Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის კონფლიტის სწრაფი მოგვარება სომხეთ-აზარებაიჯანის სამიტზე არ მოხდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 14 აგვისტოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების – რობერტ ქოჩარიანისა და ჰეიდარ ალიევის შეხვედრა გაიმართა. ეს იყო 1999 წლის შემდეგ პრეზიდენტების მე-18

და შარშანდელი ნოემბრის შემდეგ პირველი პირისპირი შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი ყველაზე ხანგრძლივი იყო, შესამჩნევ პროგრესს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მაინც ვერ მიაღწიეს.
პრეზიდენტებმა ეს ერთობლივ პრესკონფერენციაზეც აღიარეს, მაგრამ ორივემ გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული.
ამასთან, ყველასთვის ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სომხეთსა და აზერბაიჯანში (2003 წლის თებერვალსა და ოქტომბერში, შესაბამისად) გარიგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
პრეზიდენტობის იმედი ორივეს აქვს, მაგრამ დათმობები ყარაბაღის საკითხში შეამცირებს მათ შანსებს.
მაშინ, როცა 79 წლის ალიევის გამარჯვებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, როგორც ჩანს, არაფერი შეუშლის ხელს, სომხეთში, ქოჩარიანის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მთელი რიგი ოპოზიციური კანდიდატები, რომლებიც შეეცდებიან ყარაბაღის პრობლემის გამოყენებას საკუთრი პოლიტიკური მიზნებისათვის. ყარაბაღის საკითხში შემრიგებლურ ხაზს მხარს მხოლოდ ერთი პოტენციური კანდიდატი – ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი უჭერს.
მხარეების პოზიციები ყველაზე მეტად 2001 წლის აპრილში დაახლოვდა, როცა ქოჩარიანმა და ალიევმა, ფლორიდის შტატის კუნძულ კი უესტზე ინტენსიური მოლაპარაკებების მსვლელობაში, მიაღწიეს თანხმობას ყარაბაღის სამშვიდობო დარეგულირების პრინციპულ საკითხებში.
მოელოდნენ, რომ 2001 წლის ივნისში, ჟენევაში მხარეები ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას. მაგრამ ჟენევის სამიტი, უცნობ მიზეზთა გამო, მოულდონელად შეწყდა.
შემდეგ ერევნისა და მთიანი ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ალიევმა გადათქვა კი უესტის შეთანხმების პირობები და რომ ბაქომ დამატებითი დათმობები მოითხოვა.
აზერბაიჯანი კი ხსენებული შეთანხმების არსებობას საერთოდ უარყოფდა. არ არის ცნობილი, დაუბრუნდნენ თუ არა ბოლო შეხვედრაზე ქოჩარიანი და ალიევი ამ პრინციპების განხილვას.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არკადი ღუკასიანმა, რომელმაც ეს თანამდებობა კვლავ დაიკავა ამ კვირაში საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შედეგად, რომლის კანონიერებასაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ სცნობს, თქვა, რომ დიდი ხანია დაკარგა ალიევისამდი ნდობა.
“ვფიქრობ, ალიევმა ამოწურა თავისი პოტენციალი. აზრი, რომ ის აზერბაიჯანის ყველაზე კონსტრუქციული პოლიტიკოსია, არ არის გამართლებულიო”, – თქვა ღუკასიანმა.

წამყვანი:
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ერთ-ერთ გზად მიჩნეულია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პრობლემების დროებით უგულებელყოფა.
ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, ბაქო და ერევანი განიხილავენ მათ ქვეყნებს შორის რკინიგზის კავშირის განახლების საკითხს. აზერბაიჯანი ბოლო დრომდე უარს ამბობდა ნებისმიერ კომერციულ კონტაქტზე იქამდე, ვიდრე მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე აზერბაიჯანის ტერიტორიები სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
XS
SM
MD
LG