Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკოსთა ვნებათაღელვის ცენტრში


2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა. არჩევნებში წარმატებული და წარუმატებელი პარტიების ყურადღება ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ არის მიმართული.

როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა 8 პოლიტიკური ორგანიზაციის მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა დაიანგარიშოს ადგილობრივი არჩევნების ქალაქ თბილისის შედეგები და შეამოწმოს მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია. მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას, მომხრეების გარდა, მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ვნებათაღელვის ცენტრში რჩება.

4 ივნისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა 8 პოლიტიკური პარტიის დაჟინებული მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, შეამოწმოს ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგები. ამის შემდეგ ჯერი ხმების ხელახალი დათვლისა და საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების წესების შემუშავებაზე მიდგა.
იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ცოტა დრო რჩება, კომისიის წევრებს ხმების დათვლის წესების შემუშავება არ უნდა გაეჭიანურებინათ. მაგრამ მოხდა პირიქით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა იურიდიულ სამსახურში მომზადებული პროექტის განხილვისა და დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში მეორე ნომრად შეიტანეს და მთელი დღე სხვადასხვა უბნებიდან და ოლქებიდან მიღებული საჩივრების განხილვას მოანდომეს. 5 მაისის ღამის 11 საათისათვის საარჩევნო კომისიას ხმების ხელახალი დათვლის წესების განხილვა დაწყებულიც კი არ ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრი 4 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ განეწყო. 5 ივნისის მიწურულს საარჩევნო კომისიის წევრები თავმჯდომარის - ჯუმბერ ლომინაძის კაბინეტში თათბირობდნენ. საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა. ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების შემოწმების საკითხი ჰაერში გამოეკიდა და ამასობაში ცნობილი გახდა, რომ იმ პარტიებს, რომლებსაც, ამჟამინდელი მონაცემებით, 4 პროცენტიანი ბარიერი გადალახული აქვთ, ჭაჭია-პატიაშვილის “ერთობაც” მიემატა. ეს ინფორმაცია ოთხშაბათს ღამით გავრცელდა, დღისით კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ “ერთობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. “ერთობის” წარმომადგენლები 4 პროცენტიან ბარიერს ქვემოთ აღმოჩენას არჩევნების გაყალბებით ხსნიდნენ და არჩევნების შედეგების გადამოწმებას მოითხოვდნენ.

მოკლედ, ხმების ხელახალი დათვლა წინასწარი შედეგების მიხედვით წარუმატებელი და წარმატებული პოლიტიკური ძალების მოთხოვნასაც წარმოადგენს. ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისი ლეიბორისტული პარტიაა.მისგან განსხვავებით, ახალი მემარჯვენეები და ტრადიციონალისტები ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების შემოწმების მოთხოვნას არ აპაროტესტებენ,
თუმცა მიაჩნიათ, რომ 2 ივნისის არჩევნების შედეგების შემოწმებას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც შემოწმდება. ასეა თუ ისე, უკანასკნელი არჩევნების შედეგების რევიზიის აუცილებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს და, რადგან ეჭვები გაჩნდა, - მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, - ბუნდოვანია, სურთ თუ არა საკუთარი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.

2 ივნისის არჩევნების ბნელი მხარეების დადგენას თავისებურად ცდილობენ პარლამენტშიც. არსებობს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი არჩევნები პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს.
XS
SM
MD
LG