Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისის თვის ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა მთლიანი დეფიციტი მაინც შთამბეჭდავია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მაისის თვის ბიუჯეტის შესრულების პროგნოზი, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ოფიციალურად გამართლდა,

თუმცა ეს წარმატება თავად საბიუჯეტო პროცესის საბოლოო გაჯანსაღების იმედს მაინც ნაკლებად იძლევა.

ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალების ფონზე საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ის ეკონომიკური პროცესები, რომელიც ხშირად საარჩევნო მასკარადებზე მეტად მნიშვნელოვანია და რომელიც თუნდაც იმავე ახალი საკრებულოს პოლიტიკურ სპექტრს უთუოდ თავს შეახსენებს.

ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, ”გამსხვილებულმა” ფინანსთა სამინისტრომ პირობა არ დაარღვია და საგადასახადო მოსაკრებლების მაისის თვის გეგმა შეასრულა; უფრო მეტიც, თუ იმავე ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, გოგიაშვილის უწყებამ გეგმიურ მაჩვენებლებს ოდნავ გადააჭარბა კიდეც.

საგადასახადო დეპარტამენტმა მაისში ხაზინას 36,82 მილიონი ლარი შემატა და გეგმა 102,7 პროცენტით შეასრულა. ცენტრალური ბიუჯეტის კუთხით, მობილიზებულია 22,5 მილიონი, ანუ გეგმა 102, 8 პროცენტით შესრულდა.

გადაჭარბებით არის შესრულებული სოციალური უზრუნველყოფის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებიც.

წინა თვეებთან შედარებით, სიტუაცია გამოსწორდა საბაჟოზეც, სადაც მაისის თვეში 28 მილიონ 791 ათასია მობილიზებული, რაც გეგმის 101 პროცენტია.
ბიუჯეტთან ”პირნათელი” აღმოჩნდა საგზაო ფონდიც, სადაც, დაგეგმილთან შედარებით, 3 პროცენტით მეტი თანხაა მობილიზებული.

ტრადიციული გარღვევა გვაქვს არასაგადასახადო შემოსავლების სფეროში, რომელიც, ტრადიციულად, აქილევსის ქუსლად იქცა და რომლის გამოსწორებაც დამოკიდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და უცხოელი დონორების კეთილგანწყობაზე, რასაც, თავის მხრივ, ქვეყნის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განაპირობებს.

გასულ თვეში შედარებით გამოსწორდა თამბაქოს დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა და 2 მილიონ 125 ათასი ლარი შეადგინა. ეს გეგმის 125 პროცენტია, თუმცა სავარაუდოა, რომ თამბაქოს დასაბეგრი ბაზა გაცილებით მაღალი იყოს და კონტრაბანდული პროდუქცია ამ სეგმენტზე - შეუდარებლად დიდი, თუმცა საგეგმო მაჩვენებლების გადაჭარბება მაინც პოზიტიურ მომენტად აღიქმება, რასაც ვერ ვიტყვით მეორე აქციზურ პროდუქციაზე – ნავთობპროდუქტზე, რომლის დაბეგვრიდან შემოსავლებმა მხოლოდ 93,1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება თავად საბიუჯეტო პროცესს, სახელმწიფო ბიუჯეტს მაისის თვემდე 30 მილიონ ლარზე მეტი აკლია, ეს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში საბიუჯეტო პარამეტრები, აშკარად, შემცირებული იყო. შესაბამისად, დეფიციტი უკვე საგრძნობია, რისი დაბალანსების იმედიც ნაკლებად უნდა გვქონდეს.
XS
SM
MD
LG