Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე ჟურნალისტების ხელშეწყობის შემდეგ დაიჭირეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რა მოჰყვა პროგრამა "60 წუთის" ორი კვირის წინანდელ გადაცემას: ჩეჩენი ეროვნების აიუბ პაიკაევი, რომლის მეშვეობითაც ჟურნალისტებმა პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი იარაღით ვაჭრობაში ამხილეს,

ამჟამად წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. ორი დღის წინ პაიკაევს თბილისში თავს დაესხა სამი უცნობი პიროვნება და სასტიკად სცემა. მოძალადეთა ცივი იარაღით მოგერიების მცდელობისას პაიკაევმა შემთხვევით დაჭრა მოქალაქე, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს პაიკაევი დააკავა პოლიციამ, რომელსაც ხელი არ უხლია იმ პირებისთვის, ვინც პაიკაევს მძიმე ტრავმები მიაყენა. სამშაბათს, 2 აპრილს, "60 წუთის" წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციაში "ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის" პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც საქმის არსის გადმოცემასა და პაიკაევის გამოქომაგებას შეეცადა.

აიუბ პაიკაევი ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერია. სწორედ მასზე იყო დამაგრებული ფარული კამერა, რომელმაც აღბეჭდა პაიკაევთან მოსაუბრე, უფრო ზუსტად, იარაღის თაობაზე მოვაჭრე ტრისტან წითელაშვილი. აკაკი გოგიჩაიშვილი შეგვახსენებს, რომ ლაპარაკია ცხინვალში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილებიდან პანკისში იარაღის გადატანაზე. [გოგიჩაიშვილის ხმა]: “არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მე ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია; როცა რუსეთი აცხადებს პრეტენზიას, რომ უნდა ჩაერთოს ანტიტერორისტულ ოპერაციაში პანკისში, ჩვენ ვამბობთ: ეს პრობლემა შექმნა თავად რუსეთმა; ხეობაში რუსული იარაღი შედის რუსი სამხედროების მეშვეობით. ჩვენი ხელისუფლება დუმილით ხვდება ამ ინფორმაციას, არანაირი რეაქცია არა აქვს. მეტიც, ჩეჩნეთის უშიშროების ეს ოფიცერი დარტყმის ქვეშ ექცევა. ვფიქრობ, ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ”.

ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორ ესროლეს რამდენიმე კვირის წინ “60 წუთის” ფანჯრებს. ესროლეს მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკმა წითელაშვილმა ფარული გადაღებისას შეამჩნია “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტი. აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სროლას მაინცდამაინც წითელაშვილს არ უკავშირებს, მაგრამ გამოძიება მოვალე იყო ამ ვერსიაზეც ემუშავა, მით უმეტეს, ჟურნალისტებისგან ინფორმაციას ფლობდა. იცოდნენ ისიც, რომ პაიკაევს ტრისტან წითელაშვილი ემუქრებოდა. ძიება მიმდინარეობს, ოღონდ წითელაშვილი ჯერ არც ერთხელ არ დაუკითხავთ.

სამაგიეროდ, გაძლიერდა წნეხი აიუბ პაიკაევზე. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პაიკაევს თბილისში დასდევდნენ, მოკვლით ემუქრებოდნენ და ორი დღის წინ მისწვდნენ კიდეც. [გოგიჩაიშვილის ხმა]: “მე ვფიქრობ, რომ, ფაქტიურად, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. ის არის ბეწვზე გადარჩენილი: თავი რამდენიმე ადგილას აქვს გატეხილი, 20 ნაკერი მაინც ადევს. ხელი მოტეხილი აქვს, ფეხიც მოტეხილი აქვს... და ყოველივე ამის შემდეგ თვითონ ამ ადამიანს აპატიმრებენ. უკვე ორი დღეა, სატუსაღოშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა: ან გადარჩება, ან ვერა. ჩვენი ინფორმაციით, სამედიცინო ჩარევა იქ არ მომხდარა”.

ნათქვამის საილუსტრაციოდ აკაკი გოგიჩაიშვილმა წარმოადგინა ვიდეოკასეტა, რომელზედაც აღბეჭდილი იყო პაიკაევის ტრავმები. ჭრილობები უხეშად არის დამუშავებული პოლიციელთა მიერ და ლაპარაკიც ზედმეტია პაიკაევის გადაყვანაზე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ცემის დროს იგი იმდენად გაბრუებული იყო, რომ ხეირიანად ვერც შენიშნა, რატომ ან როგორ ვერ დააკავა პოლიციამ ის სამი პირი, რომელთაც პაიკაევი ხელიდან გამოსტაცა. პაიკაევს არ უჩივის მის მიერ შემთხვევით მსუბუქად დაჭრილი მოქალაქე. მან დაინახა, რომ მოქნეული დანა მისკენ არ იყო მიმართული და მხოლოდ მოძალადეთა მოგერიებას ისახავდა მიზნად.

ისანი-სამგორის სასამართლოში 2 აპრილს გაიმართა სხდომა, სადაც აიუბ პაიკაევისთვის წინასწარი გამოძიების პერიოდში აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეეფარდებინათ. მას მიუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლი: “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება”, რომელიც ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ვადით 18 თვემდე, ტუსაღობას 3 თვით, თავისუფლების შეზღუდვას ან აღკვეთას 3 წლამდე. გვიან საღამოს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ძიების პროცესში აიუბ პაიკაევს საერთოდ მოეხსნას აღმკვეთი ღონისძიება. ასე რომ, პაიკაევი თავისუფალია. მან უკვე დატოვა წინასწარი დაკავების საკანი.
XS
SM
MD
LG