Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი პროკურორის სენსაციური განცხადება 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, კარლსრუეში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა კაი ნემმა განაცხადა,

რომ ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელის გერმანიაში მოქმედ შვიდკაციან ჯგუფს 2001 წლის 11 სექტემბრამდე კარგა ხნით ადრე, ჯერ კიდევ 1999 წლის ნოემბერში ჰქონდა დაგეგმილი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე თავდასხმა ნიუ-იორკში. ”11 სექტემბრის თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ტერორისტი, თითქმის წელიწადნახევრით ადრე, ვიდრე იგი თვითმფრინავს დააჯახებდა ცათამბჯენს, ტრაბახობდა, რომ ათასობით ადამიანს დახოცავს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე თავდასხმის შედეგად” – განაცხადა კაი ნემმა.

ალ-ყაიდის ჰამბურგში მოქმედი შვიდკაციანი ჯგუფის საქმიანობა დეტალურადაა აღწერილი 90-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ოფიციალურად წაუყენეს მაროკოს მოქალაქეს, 28 წლის მუნირ ელ მოტასადეკს.

გერმანიის პროკურატურამ საერთაშორისო ორდერები გასცა ხსენებული ჯგუფის კიდევ 3 წევრის დასაპატიმრებლად. ესენი არიან: რამზი ბინალშიბი, რომელიც მალაიზიაში ნახეს 2001 წლის ივნისში; საიდ ბაჰაჯი, რომელმაც 11 სექტემბრის თავდასხმამდე 8 დღით ადრე დატოვა გერმანია; და ზაქარია ესაბარი.

გერმანიაში დაპატიმრებულ მოტასადეკს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და 3000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობაში ედება ბრალი. როგორც პროკურორმა კაი ნემმა განაცხადა, ჰამბურგში მოქმედი შვიდკაციანი ტერორისტული ჯგუფის მიზანი იყო, ისლამური იდეოლოგიის ძალადობრივი ფორმა წმიდა ომის, ”ჯიჰადის” გზით გაევრცელებინა დასავლეთის სამყაროს მოქალაქეთა წინააღმდეგ, და უწინარესად, შეერთებულ შტატებში. ”ამ ჯგუფის წევრებს ებრაელებისა და შეერთებული შტატებისადმი სიძულვილი აერთიანებდაო ” – დასძინა პროკურორმა.

გერმანელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ელ მოტასადეკი, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმიდან ორი თვის შემდეგ, ჰამბურგში დააპატიმრეს, რამზი ბინალშიბთან ერთად ხსენებული ჯგუფის საფინანსო ოპერაციებს განაგებდა მას შემდეგ, რაც მომავალი საჰაერო მეკობრეები შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ საფრენოსნო სკოლებში სასწავლებლად. გამომძიებლები მოელიან, რომ მოტასადეკის პროცესი ამ წლის ბოლოს დაიწყება ჰამბურგის უზენაეს სასამართლოში.

ჰამბურგში მოქმედი ჯგუფის წევრები, მათ შორის მოჰამად ატა, ზიად ჯარა და ალ-შეჰი – 1992-97 წლებში ჩავიდნენ გერმანიაში, როგორც სტუდენტები, და 1999 წლის ზაფხულში საერთო მიზანმა ისინი ”საიდუმლო, კონსპირაციულ ჯგუფში” გააერთიანა.

მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს, თვითმფრინავებით განეხორციელებინათ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა, ეს სამეული, ბინალშიბთან ერთად, ალ-ყაიდის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად ავღანეთში ჩავიდა, სადაც სამხედრო წვრთნა გაიარა და ფინანსური დახმარებაც მიიღო.

ელ მოტასადეკმა 1993 წელს დატოვა მაროკო და გერმანული ენის შესასწავლად ქალაქ მიუნსტერში ჩავიდა, სადაც, ჟურნალ ”შპიგელში” ახლახან გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მუშაობდა რესტორანში, რომლის მფლობელი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა.

1955 წელს მოტასადეკი ჰამბურგში ჩავიდა და ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა ენერგეტიკის ფაკულტეტზე, სადაც, სულ მალე, მოჰამად ატას შეხვდა. 2000 წლის ზაფხულში, ატა, ჯარა და ალ-შეჰი ფლორიდაში ჩავიდნენ საფრენოსნო სკოლებში სასწავლებლად, ხოლო ელ მოტასადეკი ჰამუბრგში დარჩა, როგორც კოორდინატორი ამ ჯგუფის საორგანიზაციო საკითხებისა.

როგორც პროკურორმა კაი ნემმა განაცხადა, ფრენას უნდა დაუფლებოდა ბინალშიბიც, მაგრამ მან ვერ მიიღო შეერთებულ შტატებში შესასვლელი ვიზა. ვიზის მიცემაზე უარი უთხრეს ბინალშიბის ნაცვლად დასახელებულ ესაბარსაც. ბოლოს, 2001 წლის თებერვალში, ამერიკაში ზაქარია მუსაუი ჩავიდა. მაგრამ იგი რამდენიმე თვის შემდეგ, აგვისტოში დააპატიმრეს და ახლა ვირჯინიაში ასამართლებენ. წაყენებული ბრალდების თანახმად, მუსაუის ტერორისტული აქტის განხორციელება და ფედერალური უწყების თანამშრომელთა მოკვლა ჰქონდა განზრახული.
XS
SM
MD
LG