Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რელიგიური თავისუფლებები ისევ საფრთხის ქვეშაა


თამარ ჩიქოვანი, პრაღა

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო დასავლეთის ქვეყნებს აღელვებთ და არა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ გულგრილად ხვდებიან მათ გვერდით სხვისი უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს. სამშაბათს ჩვენი თბილისელი თანამშრომელი სოზარ სუბელიანი უკვე გესაუბრათ, თუ რა მოხდა რამდენიმე დღის წინათ კასპში, სადაც ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ძალის გამოყენებით ჩაშალა იეჰოვას მოწმეების კონგრესი. დღეს გაგაცნობთ ამავე თემაზე დასავლელი ჟურნალისტის კენ სტირის სტატიას.

"სულ რამდენიმე დღის წინათ, საღამო ხანს აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ კასპში დაახლოებით 100 ადამიანმა დაარბია იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ლიდერის სახლი, რათა ჩაეშალათ ამ რელიგიური ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა. მათ ცეცხლი წაუკიდეს რელიგიურ ლიტერატურას, დაამტვრიეს შეხვედრისთვის განკუთვნილი სკამები. გამძვინვარებულმა ბრბომ შეძლო იეჰოვას მოწმეების შეხვედრის ჩაშლა. ამ თავდასხმამ კი, სხვა ბევრთან ერთად, კიდევ დაადასტურა საქართველოში ეფექტური ხელმძღვანელობის არარსებობა", – წერს კენ სტირი, რომელიც შენიშნავს, რომ ოფიციალურად ხელისუფლებამ დაგმო 15 აგვისტოს ინციდენტი, – მაგალითად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაუშვებლად ჩათვალა რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების დევნა, – მაგრამ დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ძალადობის აღსაკვეთად. ჟურნალისტს მოჰყავს სტრატეგიული საერთშორისო სწავლების ფონდის წარმომადგენლის არჩილ გეგეშიძის სიტყვები, რომ რელიგიურ ნიადაგზე საზოგადოება ორად არის გახლეჩილი, რომ არ არსებობს დაპირიპირებულთა შორის კონსესუსის მიღწევის საშუალება და რომ პრეზიდენტისთვის სარისკოა ერთი რომელიმე მხარის მხარდაჭერა. "შესაბამისად, იგი თითქოს გვერდზეა გამდგარი და მოვლენებში აქტიურად არ ერევა", – ამბობს არჩილ გეგეშიძე.
თავად იეჰოვას მოწმეებს არ სჯერათ, რომ მათი დევნა ოდესმე შეწყდება საქართველოში. თუმცა, დამკვირვებელთა ერთი ნაწილის აზრით, იეჰოვას მიმდევრების ზრდა კიდევ უფრო მტრულად განაწყობს მათ მიმართ ტრადიციულ მართლმადიდებელ ეკლესიას და იწვევს ნაციონალიზმის ზრდას. იეჰოველების აქტიური საქმიანობის შედეგად, დღეს იეჰოვის მოწმეების რაოდენობა 15 ათას აღემატება, მაშინ როცა 1992 წელს მხოლოდ 3 ათას წევრს ითვლიდა. დღეს დასავლეთიდან საქართველოში შესული ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური დაჯგუფება დევნას განიცდის.


ჟურნალისტს მოყავს არაერთი დამკვირვებლის მოსაზრება, რომ გამორიცხული არ არის, იეჰოველების თავდასხმებთან კავშირი ჰქონდეს ულტრა-ნაციონალურად განწყობილ პარლამენტარს გურამ შარაძეს, რომლის მიმდევრებმაც ცოტა ხნის წინათ დაარბიეს თავისუფლების ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია, აქტიურად რომ მონაწილეობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში. ჟურნალისტი ასევე მოიხსენიებს ეკლესიიდან განკვეთილ ბასილ მკალავიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ხოლმე იეჰოველების დარბევებში.


"ერთი შეხევდით, დაუჯერებლად გამოიყურება, რომ საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე ძალადობა ხდება. ქვეყანა მდიდარია მულტი-ეთნიკური ტრადიციებით და რელიგიური ტოლერანტობით. მის ისტორიაში ”პოგრომები” არასდროს ყოფილა. თბილისში დღემდე არსებობს ებრაული სათვისტომო, რომლის რაოდენობის შემცირება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველომ ყველაზე პროგრესული კანონმდებლობა მიიღო. პარალელურად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებიც – ქაღალდზე მაინც – ამკაცრებენ რელიგიურ ნიადაგზე დარბევისთვის პასუხისმგებლობას", – წერს კენ სტირი, რომლის აზრითაც, იეჰოველების დარბევის ფაქტების ზრდა, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურ შეფერილობასაც იძენს.

ჟურნალისტი თავის პუბლიკაციას ერთ-ერთი იეჰოველის სიტყვებით ასრულებს, – ყველაზე მტკივნეულია, როცა იცი, რომ შეიძლება თავისუფალი იყო და მუდმივად გეშინია, არ გცემონ მხოლოდ იმიტომ, რომ იეჰოვას მიმდევარი ხარო.

XS
SM
MD
LG