Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საფრთხე კოდორის ხეობას


სოზარ სუბელიანი, თბილისი დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის განცხადებამ, რომ აფხაზური მხარე 20 მაისამდე კოდორის ხეობის აღებას გეგმავს, როგორც მოსახლეობის, ისე ხელისუფლების სრულიად გასაგები შეშფოთება გამოიწვია.

თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, ხოლო ავთანდილ იოსელიანმა, პარლამენტართა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში არ ჩააბარა. ამდენად, საბოლოოდ, მაინც გაურკვეველი დარჩა, რამდენად დამაჯერებელი იყო ის ინფორმაცია, რომელიც ასეთი კატეგორიული ფორმით გაავრცელა დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

იოსელიანის განცხადება იმდენად კონკრეტულ მონაცემებს შეიცავდა, რომ ამ ინფორმაციაში ეჭვის შეტანა, ერთი შეხედვით, ძნელი უნდა ყოფილიყო. განცხადების თანახმად, აფხაზური მხარე 16-დან 20 მაისამდე გეგმავს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას კოდორის ხეობაში. აფხაზურმა მხარემ ხეობის მიმართულებით მოახდინა საბრძოლო ტექნიკის მაქსიმალური მობილიზება, ხოლო სოხუმის სანატორიუმებში რუსეთის შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრები იყრიან თავს. აფხაზებსა და რუსებს, იოსელიანის თქმით, დაქირავებული კაზაკები და 1500-მდე ადიღეელი და ყაბარდოელიც ემატება. მთლიანად კი, კოდორის ხეობაზე შეტევის განსახორციელებლად 4000 მეომარი არის მზად.

ჟურნალისტებთან საუბარში ავთანდილ იოსელიანმა თავის განცხადებას კიდევ მეტი დამაჯერებლობა შესძინა: “ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუ რა ხდება აფხაზეთში. ალბათ, გჯერათ, რომ რაც მე ვთქვი, ამის მოგონება სიგიჟეა.”

გავრცელებული ინფორმაცია იმავე დღეს უარყვეს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, მეორე დღეს კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა კახა სიხარულიძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა: [კახა სიხარულიძის ხმა] “საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველანაირი გარანტია ჰქონდა, რომ გართულება კოდორის ხეობაში არ მოხდებოდა, თუკი, რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში შეიძლება რაიმე გარანტიაზე საუბარი. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სისტემატური კონსულტაციები. 12 აპრილის შემდეგ, კოდორის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ასეთ რამეს იქ ვერ გაბედავდნენ, - ეს იყო ჩვენი პოზიცია, თუმცა ყველანაირი დაზღვევა ამ შემთხვევაში საჭირო იყო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობდა სიტუაციის გარკვევას”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებულ ინფორაციას ეყრდნობა. ამავე დროს, ჩვენ დავუკავშირდით კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულს ემზარ კვიციანს, რომელმაც, აგრეთვე, უარყო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, ამ დროისთვის როგორც კოდორის ხეობაში, ისე მის მისადგომებთან სიმშვიდეა, ხოლო თუ რისთვის გახდა საჭირო ამ ინფორმაციის გავრცელება, მისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში მყოფმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ნიკალაი პატრუშევმაც უარყო: [ნიკალაი პატრუშევის ხმა] “ჩვენ არა მხოლოდ არ მოვამზადებთ და არ ჩავატარებთ რაიმე ოპერაციას, არამედ არც კი ჩავიფიქრებთ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ერთიანი. ეს შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი.”

მთლიანობაში, იმ აჟიოტაჟიდან, რომელიც დაზვერვის დეპარტამენტის შეფმა შემოიტანა თავისი განცხადებით, ჯერჯერობით ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: საქართველოს ხელისუფლებაში გრძელდება ტრადიცია, როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა, ხოლო ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთის საკითხში საკმაოდ სახიფათოა.
XS
SM
MD
LG