Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუმენტური ფილმი ავღანელი ტყვეების წამებისა და კოლექტიური დასჯის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო მასმედიაში თალიბანის

მხეცური პოლიტიკის შესახებ ლაპარაკობდნენ. მისი დამარცხების შემდეგ ჯალათი მსხვეპლად გადაიქცა, მსხვერპლი ჯალათად. გასულ კვირაში ამის დამადასტურებელი კადრები აჩვენეს ბერლინში, რაიხსტაგში.მეორე დღეს კი იგივე ფილმი სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის შენობაში გავიდა ეკრანზე.

ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ათასწლეულთა მიჯნაზე” ელენე ლორთქიფანიძე გესაუბრებათ ამის შესახებ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოვლენა ახალი არ არის და წინა საუკუნეებისა და ათასწლეულებისთვისაც უცხო არ ყოფილა.

გერმანელი და ევროპელი მემარცხენე ფრთის პოლიტიკოსების ინიციატივით პირველად იქნა ნაჩვენები 20 წუთიანი ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში ბრიტანელმა ოპერატორმა, BBC-ის თანამშრომელმა ჯეიმი დორანმა გადაიღო.

ეთნიკური უზბეკების სამხედრო მეთაურის გენერალ აბდულ რაშიდ დოსტუმის მთავარი ციტადელის, ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მიდამოებში, თვითმხილველებმა უთხრეს დორანს, რომ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანის ბოლო დასაყრდენი პუნქტი, ქალაქი ყუნდუზი დაეცა, ადგილი ჰქონდა სასამართლოს გარეშე ტყვეების სიკვდილით დასჯას.

ყუნდუზი გასულ ნოემბერს აიღო ჩრდილოეთის ალიანსმა რამდენიმე დღის ალყისა და მოლაპარაკებების შემდეგ. თალიბანისა და ალ ყაიდის დაახლოებით 8 ათასი მებრძოლი დანებდა დოსტუმის ძალებს. მაგრამ ყალა-ი-ჯანგის ციხეს მხოლოდ მათმა ნაწილმა მიაღწია. ორიდან 5 ათასმადე ტყვე სათვალავიდან ამოვარდა.

ყუნდუზის დაცემის შემდეგ, გეხსომებათ, ყალა-ი ჯანგის ციხეში დაიწყო პატიმრების აჯანყება, რომელიც ჩაახშეს ალიანსმა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა.

ადამიანის უფლებათა დამცავმა ჯგუფებმა მაშინვე მოითხოვეს ამბოხის გარემოებათა და მის ჩახშობაში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების როლის გამოძიება. ჩახშობის დროს 600 პატიმარი იქნა მოკლული. “ამნესტი ინტერნეიშენელი” განსაკუთრებით შეაშფოთა იმან, რომ ზოგიერთი მკვადარიპატიმარი ზურგზე ხელებშებოჭილი იყო.

ფილმის ავტორმა დორანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, რომ 6 თვითთმხილველი დაითანხმა ინტერვიუზე და მათი ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ დოსტუმის მიერ ყუნდუზის აღების შემდეგ გაქრა რამდენიმე ათასი ტყვე – მათ შორის არაბები, ტაჯიკები და უზბეკეთის ისლამური მოძრაობის ექსტრემისტები. ადამიანმა, რომელიც მონაწილეობდა ყუნდუზის დანებების თაობაზე მოლაპარაკებებში, სახელად ამირჯანმა, თქვა, რომ პირადად დათვალა სათითაოდ 8 ათასი ტყვე, ხოლო ახლა ცოცხალი მხოლოდ 3015 დარჩაო.

დორანის თქმით, ეს ცნობები შეესაბამება სხვა თვითთმხილველთა მონაყოლს. მათი სიტყვით, ათობით ტყვე ლითონის დალუქულ კონტეინერებში მოათავსეს და, ან დახვრიტეს, ან მიატოვეს უდაბნოში საჭმელსა და წყლის გარეშე. ასეთი სახის სასჯელი 1992 წლის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ფრიად გავრცელებული იყო ავღანეთში.

დორანი ამბობს, რომ თვითმხილველები ჯერ უარს ამბობდნენ ჩვენებების მიცემაზე, განსაკუთრებით ვიდეოკამერის წინ. ოპერატორი მრავალი საათის განმავლობაში არწმუნებდა მათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩვენებები. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა დათანხმა ჩვენებების მიცემაზე მათი ვინაობის დაუსახელებლად, ზოგიერთმა თქვა, რომ გამოვა მომავალში სასამართლო პროცესებზე.

დორანის მიერ შეგროვილი მასალა ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ შეგროვილ ცნობებს შეესაბამება.

გასულ თვეში ამერიკის არასამთავარობო ორგანიზაციამ, სახელად “ექიმები ადამინის უფლებებისთვის”, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ მაზარ-ი შარიფის მახლობლად აღმოაჩინა მასობრივი საფლავები, და ერთ-ერთ მათგანში, თვითმხილველთა ცნობით, გასულ დეკემბერს, ყალა-ი-ჯანგის ამბოხების შემდეგ, საბარგო მანქანებით მოტანილი გვამები ჩაყარეს.

ორგანიზაციამ წერილობით მოითხოვა როგორც ავღანეთის მთავრობის მეთაურის ჰამიდ კარზაისგან, ისე, გაეროს უშიშროების საბჭოსგან, დაიცვას ეს სამარხი, რათა შესაძლებელი იქნეს მისი გულდასმით შესწავლა მომავალში.

დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომელიც შემდგომი 6 თვის განმავლობში გრძელდებოდა, დაასკვნა, რომ გენერალ დოსტუმის ძალები, რომლებიც დღემდე აკონტროლებენ ჩრდილოეთ ავღანეთს, უშუალოდ აგებენ პასუხს თალიბანის ათასობით მებრძოლის გაქრობაზე.

მაგრამ ბრიტანელი ოპერატორის დოკუმენტური ფილმი უფრო შორს მიდის. ის ადასტურებს უწინ გამოთქმულ ვარაუდებს, რომ შეერთებული შტატების საგანგებო ძალები თვალს ხუჭავდნენ მათი ავღანელი მოკავშირეების მიერ წარმოებულ ვანდალიზმზე.

დორანი ეყრდნობა თვითმხილველთა ჩვენებებს: ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ თვით იღებდა მონაწილეობას პატიმრების სიკვდილით დასჯაში და, რომ დაახლოებით 150-მა ამერიკელმა სამხედრო პირმა იცოდა რა ხდებოდა. ისინი ხედავდნენ ყველაფერს, მაგრამ არ ერეოდნენ და არ ცდილობდნენ დასჯის შეჩერებასო.

ერთ-ერთი თვითმხილველის მონაყოლით, როცა კონტეინერები შებერგენის ციხეში ჩავიდა, ამერიკელმა ჯარისკაცებმა თქვეს, რომ საჭიროა მათი სასწრაფოდ თავიდან მოშორება, სანამ რომელიმე სატელიტმა არ გადაიღო ზემოდან ეს სურათიო.

ერთ-ერfმა თვითმხილველმა, საბარგო მანქანის მძღოლმა, რომელმაც ჩაიტანა კონტეინერები, თქვა, რომ ამ სცენას ესწრებოდა 30-40 ამერიკელი ჯარისკაცი.

ბრიტანელის კინემატოგრაფისტის თქმით, მას არ გააჩნია რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკელი ჯარისკაცები იღებდნენ დასჯაში უშუალო მონაწილეობას.

პენტაგონის პრესმდივანმა პოლკოვნიკმა დეივ ლე პენმა უარყო, რომ რომელიმე ამერიკელი ჯარისკაცი ესწრებოდა თალიბანის მებრძოლების კოლექტიურ დასჯას. მაგრამ იურისტმა და “ამნესტი ინტერნეიშენელის” ბრიტანეთის განყოფილების ყოფილმა თავმჯდომარემ ენდი მაკენტიმ თქვა, რომ ბრალდებათა სიმძიმის გათვალისწინებით, პენტაგონის პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ლაპარაკია არა იმაზე, რომ ვიღაცამ დაარღვია პროტოკოლი. ლაპარაკია მკვლელობაში, ადამიანების გაქრობასა და წამებაში მონაწილეობაზეო.

26 აპრილს გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” გაკრიტიკებელ იქნა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, იმისთვის რომ ის “ხელს იბანს” და პასუხმიგებლობას მთლიანად ადგილობრივ საველე მეთაურებს აკისრებს.
XS
SM
MD
LG