Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ენა კარგავს გავლენას ყოფილ საბჭოთა კავშირში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მასობრივმა დემონსტრაციებმა, რომლებიც ამ წლის დამდეგს

ეწყობოდა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში, აიძულა რესპუბლიკის მთავრობა გაეუქმებინა თავისი გეგმები ქვეყნის სკოლებში რუსული ენის სავალდებულო სწავლების შესახებ.

კონფრონტაცია კიშინიოვში მხოლოდ ერთი მაგალითია იმ კონფლიქტებისა, რომლებსაც ადგილი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ სახელმწიფოებში, სადაც შემორჩა მრავალრიცხოვანი ეთნიკური რუსი მოსახლეობა.

გასული წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რუსულენოვანი მოსახლეობის მიერ რუსული ენის შენარჩუნების სურვილი და მოითხოვოს რუსულის ოფიციალურ ენად აღიარება, ყოველ შემთხვევაში დამოკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში.

ხომ არ გადაიქცევა რუსული მოსკოვის ახალ იარაღად ყოფილი იმპერიის აღდგენის მცდელობებში?

გასული წლის 24 დეკემბერს რუსეთის ტელევიზიის პირველი არხით პრეზიდენტი პუტინი ღია ეთერში პასუხობდა შეკითხვებზე. მაგრამ ერთერთი შეკითხვა და მასზე პასუხი აშკარად წინასწარ ჩაწერილად გამოიყურებოდა და ის სწორედ რუსულ ენას ეხებოდა. რუსულენოვანი მსმენელი ლატვიიდან შეეკითხა პუტინს, აპირებს თუ არა მოსკოვი გადადგას გარკვეული ნაბიჯები რუსების დასაცავად ბალტიის ქვეყნებში, შუა აზიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში.

პუტინმა ამ შეკითხვაზე შეუფერხებლად გასცა გრძელი პასუხი. მან თქვა, რომ მოკოვი გაატარებს უფრო კატეგორიულ კურსს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. მან მოუწოდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რუს მოსახლეობას იბრძოლონ პროპორციული წარმომაგენლობისთვის და მიანიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ამ საკითხში მათ დახმარება აღმოუჩინოს.

პუტინის სიტყვებმა ბალტიისპირეთსა და თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. ათიოდე წლის წინ საკუთარი ენის უფლების საკითხი ერთ-ერთი მთავარი იყო დამოუკიდებლობისთვის მოძრაობებისთვის. ეს საკითხი დღემდე საკმაოდ მტკივნეულია, ვინაიდან რუსული ბრუნდება ბევრ რეგიონში და ლიდერები ტალინიდან ასკანამდე შიშობენ, რომ მოსკოვი ხელს შეუწყობს ამ ტენდენციას.

რუსეთის ფედერაციის გარეთ, ქვეყნებში რომელთაც მოსკოვი “ახლო საზღვარგარეთს” უწოდებს, დაახლოებით 25 მილიონი რუსულად მოლაპარაკე ცხოვრობს. მაგრამ არის თუ არა უტყუარი ნიშნები იმისა, რომ კრემლი ცდილობს რუსულის ტროას ცხენის როლში გამოყენებას და მისი მეზობლების დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრას?

საკითხის გულდასმით შესწავლა აჩვენებს, რომ სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად სომხეთში, სადაც ეთნიკური რუსები მოსახლეობის ერთ პროცენტსაც არ შეადგენენ და ყაზახეთში, სადაც მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტისთვის რუსული მშობლიურია. მაშინ, როცა რუსული გამოდის ხმარებიდან, ეს ტენდენცია, ცხადია, უფრო სწრაფია იმავე სომხეთში და სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ყაზახეთში და შუა აზიის სხვა ქვეყნებში, დემოგრაფიული სიტუაციის გამო.

გარდა ამისა, მიუხედავად მოსკოვის განუწყვეტელი რიტორიკისა – და ჯერ კიდევ 1996 წელს ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი თანამეგობრობაში რუსეთის დასაწინაურებლად საგანგებო პროგრამების შექმნის მწოდებით გამოდიოდა – რუსეთის მთავრობამ აქამდე თითქმის არაფერი მოიმოქმედა ასეთი პროგრამების ცხოვრებაში გასატარებლად.

ამერიკელი ექსპერტი შუა აზიისა და ურალის რეგიონის სფეროში, უილიამ ფრიმანი თვლის, რომ რუსული ენის როლის შესუსტება ან გაძლიერება უფრო ამა თუ იმ ქვეყნის შინაგან ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე მოსკოვის პოლიტიკაზე.

მოსკოვს შეუძლია პატარ-პატარა ზომების მიღება ამ ქვეყნებში რუსული ენის გამოყენების წასაქეზებლად, მაგალითად, ადგილობრივი საგანმანათლებლო ინსტიტუციების სუბსიდირება; შეუძლია გარკვეულწილად მოითხოვოს ადგილობრივი მთავრობებისგან, რომ რუსულენოვანი მედია იყოს უფრო ხელმისაწვდომი; შეუძლია მისცეს ამ ქვეყნების სტუდენტებს რუსეთში უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების საშუალება. მაგრამ, ამბობს ფრიმანი:

[ფრიმანის ხმა] “მე მიმაჩინია, რომ მთავარი დინამიკა რუსული ან ადგილობრივი ენის გამოყენებაში, ამა თუ იმ რეგიონის შიგნით მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული”.

ამის კარგი მაგალითია შუა აზია. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ განავითარონ თავიანთი სატიტულო ენები.

მაგრამ მაშინ, როცა ყაზახეთი და ყირგიზეთი ამ სფეროში პრობლემებს აწყდებიან, მეზობელი უზბეკეთი და თურქმენეთი გაცილებით უფრო კარგად ართმევენ თავს ამ ამოცანას. და ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ დემოგრაფიაში, ეკონომიკასა და იმაში, თუ რუსიფიკაციის რა დონე იქნა მიღწეული საბჭოთა პერიოდში.

როგორც ფრიმანი აღნიშნავს: “ყაზახეთში ყაზახურს არასოდეს არ ჰქონია ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც უზბეკოურ ენას უზბეკეთში. ამის ერთ-ერთი ნიშანი ისაა, რომ ყაზახურ-რუსული კარგი ლექსიკონიც კი არ მოიძებნება. საბჭოთა პერიოდში ის საერთოდ არ გამოცემულა. ბოლო დროს კი გამოიცა საშუალო ხარისხის ყაზახურ-რუსული ლექსიკონები, მაშინ როცა უზბეკეთში მშვენიერი უზბეკურ-რუსული ლექსიკონები არსებობს. ყაზახეთში რუსული იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული, რომ ყაზახურიდან თარგმანი არავის არ სჭირდებოდა.”

თუმცა ყაზახეთსა და ყირგიზეთში სახელმწიფო ენებად სატიტულო ენები ითვლება, ამას წინათ რუსულსაც მიენიჭა ოფიციალური სტატუსი.

ტაჯიკეთში კი, თუმცა სახელმწიფო დუმის სპიკერის გენადი სელეზნიოვის დუშანბეში შარშანდელი ვიზიტის შემდეგ ხშირი დისკუსიის საგანია საკითხი, მიენიჭოს თუ არა რუსულს ოფიციალური სტატუსი, პრეზიდენტმა ემომალი რახმონოვმა გასულ თვეში მიანიშნა, რომ არ აპირებს ჯერჯერობით ენის სფეროში რაიმე ცვლილების შეტანას.

მართალია, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გადაწყვეტილებებს დიდი ენთუზიაზმით მიესალმნენ მოსკოვში, ფრიმანის ვარაუდით, ამ ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო პრაგმატული მიზეზებით იყო გამოწვეული და არა კრემლის ზეწოლით.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ყაზახეთმა მიგრაციის შედეგად, დაახლოებით 2 მილიონი რუსულად მოლაპარაკე დაკარგა. ყირგიზეთში, იმავე პერიოდში, რუსულენოვანთა წილი მოსახლეობაში 24 პროცენტიდან 13 პროცენტამდე შემცირდა, მოსახლეობის ამ სექტორში შობადობის კლებისა და ემიგრაციის წყალობით. წასულთა უმრავლესობა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები იყვნენ და როგორც ბიშკეკს, ისე ასტანას სურს ტვინების გადინების პროცესების შეჩერება.

ეკონომიკური პრაგმატიზმი განათლების სისტემაშიც მოქმედებს და ორივე ქვეყანაში რუსეთის დაბრუნებას უწყობს ხელს. მთავრობების თვალთახედვიდან რუსულ სახელმძღვანელოებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით უარის თქმა მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, ბევრი მშობელი, ყაზახი და ყირგიზიც კი, ამჯობინებს ბავშვების რუსულ სკოლებში გაგზავნას.

როგორც აღნიშნავს უილიამ ფრიმანი, სატიტულო ენაზე სწავლება 1991, 92, 93 წლებში იყო მოდაში. ახლა მშობლებმა გაიაზრეს, რომ განათლების ხარისხი, ვთქვათ, ყაზახურ ენაზე, გაცილებით უფრო მდარეა ვიდრე რუსულ სკოლებში.

ჩვენი რუბრიკის შემდგომ გადაცემებში შევეხებით რუსული ენის როლს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში.
XS
SM
MD
LG