Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 ივლისს, საღამოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამძებრო განყოფილებისა და ცენტრალური ტრასის მე-8 განყოფილების პოლიციელებმა, ერთობლივი პატრულირებისას,

დააკავეს ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მანქანა, რომელშიც აღმოაჩინეს 5 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ამ ძვირად ღირებული იარაღის მფლობელის დადგენა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ.

როგორც ჩანს, საქართველოში იარაღის კონტრაბანდით, მეტწილად, სამხედრო პირები არიან დაკავებულნი. 26 ივლისს ზუგდიდი-თბილისის ტრასაზე ავტომობილ “ბმვ” –ში აღმოჩენილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შინაგან ჯარში მოსამსახურე პირს ეკუთვნის. წინასწარი ვერსიით, იარაღი აფხაზეთშია შეძენილი და მისი პანკისის ხეობაში გადატანა იყო დაგეგმილი.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინათ, 18 ივნისს, ასევე საგზაო პოლიციამ თბილისი –ნატახტარის გზატკეცილზე დაკავებული “ლენდკრუიზერიდან” 9 ცალი “ფაგორის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა და ცეცხლმტყორცნი ამოიღო. ავტომანქანას უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი მართავდა. მაშინ უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ, იარაღის ტიპის გათვალისწინებით, არ გამორიცხა, კონტრაბანდული იარაღი პანკისში მყოფი ჩეჩენი ბოევიკებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. თუმცა ორიოდე დღეში მოულოდნელად იარაღის მფლობელი გამოჩნდა. არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების - “ტყის ძმების” ხელმძღვანელმა დავით შენგელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ იარაღი მათ ეკუთვნით და დაკავებული “ნადავლის” დაბრუნებაც მოითხოვა. საქმე ამით არ დასრულებულა. ნატახტართან დაკავებულ იარაღს კონფლიქტი მოჰყვა ორ სახელმწიფო სტრუქტურას შორის – სამხედრო პროკურორი შინაგან საქმეთა მინისტრს ამ საქმის მიმართ ინტერესში ამხელდა, რის გამოც საქმე სამხედრო პროკურატურას ჩამოერთვა და გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
ამჯერად ზუგდიდთან დაკავებულ იარაღთან დაკავშირებით, საეჭვოა, ისევ გაკეთდეს განცხადება რომელიმე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან – იარაღი ჩვენია და აფხაზეთში საბრძოლველად გვჭირდებაო. ფაქტია, რომ იარაღი აფხაზეთიდან თბილისისკენ გადმოჰქონდათ. ასე რომ, ეს ვერსია ყველაზე არადამაჯერებელი იქნება.
ამ კვირის ბოლოს საქართველო ორჯერ აღმოჩნდა სკანდალში ჩათრეული ისევ და ისევ პანკისში მყოფ ჩეჩენ ბოევიკებთან დაკავშირებით. პარასკევს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც აღიარა, რომ, საველე მეთაურის რუსლან გელაევის დავალებით, იმ მთის ბილიკებს ეძებდა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოდან ჩეჩნეთში დაუბრკოლებლად გადასვლა. თუ ეს ცნობა სიმართლეს შეეფერება, მასში პოზიტიური მხოლოდ ის არის, რომ ჩეჩენი ბოევიკები პანკისს, მართლაც, ტოვებენ.
XS
SM
MD
LG