Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის გაზეთ “ჰიურიეთის” გერმანული გამოცემა ცდილობს, გერმანულ რეალობას მოერგოს


გაზეთი “ჰიურიეთი” მძლავრია, მას ევროპა ჰყავს დაპყრობილიო.

– ამაყად ამბობს ამ თურქულენოვანი გაზეთის გერმანული გამოცემის რედაქტორი ჰალით ჩელიკბუდაკი და აზუსტებს: რა თქმა უნდა, დაპყრობილი ჰყავს თურქული ევროპაო.

“ჰიურიეთი” მართლაც უზარმაზარი გამოცემაა, თურქეთის ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთია ნახევარმილიონიანი ტირაჟით. გერმანიაში, გაზეთის მონაცემებით, მას 200 ათასი მკითხველი ჰყავს. “ჰიურიეთი” (ქართულად ეს სიტყვა “თავისუფლებას” ნიშნავს), გერმანიაში პირველად 1965 წელს ჩაიტანეს იქ მომუშავე თურქი მუშებისთვის. 1973 წელს გაზეთი გაფართოვდა. მას დაერთო გერმანიაში გამომავალი დამატება, რომელსაც ახლა 20 რედაქტორი და 100-მდე თავისუფალი კორესპონდენტი ამზადებს 6 რეგიონულ ბიუროში.

მთავარი რედაქტორი, ჰალით ჩელიკბუდაკი უკმაყოფილოა, რომ არ ჰყავს გერმანიაში სათანადო კონკურენტი, რომელიც მის გაზეთს დამატებით სტიმულს მისცემდა. მისი თქმით, როცა სატელიტური ტელევიზია არ არსებობდა და თურქები მხოლოდ ამ გაზეთით იგებდნენ საკუთარი სამშობლოს ამბებს, მასმედიის ბაზარი უფრო იოლად დასაპყრობი იყო.

გაზეთს წლების განმავლობაში ბრალად სდებენ, რომ ის გერმანელების მიმართ უნდობლობას თესავს და ხელს უშლის გერმანიაში თურქების ინტეგრაციას.

ვინც გერმანიაში მცხოვრები თურქების თემით დაინტერესებულა, შეამჩნევდა, რომ გერმანიაში თურქებს ინტეგრაციის პრობლემას მათივე ზნე-ჩვეულება უქმნის. უბრალოდ, თითოეულ თურქს გერმანულ საზოგადოებაში ათქვეფა საკუთარ სახეს აკარგვინებს და იმის გამო, რომ მხოლოდ გერმანულად ლაპარაკი და იქაურ ყაიდაზე ჩაცმა-დახურვა გაგერმანელებისთვის არ კმარა, მათ ღამურის სინდრომი უჩნდებათ. ანუ ისინი გერმანიაში, სადაც დაიბადნენ, თავს ვერ გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში და უცხოდ არიან თურქეთშიც, რადგან იქ არ უცხოვრიათ და ეს პრინციპულად განსხვავებული წეს-წყობილების საზოგადოებაც ვერ ჰგუობს მათ.

ასე რომ, “ჰიურიეთისთვის” იმის დაბრალება, რომ ის ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და გერმანიასა და გერმანელებს უცხოდ აცხადებს, იოლი იყო და არის. გერმანიის ხელისუფლებას თავისი ადარდებს. მას არ სურს, რომ იქ კანონიერად მყოფი მოქალაქეები ინტეგრაციის დეფიციტს განიცდიდნენ. ამიტომაც შეუტიეს “ჰიურიეთს”. სასამართლოში აღიძრა ოთხი საქმე გაზეთის წინააღმდეგ, შეურაცხყოფისა და არასწორი ცნობების გამო. გერმანიის პრეზიდენტთან და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს “ჰიურიეთის” გამომცემელი, თურქეთის მასმედიის დიდი მაგნატი აიდინ დოგანი და მას ინტეგრაციისადმი მტრულად განწყობილი საგაზეთო მიმართულების გარშემო ესაუბრნენ.

სულ ახლახან გაზეთი დაუზოგავად ლანძღავდა გერმანიის მთვარობას, მუდმივად “გამოააშკარავებდა” ხოლმე (როგორც თავად უწოდებდა) თურქების მტრებს გერმანულ საზოგადოებაში და სხვა. ეს უწინაც ხდებოდა, მაგრამ ახლახან, გერმანიაში, უფრო ყურადღებით დაიწყეს გაზეთის კითხვა. გააქტიურენენ თურქებიც, თორემ გერმანელები, იმის გამო, რომ არ იციან, რა წერია თურქულ გაზეთში, ამ პრობლემებს არ იცნობდნენ.

“ჰიურიეთის” გერმანული გამოცემა აქვეყნებდა ხოლმე იმათ მისამართებს, ტელეფონისა და ფაქსის ნომრებს, ვინც ქურთების ან ისლამისტების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი და ხალხს მათ წინააღმდეგ აქეზებდა. მაგალითად, ცნობილი ტელეჟურნალისტი კლაუს ბედნარცი იძულებული შეიქნა, პოლიციისთვის ეთხოვა დაცვა, იმდენად აგრესიული გახდნენ მის მიმართ გერმანიაში მცხოვრები ის თურქები, რომლებიც “ჰიურიეთის” პროპაგანდისტულ კამპანიას აჰყვნენ. გერმანიის ტელევიზიის პირველი არხით გამოსვლისას, ბედნარცმა თქვა, თურქეთის მთავრობა ქურთების მიმართ თავისი პოლიტიკით, ქურთისტანის კომუნისტური პარტიის ზრდას უწყობს ხელსო.

“ჰიურიეთმა” არ დაინდო და, თურქების აზრით, ალბათ საშინელი რამ დააბრალა ჯემ იოზდემირს, გერმანიის ბუნდესტაგში მწვანეთა პარტიის წარმომადგენელს. გერმანიის პარლამენტის წევრი გაზეთმა სამშობლოს, თურქეთის მოღალატედ გამოაცხადა იმის გამო, რომ “მწვანე” პოლიტიკოსმა სომეხ მღვდელს ხელზე აკოცა. იოზდემირი სასამართლოში წავიდა, უჩივლა გაზეთს და აიძულა, მისი აზრიც გამოექვეყნებინა. იოზდემირი, თავის მხრივ, მკაცრია “ჰიურიეთის” მიმართ. ის ამბობს, რომ რასაც ეს ორგანო აკეთებს, ჟურნალისტური საქმიანობა კი არ არის, არამედ პროპაგანდაა.

არის თუ არა პროპაგანდა ის, რასაც “ჰიურიეთი” აკეთებს, ძნელი სათქმელია. ეს რომ შეაფასო, ამ გაზეთის მკითხველი მაინც უნდა იყო. გერმანიის საზოგადოება ამ პრობლემას ვიწრო კუთხით უდგება და აცხადებს, რომ თუკი გაზეთი გერმანიაზე წერს, რომ ეს უცხო ქვეყანაა და თურქები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, იქ უცხოები არიან, ამასთან გერმანელებს შორის თურქების მიმართ ბევრი მტრულად არის განწყობილი, მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ სრულიად უცხო ქვეყანაში ცხოვრობს.

მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს გაზეთი არც ისე პოპულარული ყოფილა, როგორც ეს თვით გაზეთს სურს წარმოაჩინოს; და მეორეც: ის, რაც გერმანელებისთვის პროთურქულობა, ნაციონალიზმი და მისთანაა, თურქებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უარყოფითად ეკიდებოდენენ, მაგალითად, პოსტსაბჭოთა პერიოდის, თავინთი ქვეყნების დამოუკიდებლობის მომხრე ეგრეთ წოდებულ ნაციონალისტ პოლიტიკოსებს და ისინი საშიშებად მიაჩნდათ. ამ მხრივ თურქები და ქართველები, ერთ ბედქვეშ არიან. “ჰიურიეთის” გერმანიის გამოცემის დირექტორი, ქალბატონი სევდა დიდუროღლუ, არ ეთანხმება ბრალდებას, რომ გაზეთი ნაციონალისტურ კამპანიას მიმართავს. ის განგვიმარტავს, რომ თურქეთის ჟურნალისტიკა მებრძოლია. და რომ ხალხმა, როცა რაიმე არ მოსწონს, პროტესტი უნდა გამოხატოს. ამიტომაც არის თურქული პრესა დემოკრატიის გუშაგი. და, განაგრძობს სევდა დიდუროღლუ, გაზეთის ეროვნული სიამაყე არ უნდა მივიჩნიოთ ნაციონალიზმად. გაზეთის ლოზუნგი, “თურქეთი თურქებს”, ქემალ ათათურქის მთავარი ლოზუნგი იყო და აგრესიას კი არ გამოხატავს, არამედ სიამაყეს.

გერმანიაში გამომავალ ამ გაზეთს, თურქული “ჰიურიეთის” დამატებას, ახალგაზრდა მკითხველი შემოაკლდა. ამიტომ, რედაქცია ბოლო ხანს უპირატესობას ანიჭებს ნაკლებად დოგმატურ, ლიბერალურ კომენტარებს. ბევრ რამეზე მეტყველებს გაზეთის ასეთი ნაბიჯიც: გერმანიის აღმოსავლეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელი უდო შტაინბახი გაოცებული იყო, როცა მის ადვოკატს “ჰიურიეთიდან” დაურეკეს და განუცხადეს, შტაინბახის სასამართლო ხარჯებს ჩვენ ვკისრულობთო. არადა, “ჰიურიეთმა” მისი საწინააღმდეგო კამპანიიის გამო თვითონ უჩივლა შტაინბახს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG