბინ ლადენს 43,3 პროცენტი თვლის. სულ რაღაც 3,4 პროცენტი მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი და მადრიდის რეალის პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ.
რაც შეეხება გამოკითხულთა სიმპათიებს ადგილობრივი პოლიტიკოსების მიმართ, წლის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად ნინო ბურჯანაძე დასახელდა. მეორე ადგილზე პოპულარობის თვალსაზრისით იუსტიციის ექს –მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გავიდა. მესამეზე – პრეზიდენტი შევარდნაძე. ასევე წარმატებულ პოლიტიკოსებად დასახელდნენ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, პარლამენტის ექს-სპიკერი ზურაბ ჟვანია, პარლამენტარები ელენე თევდორაძე, ჯუმბერ პატიაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, ლევან მამალაძე.
სამწუხაროა, რომ ამ გამოკითხვების შედეგებს ფსიქოლოგების პროფესიული კომენტარი არ ერთვის. არადა, მართლაც დამაინტრიგებლად გამოიყურება ქართველების მიერ მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული ადამიანების დასახელებისას დაახლოებით ერთი და იმავე კრიტერიუმით ხელმძღვანელობა. მაგალითად, ფაქტია, რომ პირველ ადგილებზე გასულთა წარმატებაში დიდი როლი ითამაშა შემთხვევითობამ. კერძოდ:
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯორჯ ბუშის პოპულარობამ მის სამშობლოშიც და მსოფლიოშიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ იმატა. იგივე შეიძლება ითქვას ნინო ბურჯანაძეზეც – რომ არა ნოემბრის ხმაურიანი მოვლენები და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა, საეჭვოა, ოდესმე იგი სპიკერის პოსტზე აღმოჩენილიყო. რაც შეეხება ბინ ლადენისა და მიხეილ სააკაშვილის მსგავსებას –მიხეილ სააკაშვილს ოპონენტები ქართული პოლიტიკის თავისებურ ბინ ლადენი უწოდებენ. მაგალითად, ასეთი განცხადებების გამო:[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “აი, სახელმწიფო პირის აღმშენებლობითი პროცესი. რა თქმა უნდა, როდესაც ჰკითხავენ საკუთარი ოჯახის წევრები, ეტყვიან, რომ ოჯახებს მართლა გაუკეთეს გალავნიანი შენობები – საირმის გორა, წყნეთი...თქვენი უწყების თანამშრომლებიც არიან და სხვებისაც, ვინც აქ ზის…წარმოგიდგენთ შემდეგი მთავრობის სხდომაზე დეტალურ სიას.”
სხვათა შორის, იგივე კორუფციასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის განცხადებებიც კი თვალშისაცემად ფრთხილია. მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, იგი, ასე ვთქვათ, მორალური კატეგორიებით აპელირებს[ნინო ბურჯანაძის ხმა] “თითოეულ მათგანს უნდა ეყოს მოქალაქეობრივი გამბედაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გრძნობს, რომ არ ენდობა მოსახლეობის უმრავლესობა, თავად დატოვოს თანამდებობა, რომელიც აქვს დაკავებული.”
გულახდილად რომ ითქვას, ჯერჯერობით არც სააკაშვილის რევოლუციორ პათოსს ან ბურჯანაძის მორალისტობას რაიმე გარდამტეხი გავლენა ქართველი კორუმპირებულების ბუნებაზე არ მოუხდენია – ჩვენში როგორც იპარავდნენ, ისევე იპარავენ.
XS
SM
MD
LG