Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ფერხდება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონის ამოქმედება?


ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს პარლამენტი კანონშემოქმედებით მუშაობას ყოველწლიურად მაღალი მაჩვენებელით ამთავრებს.

მაგრამ, ერთია კანონების მიღება და მეორე - მათი ცხოვრებაში გატარება. კოლიზია რეალობასა და კანონებს შორის კი მთავრდება იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები კონსტიტუციით მინიჭებულ ბევრით უფლებით დღემდე ვერ სარგებლობენ. ერთ-ერთი ასეთი უფლება, რომელიც კანონიერ ძალაში 1997 წელს შევიდა, მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის არჩევის ნებას აძლევს.

შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონი საქართველოში პირველად 1991 წელს, ყოფილი უზენაესი საბჭოს მიერ იქნა მიღებული და მას ხელს თავად ზვიად გამსახურდია აწერდა.
იმხანად ბევრმა სახელმწიფო მოხელემაც კი ვერ გაიგო, თუ რა საჭირო იყო ასეთი კანონი მაშინ, როცა არათუ არავინ ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე, არამედ ახლად ჩამოყალიბებული ეროვნულ გვარდიის ხელმძღვანელობა, ფაქტიურად, ვერ აუდიოდა სამხედრო უწყების რიგებში ჩარიცხვის მსურველებს.

თუმცა ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მოტივაცია გასაგები იყო - მას სურდა დემოკრატიული კანონებით თანდათანობით გამიჯვნოდა იმ ტოტალიტარულ სისტემას, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ყოველგვარი ჰუმანური კომპრომისი რწმენის თავისუფლებასა და სამხედრო ვალდებულებას შორის.

ცხადია, გამსახურდიას დამხობის შემდეგ ეს კანონი დიდი ხანი აღარავის მოუკითხავს. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას დაძრავდნენ არასამხედრო ალტერნატივაზე, იძულებული ხდებოდნენ ან "სექტანტობის" დამადასტურებელი საბუთი წარედგინათ კომისრიატებში, ანდა პირდაპირ დევნა-შევიწროებას განიცდიდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" მონაცემებით, ამ პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ალტერნატიული სამსახურის მსურველ წვევამდელზე, სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. ხოლო რამდენჯერმე ალტერნატიული სამსახურის მთხოვნელს თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯა.

ასეთი განუკითხაობა გრძელდებოდა 1997 წლამდე, ვიდრე სამოქალაქო სექტორისა და მედიის ზეწოლის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა ხელახლა არ მიიღო კანონი "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ".

შესწორებული კანონის მიხედვით, ალტერნატიულ შრომით სამსახურად გამოცხადდა 36 თვიანი საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო, კომუნალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში. ასეთი ფორმით ვალდებულების მოხდის უფლებას კი ის წვევამდელები მოიპოვებენ, რომლებიც შეძლებენ დაუასაბუთონ, რომ სწორედ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის მოტივით ამბობენ უარს სამხედრო სამსახურის გავლაზე.

დასაბუთების პროცედურა კი შემდეგნაირად უნდა წარიმართოს - წვევამდელი ჯერ სამხედრო კომისარიატს მიმართავს შესაბამისი განცხადებით; მოძიებული მასალების მიხედვით კომისარიატი გამოიტანს შუალედურ დასკვნას, რომლიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სახელმწიფო კომისიას გადაეგზავნება.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის განმავლობაში კანონიერი უფლებით ჯერ არც ერთ წვევამდელს არ უსარგებლია. კანონის აუმოქმედებლობა კი, როგორც წესი, ერთ ძალიან ნაცნონ პრობლემას უკავშირდება.

[მირიან კიკნაძის ხმა] "სამსახურის ამუშავებას თავიდან სჭირდება გარკვეული დაფინანსება. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, სამსახურის მუშაობისათვის რაღაც გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, რომ შესაძლებელი იყოს იქ მიიღო ადამიანი და დაასაქმო ალტერნატიულ სამსახურში. მაგრამ არც ერთი თეთრი, რაც ეს კანონი შეიქმნა, არ გამოყოფილა. სანამ ბიუჯეტში არ ჩაჯდება მუხლი ალტერნატიული შრომითი სამსახურის დაფინანსებისა, მანამ ეს კანონი არ იმუშავებს, ჩვენ რაც არ უნდა ოქროს კანონები დავწეროთ".

არადა, როგორც ირკვევა, ყოველწლიურად მატულობს იმ წვევამდელთა რაოდენობა, რომლებიც სინდისისა და რწმენის მოტივით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურის გავლაზე. საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მირიან კიკნაძის ინფორმაციით, მათი რიცხი მხოლოდ გასულ წელს 470 კაცს შეადგენდა.

თუმცა ფინანსების უქონლობა მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია და არა ერთადერთი. არსებობს არანაკლებ რთულად გადასალახავი პრობლემა. კერძოდ, კანონში არაფერია ნათქვამია იმ პროცედურისა თუ კრიტერიუმის შესახებ, რომლითაც უნდა დაასაბუთოს ადამიანმა, რომ მას სწორედ სინდისი, აღმსარებლობა ან რწმენა უკრძალავს იარაღის ხელში აღებას და არა დეზერტირობის სურვილი.

[მირიან კიკნაძის ხმა] " აქ კიდევ მეორე კანონი ერთვება, რაც ხელს შეუშლის, რაც შეეხება მრწამსათან დაკავშირებით. ჩვენ არა გვაქვს კანონი რელიგიის შესახებ. ეკლესიის მიერ ან რაღაც თემის მიერ გაცემული დოკუმენტი, არ არის ჩვენთვის იურიდიული კანონი. უნდა იყოს რაღაც იურიდიული დოკუმენტი, რომ ეს არის ნამდვილად არის ამადაამ, დაუშვათ, სამწყსოს წევრი და, ამის გამო, ის აცხადებს უარს სამსახურზე."

მაგრამ ყველაზე დაუჯერებელი მთელ ამ სიტუაციაში ის არის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მთავარი - თვით ის სახელმწიფო კომისია, რომელმაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში მსურველთა ჩარიცხვა-არჩარიცხვის საკითხი და "უიარაღო ჯარისკაცების" შემდგომი ბედი უნდა გადაწყვიტოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG