Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადასცა თუ არა საქართველომ აშშ-ს 9 არაბი ბოევიკი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 17 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება კვლავ უცხოური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა, ამჯერად - გერმანულ გაზეთ “ბერლინერ მორგენპოსტში” გავრცელებულ ცნობას,

რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს გადასცა პანკისის ხეობაში დაკავებული 9 არაბი ტერორისტი. გაზეთის ვერსიით, თბილისი საიდუმლოდ ინახავდა ინფორმაციას ტერორისტების შესახებ, რათა არ გაერთულებინა პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაცია. თამარ ჩიქოვანის ცნობით, საქართველოში კატეგორიულად უარყოფენ ამერიკული მხარისთვის ტერორისტების გადაცემის ფაქტს.

არსებითად, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სრულიად ლოგიკურია: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ანუ საქართველოს სპეცსამსახურებმა მართლა დააკავეს და ამერიკელებს გადასცეს ალ-ყაიდას წევრები, ეს ზუსტად იმ პროცედურების დაცვით უნდა მომხდარიყო, რა პროცედურასაც საქართველოს მხარე რუსეთისთვის დაკავებული ჩეჩენი მებრძოლების გადაცემის პროცესში იცავს. მეორე მხრივ, ასეთ ფაქტს რომ ნამდვილად ჰქონოდა ადგილი, საეჭვოა, ამის თაობაზე ინფორმაციას მხოლოდ გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში გაეჟონა საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებული პირისგან.
რუსეთის მხარის მტკიცებას პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ბუტაფორულობასთან დაკავშირებით, –საამისოდ, ოფიციალური მოსკოვის “ძლიერი” არგუმენტი სპეცოპერაციისას მსხვერპლის არასებობა გახლდათ, – როგორც ჩანს, წერტილი დაესვა. 16 სექტემბერს საღამოს შეტაკებისას დაიღუპა ერთი ჩეჩენი მებრძოლი და დაიჭრა საქართველოს სპეცრაზმის თანამშრომელი. პანკისის ხეობაში ვითარების გარკვევამდე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბაქოში გამგზავრების ვადაც გადასწია. პრეზიდენტის პრესმდივნის კახა იმნაძის განმარტებით, პრეზიდენტ შევარდნაძეს სურს დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში მისი არყოფნისას ვითარება პანკისში არ გართულდება.
ამავე დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი სპეცოპერაციის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ აკეთებს განცხადებას. ამავე აზრისაა უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, რომლის განმარტებითაც, პანკისის ხეობაში ალყაიდას წევრების დაკავების თვალსაზრისით, ქართული მხარე მნიშვნელოვან შედეგებს ელის.
ამასობაში, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა თბილისში ჩეჩენი ტერორისტების მფარველი ორგანიზაციები აღმოაჩინეს. ჩეჩნეთის არაოფიციალური წარმომადგენლობის გარდა, ამ ჩამონათვალში მოხვდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი “კავკასიური სახლი”. “კავკასიური სახლის” დირექტორის, მწერალ ნაირა გელაშვილის აზრით, რუსეთის სპეცსამსახურების ესოდენი ყურადღება მათ მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც დაიწყეს რუსულენოვანი გაზეთის “კავკაზსკი აქცენტის” გამოცემა. ეს გაზეთი ვრცელდება როგორც ჩეჩენ ლტოლვილთა შორის, ისე დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ნაირა გელაშვილის აზრით, სწორედ გაზეთის პოზიცია აღიზიანებს რუსეთს:
[ნაირა გელაშვილი] “ ჩვენი პოზიცია ის არის, რაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის პოზიციაა და, მათ შორის, რუსის. აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი პოზიცია მემორიალის პოზიციას, კოვალიოვის პოზიციას...ჩვენ ამ ომს არ ვუწოდებთ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ვუწოდებთ – რუსეთის ომს ჩეჩნეთის წინააღმდეგ.”

17 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის ომის საწინააღმდეგო კონგრესის თავმჯდომარემ სალამბეკ მაიგოვმა განაცხადა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 80 ათასი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვეპლა.
XS
SM
MD
LG