Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი დანიშვნები იუსტიციის სამინისტროში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ხუთშაბათს ჟურნალისტებს ოთხი ახალი თანამშრომელი წარუდგინეს.

სამინისტროში შეიქმნა გენერალური ინსპექცია, რომელიც სამსახურებრივი მოკვლევისა და საფინანსო-სარევიზიო სამმართველოებს აერთიანებს. გენერალური ინსპექციის უფროსად ყოფილი პროკურორი, გიორგი ღვინიაშვილი დანიშნეს. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს გია გოგიბერიძე, რომელიც მანამდე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი იყო. სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტს სათავეში ჩაუყენეს გიორგი ჯანაშია, ხოლო სააღსრულებო დეპარტამენტს - დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი რაიონული პროკურორი გიგლა აგულაშვილი.

გენერალურ ინსპექციას იუსიტიციის სამინისტროში ევალება მთელი სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების უზრუნველყოფა, სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენა და პროფილაქტიკა. ინსპექცია ამოწმებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა სტრუქტურას და აკონტროლებს მათ ფინანსურ საქმიანობას. ინსპექციის უფროსი, გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ იმუშავებს ცხელი ხაზი, [გიორგი ღვინიაშვილის ხმა]: “რომლის მეშვეობითაც ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება დაგვირეკოს და შეგვატყობინოს ნებისმიერი ფაქტი, რაც დაკავშირებული იქნება იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთა მხრიდან მათი უფლებების დარღვევასთან, ასევე სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან”.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს შეიქმნა ამ უწყების საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭო, რომელსაც მნიშვნელოვანი დანიშვნების წინ სამინისტროს ხელმძღვანელობა წარუდგენდა კანდიდატებს და ხშირად ითვალისწინებდა კიდეც საბჭოს წევრების აზრს. ახლა მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც მინისტრის მოადგილემ, ირინა იმერლიშვილმა ასე განმარტა: საბჭოსთან კონსულტაციები სამინისტროს მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა საქმე ეხებოდა დანიშვნებს სასჯელთა აღსრულების სისტემაში. ამ ჯერზე კი ასეთი დანიშვნა არ ყოფილა;

არსებითად, უპასუხოდ დარჩა კიდევ ერთი კითხვა ანტიკორუფციული კანონის შესახებ; დაუსაბუთებელი ქონების კანონპროექტის საპასუხოდ პრეზიდენტმა შევარდნაძემ იუსტიციის სამინისტროს დაავალა შესაბამისი კანონის შემუშავება. ჯერჯერობით სამინისტროში ვერაფერს ამბობენ ამ დავალების შესრულებაზე. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გია გოგიბერიძე თანამდებობაზე რამდენიმე დღის დანიშნულია და ვერ ლაპარაკობს არათუ დეტალების, არამედ იმ პრინციპულ განსხვავებათა შესახებ, რაც იუსტიციის სამინისტროს შემუშავებულ კანონპროექტსა და უკვე არსებულ კანონპროექტს შორის იქნება. გია გოგიბერიძის თქმით [გოგიბერიძის ხმა]: “მე დაგიდასტურებთ, რომ სამინისტრო მუშაობს აღნიშნულ კანონპროექტზე. ჩვენი მომზადებული არც ერთი კანონპროექტი არ იქნება მიმალული და მიჩუმათებული. როგორც კი გვექნება საშუალება, ვთქვათ, რომ კანონპროექტი მზად არის საზოგადოებისათვის წარსადგენად, ჩვენ ამას გამოვაცხადებთ. კანონპროექტში ჩადებულ ძირითად პრინციპებსა და დებულებებს აუცილებლად ვაცნობებთ ფართო საზოგადოებას”.

ცნობილია, რომ ამა წლის იანვრის თვეში სასჯელთა აღსრულების სისტემაში 6 პატიმარი გარდაიცვალა. კითხვას, კონკრეტულად ვის შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა პატიმართა სიკვდილისათვის, ირინა იმერლიშვილმა მძიმე პირობებზე ლაპარაკი შეაგება.
XS
SM
MD
LG