Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პოლიტიკური კვლევების ცენტრის” ჟურნალ “ახალი აზრის” მე-4 ნომერი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციის, “პოლიტიკური კვლევების ცენტრის” ჟურნალ “ახალი აზრის” მე-4 ნომერი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალი მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და სამხრეთი კავკასიის რეგიონისათვის. მოგითხრობთ ჟურნალის ახალი ნომრის შესახებ.

ჟურნალის მე-4 ნომერში გამოქვეყნებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტის გიორგი ხელაშვილის სტატია, სათაურით - “რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში: უტოპიის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი”.

უსაფრთხოების პრობლემის განხილვისას ავტორი აღნიშნავს, რომ რეგიონის სახელმწიფოებს უსაფრთხოების საკითხებზე კონსესუსის მიღწევაში, უპირველესად, გარეშე სახელმწიფოების ჩარევა უშლის ხელს: ერთი მხრივ, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკური კავშირი, მეორე მხრივ კი, რუსეთის, სომხეთისა და ირანის ურთიერთობები სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნის რეგიონის სამ სახელმწიფოს საერთო უსაფრთხოების საკითხების შემუშავებაში.

უსაფრთხოების გარდა, არსებობს თანამშრომლობის კიდევ ორი სფერო – ენერგეტიკა და ტრანსპორტი - რომელიც უსაფრთხოებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თანამშრომლობა ამ დარგებში ბოლო წლებში განვითარდა და შედეგიც მოიტანა.

რაც შეეხება თანამშრომლობის ტრადიციულ სფეროს – მრეწველობას, ავტორის თქმით, სამხრეთ კავკასიას ამ დარგის ფარგლებში თანამშრომლობის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, უპირველესად იმის გამო, რომ სამივე ქვეყნის მიერ წარმოებული საქონელი, ძირითადად, ურთიერთშემცვლელია და,
ამდენად, სამრეწველო გაცვლის ფართო პერსპექტივას ვერ ქმნის.
სტატიის ბოლოს განხილულია რეგიონის საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

“ეკონომიკური გლობალიზაციის სამი ძირითადი კომპონენტი” – ასე ჰქვია საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტის, ოთარ ნადარაიას სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ამ პერიოდში დინამიურად განვითარდა მისი სამი ძირითადი მიმართულება: პირდაპირი საზღვარგარეთული ინვესტიციები, ცოდნისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ტრანსფერი და საგარეო ვაჭრობა.

სტატიაში ცალ-ცალკეა განიხილული სამივე ძირითადი მიმართულება, როგორც ზოგად პლანში, ისე საქართველოს ეკონომიკის კონკრეტულ მაგალითებზე. ავტორის თქმით, გლობალიზაციის მასშტაბების გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება ელის ტრიადის – სახელმწიფოს, ბაზრისა და სამოქალაო საზოგადოების ურთიერთქმედების დღემდე არსებულ სტერეოტიპებს. იგი წერს, რომ ეს ცვლილება, შესაძლოა, საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის, ვინაიდან მსოფლიოში არსებული ძალთა თანაფარდობა არ აძლევს ცალკეულ სახელმწიფოებს (მათ მთავრობებს), ინდივიდებს იმის საშუალებას, რომ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რადიკალურად დაუპირისპირდნენ გლობალიზაციის პროცესს ან, პირიქით, დააჩქარონ ის. ავტორის თქმით, მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ მოერგონ ამა თუ იმ ფორმით ამ პროცესს, თუ საკუთარი ინტერესების დაცვის მექანიზმის გამოყენებას შეძლებენ.

ჟურნალი “ახალი აზრი” გვთავაზობს ინტერვიუს საპარლამენტო ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძესთან. ტერორიზმის თემასთან დაკავშირებით, პარლამენტარი ამბობს: ჩვენ სპეციალური პრესკონფერენციაც გავმართეთ, სადაც განვაცხადეთ, რომ საქართველოში არიან ტერორისტები და მათ საქმიანობასა და არსებობას ხელს უწყობენ უმაღლეს ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკები, ძალოვანი სტრუქტურები. ისინი უზრუნველყოფენ მათ ავტოტრანსპორტით და, არ გამოვრიცხავ, იარაღითაც.

ჟურნალში გამოქვეყნებულია სტატიები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის თემაზე, თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში და სხვა პუბლიკაციები.
XS
SM
MD
LG