Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზრდება თუ არა ე.წ. ძალოვან უწყებათა დაფინანსება


დავით პაიჭაძე, თბილისი პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციამ და რუსეთის პრეზიდენტის მუქარანარევმა განცხადებამ საქართველოს პარლამენტში დააჩქარა ე.წ. ძალოვანი სამინისტროებისთვის სახელმწიფო დაფინანსების

გაზრდის საკითხის წამოჭრა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი დამატებითი თანხის გამოყოფას უწინარესად თავდაცვის სამინისტროსთვის ითხოვდა. თუმცა ზოგიერთი დეპუტატისთვის გაუგებარი დარჩა, რაში მოიხმარს თავდაცვის უწყება მისაღებ ფულს.

პანკისის ხეობაში დაწყებულმა, კრიმინალისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულმა, ოპერაციამ, აგრეთვე, კახეთის რეგიონში თავდაცვის სამინისტროს ძალების გადასროლამ, ბუნებრივია, სახელმწიფოსგან დამატებითი სახსრების გაღება მოითხოვა. 2002 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არაერთი პუნქტი უკვე დაზარალდა ამის გამო. მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო ვერ იღებს კუთვნილ 200 ათას ლარს, რომელიც მას რუსთავთან აშენებული საპყრობილის ასამოქმედებლად სჭირდება. ამ თანხის დანიშნულებისამებრ ათვისების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გადაყვანა საპყრობილეში, რაც შეასუსტებდა მათ კავშირებს ციხის გარეთ მყოფ დამნაშავეებთან და, აქედან გამომდინარე, მათ გავლენას კრიმინალურ სამყაროზე. მაგრამ ახლა ამ ფულის გადარიცხვა იუსტიციის სამინისტროსათვის ფინანსთა სამინისტროს არ შეუძლია. როგორც ფინანსთა უწყებაში განმიცხადეს (წყაროს დაუსახელებლობის პირობით), სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა (3 მილიონ ლარზე მეტი) მიიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისში მიმდინარე ოპერაციის ხარჯებისათვის. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი 13 სექტემბრის სხდომაზე ამიტომაც მიმართავდა კოლეგებს, მოეთხოვათ ფინანსთა მინისტრისათვის მხოლოდ თავდაცვის უწყების დამატებითი დაფინანსება. [ბათიაშვილის ხმა]: “მოგეხსენებათ, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ დამატებით 4 მილიონ 200 ათასი უნდა გამოიყოს. ეს ცვლილებაც არ არის შემოტანილი პარლამენტში. ყველაფერს, რაც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას უკავშირდება, თავის თავზე იღებს აშშ; ერთადერთი, სახელფასო დანამატები ქართულ მხარეს უნდა ეკისრა. ეს 4,2 მილიონი უზრუნველყოფს კვებისა და სხვა ხარჯებსაც”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტრადიციულად, სხვა უწყებებზე ნაკლებად უჭირს სახელმწიფო ფულის მიღება, რასაც არ სჭირდება პარლამენტის ჩარევა ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესატანად; შესაბამის გადაწყვეტილებებს, ძირითადად, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იღებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგანი ჯარისთვის გამიზნული თანხა მოაკლდება ბიუჯეტით გათვალისწინებულ სხვა, არა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ, პროგრამებს.

რაც შეეხება ბათიაშვილის მიერ ნახსენებ 4,2 მილიონ ლარს, ამას ემატება 4 მილიონი ლარი გადაადგილების ხარჯებისათვის. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმიცხადეს, ეს ცვლილება, კანონპროექტის სახით, პარასკევს საღამოსვე შევიდა საქართველოს პარლამენტში. ხსენებული თანხა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყებისას, იყო გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსათვის, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მის წარდგენას საშველი დღემდე ვერ დაადგა.
XS
SM
MD
LG