Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საარჩევნო სისტემის ხარვეზები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკონვენციასთან”. ასე ეწოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტ ავთანდილ კახნიაშვილის წიგნს,

რომელიც განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, პირველ რიგში კი, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობით და სამართლებრივი რეფორმების ბედით საქართველოში.

ნაშრომის ავტორი, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების პროცედურის ხარვეზებსაც ეხება.

წიგნში აღნიშნულია, რომ საქართველო მიერთებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად (ფუნდამენტურ) თავისუფლებათა ევროპის კონვენციასთან თავისი ოქმებითურთ, მაგრამ საქართველოს პარლამენტი დღემდე თავს იკავებს პირველი ოქმის რატიფიცირებისაგან. არადა, ევროპის განვითარებული სახელმწიფოების მიერ ჯერ კიდევ 1952 წელს მიღებული ამ ოქმის პირველი და მესამე მუხლებით საკუთრების დაცვისა და თავისუფალი არჩევნების გარანტიებია დადგენილი. ავტორის თქმით, “საქართველოს რომ ევროკონვენციის პირველი ოქმით აღიარებული უფლებების რეალიზაცია ეკისრა, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში უთუოდ ბევრი პრობლემა შეექმნებოდა”.

“ევროპის კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ძალდატანებისაგან თავისუფალი არჩევნების გონივრული პერიოდულობით ჩატარება. ამასთან ერთად, ამ მუხლით გათვალისწინებულია ამომრჩევლების უფლება ალტერნატიულ საფუძველზე აირჩიონ წარმომადგენლები საკანონმდებლო ხელისუფლებაში ხმის მიცემის საიდუმლოების დაცვით.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, -წერს ავტორი, - რომ, მიუხედავად წარსულში საკმაოდ მდიდარი სამართლებრივი კულტურის ქონისა, საქართველოში ჯერ კიდევ ძალზე დაბალია დემოკრატიული არჩევნების ორგანიზების კულტურა.” ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, საარჩევნო კანონი ხასიათდება მთელი რიგი ხარვეზებით, რაც, არსებითად, ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვას და ხელს უწყობს მრავალრიცხოვან დარღვევებს. მაგალითად, საარჩევნო კანონი არ ავალდებულებს კომისიის წევრს საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნას და, შესაბამისად, არ აკისრებს პასუხისმგებლობას მისი არცოდნის შემთხვევაში. ამავე დროს, კანონი საარჩევნო კომისიებს აკისრებს არა მხოლოდ აღმასრულებელ, არამედ სასამართლო და საკანონმდებლო ფუნქციებსაც. შედეგად, კანონის არმცოდნე პირებით დაკომპლექტებული კომისიები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ კანონის მოთხოვნათა ზუსტ და განუხრელ შესრულებას.

რაც შეეხება ზოგიერთ სხვა ხარვეზს. ავტორი წერს, რომ საარჩევნო კანონი ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა უფლებას, გადაამოწმონ არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კანონი არ ავალდებულებს საარჩევნო კომისიებს, რომ გამოაკრან ბიულეტენის შევსების ნიმუში, კანონი ვერ უზრუნველყოფს აღმასრულებელი ორგანოების ჩაურევლობას არჩევნების პროცესში და სხვ.

ნაშრომში ბევრი სხვა ხარვეზიცაა აღნიშნული. მათ შორის, ასეთი: კანონი კრძალავს არჩევნების დღეს შეიარაღებულ პირთა და პოლიციის თანამშრომელთა ყოფნას შენობაში, სადაც არჩევნები ტარდება, მაგრამ, ამავე დროს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ მოიწვიოს შენობაში პოლიციის თანამშრომელი. ამასთან, კანონი არ მიუთითებს იმ პირობებზე (გარემოებებზე), რის საფუძველზეც შეიძლება პოლიციის თანამშრომლის შენობაში მიწვევა.

ავტორი დაასკვნის, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა, თავისი არასრულყოფილი კანონმდებლობითა და პოლიტიზებული საარჩევნო კომისიებით, შორსაა დემოკრატიული და სამართლიანი სტანდარტებისაგან, რომლებსაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ ავთანდილ კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი საარჩევნო კოდექსი თუ კანონი ევროკონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს და საჯარო განხილვისათვის დროულად გამოქვეყნდეს.
XS
SM
MD
LG