Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა


თურქეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ცივი ომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის სრულიად ახლებური,

მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ეს ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება. 14 მარტს თბილისში თურქეთის და საქართველოს იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის 10 პუნქტიან ოქმს მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციასაც. ჰექმედ სამი თურქმა თურქეთის სპეცსამსახურების მიერ სამცხე-ჯავახეთში პროვოკაციის დაგეგმვას გამოგონილი უწოდა.

ოფიციალური თურქეთი მიესალმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიწონეს საქართველოში შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა და გამოთქვეს იმედი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოება საქართველოში წესრიგის დამყარების საფუძველი გახდება.

აღსანიშნავია თავად თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა. როგორც ცნობილია, გასულ კვირაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის ხელისუფლებისგან 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება მიიღო. ეს იყო არასაბრძოლო სატრანსპორტო საშუალებები, კავშირგაბმულობის საშუალებები და ფორმის ტანსაცმელი. ამ დღეებში, კერძოდ, 19 მარტს კი, თურქეთის ტერიტორიაზე ქართველი და თურქი მესაზღვრეების ერთობლივი სწავლებაც დაიწყება. ეს ღონისძიება ორი ქვეყნის მესაზღვრეთა კოორდინაციის გაუმჯობესებას უკავშირდება. რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის მინისტრების მიერ 14 მარტს ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს, ეს უკანასკნელი გულისხმობს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას, ინფორმაციის გაცვლას, სპეციალისტების მომზადებას და გაცვლას, აგრეთვე, სამართლებრივ თემებზე ერთობლივი კონფერენციების ჩატარებას.
იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა ამ ოქმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, რომ თურქეთთან - როგორც ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის სფეროში გამოცდილ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და ნატოს წევრ სახელმწიფოსთან - ურთიერთობის გაძლიერება საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ჰექმედ სამი თურქმა გილიგაშვილის ნათქვამს დასძინა, რომ ევრაზიაში საქართველოს და თურქეთის სტრატეგიული მდებარეობა ამ ქვეყნების აღორძინების საწინდარი გახდება. ჰექმედ სამი თურქი რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ პროვოკაციულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

[ჰექმედ სამი თურქის ხმა] “თურქეთის სპეც.სამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე პროვოკაციის აგორება გამორიცხულია. აღნიშნულის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების მიზეზით რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში ატეხილი ისტერიის ერთ-ერთ მიმართულებად სამცხე-ჯავახეთის თემა იქცა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოსდა თურქეთის სპეც.სამსახურები სამცხე-ჯავახეთში ქართველებსა და სომხებს შორის სამხედრო კონფლიქტის აგორებას გეგმავდნენ. “ანკარის აზრით, სამცხე-ჯავახეთი უნდა დაიცალოს სომხური მოსახლეობისგან და თურქეთის პროტექტორატში უნდა გადავიდესო,”- ამტკიცებდნენ ისინი, ვინც მართლაა დაინტერესებული სამცხე-ჯავახეთში ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობის გამწვავებით.
ამ რეგიონში ვითარების გამწვავება სწორედ რუსეთის ინტერესებში ჯდება და არა თურქეთის, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებიც თურქეთთან თანამშრომლობით არის გადასაწყვეტი და ისინი, ძირითადად, აფხაზეთს უკავშირდება.
სოხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, იქ მოქმედებს თურქული კომპანია, რომელსაც აფხაზეთიდან ქვანახშირი გააქვს. შეკითხვას, რამდენად გამართლებულია თურქული კომპანიის ასეთი ქმედება, ჰექმედ სამი თურქმა უპასუხა:

[ჰექმედ სამი თურქის ხმა]“ყველა ადამიანი და ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს, ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას საქართველოს კანონები. თურქული ფირმაც ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონები, მაგრამ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება საქართველოს პრეროგატივაა, თურქეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშუალის აღკვეთა კი - თურქეთის. ამ მხრივ, თურქეთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.”

პასუხი არცთუ დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, სამართლებრივ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებით, თურქეთსა და საქართველოს არ უნდა გაუჭირდეთ იმ პრობლემის მოგვარება, რასაც აფხაზეთში თურქული კომპანიების არალეგალური საქმიანობა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG