Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დაუფინანსებლობის მიზეზით რამდენჯერმე გადადების შემდეგ, 17 იანვარს საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო.

წინასწარი გათვლებით, აღწერა 8 დღეს გასტანს და, კონფლიქტური რეგიონების გამოკლებით, მთელს საქართველოს მოიცავს.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ორი წელია, ემზადება. რამდენჯერმე ამ ფართომასშტაბიანი და ძვირადღირებული აქციის დაწყების თარიღიც კი გამოაცხადეს, მაგრამ უსახსრობამ აღწერის დაწყების ვადებზე თავისი გავლენა მოახდინა. 2002 წლის 17 იანვარს დაწყებულ საყოველთაო აღწერას ტექნიკურ დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთის სახელმწიფოები უწევენ.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობის აღწერის მთელი სიმძიმე იმ 16 ათასი აღმწერის მხრებზე გადავა, ვისაც, სპეციალურად მომზადებული კითხვარების შესავსებად, რვა დღის განმავლობაში კარდაკარ სიარული მოუწევს. 17 იანვარს გავრცელებული ცნობებით, აღმწერებმა მუშაობა პარასკევს, ღამის 12 საათზე დაიწყეს და პირველ რიგში ლილოს ბაზრობის გამყიდვლები აღწერეს. ამ დროისთვის უკვე, ასე ვთქვათ, “აღწერილია” პრეზიდენტი თავისი ოჯახითურთ, თბილისის მერი ვანო ზოდელავა, 101 წლის დამსახურებული მოქალაქე პავლე აბულაძე და სხვა მოქალაქეები.

სპეციალისტთა განმარტებით, თავად მოსახლეობის რაოდენობის დადგენის გარდა, აღწერის ჩატარებისას დადგინდება მოსახლეობის რელიგიური აღმსარებლობა, არსებობის წყაროები, უცხოეთში მყოფი ადამიანების რაოდენობა და ა.შ. შეგახსენებთ: ბოლო აღწერით, რომელიც 1989 წელს ჩატარდა, საქართველოში 5 458 000 ადამიანი ცხოვრობდა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვარაუდით, პირველი შედეგები მოსახლეობის საერთო რაოდენობისა და სქესობრივი თანაფარდობის შესახებ ზაფხულში გახდება ცნობილი, თუმცა, სპეციალისტები დღესვე აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში შემაშფოთებლად შემცირდა. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ანზორ თოთაძე საქართველოში დამდგარ “დემოგრაფიულ ზამთარზე” საუბრობს, როცა გარდაცვლილების რაოდენობა დაბადებულებისას სჭარბობს. მისივე განმარტებით, მოსახლეობის აღწერა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, სამეცნიერო დონეზე განახორციელოს ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება.

სხვათა შორის, ამ კვირაში დადასტურდა, რომ ჩვენი პარლამენტარები საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებისთვისაც ზრუნავენ. ამ კვირაში პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მხოლოდ ორი პოზიტიური ახალი ამბავი ითქვა: მაჟორიტარ პარლამენტარს ზუგდიდიდან, თენგიზ ჯგუშიას, ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა, დეპუტატ სანდრო ბრეგაძეს კი გოგონა გაუჩნდა. თუმცა, ამ უკანასკნელს შვილის გაჩენის სიხარულს გარკვეულწილად გაუხუნებდა 17 იანვარს, გამთენიისას, მის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დროსაც პარლამენტარს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საოჯახო ნივთები წაართვეს. დაზარალებული არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებას, რომ “სანდრო ბრეგაძე შემთხვევითი მსხვერპლის როლში აღმოჩნდა” და აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მოაწყეს.
XS
SM
MD
LG