Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქვეყანას კარგი სპორტული წიგნები ისევე სჭირდება,


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი სპორტზე, მის ცალკეულ სახეობებსა თუ შეჯიბრებებზე არაერთი

საცნობარო წიგნი არსებობს, მათ შორის - ოლიმპიური ენციკლოპედია, მაგრამ საქართველოში დღემდე არ გამოცემულა კრებული, რომელიც, ოლიმპიურთან ერთად, თავს მოუყრის ყველა სხვა საინტერესო სპორტულ ინფორმაციას, ისტორიულ და სტატისტიკურ მონაცემებს. სწორედ ასეთი წიგნის გამოცემა განუზრახავს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.

“ქვეყანას კარგი სპორტული წიგნები ისევე სჭირდება, როგორც კარგი სპორტსმენები. ვიმედოვნებთ, პირველი ქართული ოლიმპიური ენციკლოპედია კარგ და საჭირო წიგნთა თაროზე დაიდებს ბინას”, _ ამ სიტყვებით მთავრდება წინათქმა 1997 წელს განხორციელებული პირველი აკადემიური გამოცემისა, რომელიც ცნობილმა ჟურნალისტმა და მოღვაწემ ნოდარ გუგუშვილმა შეადგინა. სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი ვერ მოესწრო წიგნის გამოცემას, თუმცა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ძალისხმევით, ეს საქმე წარმატებით დასრულდა და დიდი რეზონანსიც მოჰყვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმდროინდელო პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის სპეციალურ წერილში ნათქვამია: “კმაყოფილებით მივესალმები ამ შრომას, როგორც ღირსშესანიშნავ ნიმუშს ოლიმპიური მოძრაობის იდეალების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა”. სხვათა შორის, სწორედ მაშინ, 5 წლის წინ, შემუშავდა ახალი პროექტი უფრო ტევადი წიგნის შესაქმნელად და გამოსაცემად, სადაც არა მხოლოდ ოლიმპიური თემატიკა და სპორტის ოლიმპიური სახეობები, მთელი სპორტული სამყარო იქნება სრულად წარმოდგენილი. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალი ჩანაფიქრი ყველა დონეზე მოიწონეს - მთავრობაშიც, პარლამენტშიც, სპორტულ ორგანიზაციებშიც, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა და, არაერთი დაპირების მიუხედავად, დაფინანსებისთვის არავის უზრუნია. ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს... საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, სერიოზულად დაინტერესდა ამ საქმით და სპორტის ენციკლოპედიის პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის წლევანდელ ბიუჯეტში 10 ათასი ლარი გამოყო. სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებს: “ჩვენ ვითვალისწინებთ პირველი ქართულენოვანი სპორტული ენციკლოპედიის გამოცემის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, მომავალშიც გავაგრძელებთ მის დაფინანსებას. საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა და ერთ წიგნად შეკრული ჩვენი სპორტის ისტორია კარგი საჩუქარი იქნება მომავალი თაობებისათვის.” სპორტის ენციკლოპედიის საგამომცემლო ჯგუფის პროექტი თავის პირველსავე სხდომაზე განიხილა საქართველოს ოლიმპიური ფონდის გამგეობამ და ჟურნალისტთა ასოციაციის ანგარიშზე გრანტის სახით უკვე გადარიცხა 20 ათასი ლარი. ფონდის ვიცე-პრეზიდენტის ემზარ ზენაიშვილის განცხადებით, ფონდსა და ასოციაციას შორის ამ დღეებში დადებული ხელშეკრულება მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს და ეს თანამშრომლობა ბოლომდე გაგრძელდება.
ასეთი მხარდაჭერით შეგულიანებულმა სარედაქციო კოლეგიამ უმალ განაახლა 5 წლის წინ წამოწყებული საქმე, რომელიც, იმედია, კარგი შედეგით დასრულდება და მკითხველი სრულყოფილ წიგნს მიიღებს. ამას გვაფიქრებინებს სამუშაო ჯგუფის წევრთა კომპეტენტურობა, გამოცდილება და მოწადინება. ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად, მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოს სპორტის აკადემიისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები, სპორტის მოღვაწეები და გამოცდილი მწვრთნელ-სპეციალისტები. ეს არის ხანგრძლივი, უაღრესად რთული და შრომატევადი პროცესი. პროექტის მიხედვით, წიგნში შევა 8 ათასამდე სტატია და განმარტება, 4 ათასამდე ფოტო, ნახატი და ემბლემა, 500-ზე მეტი ცხრილი და დიაგრამა... ორტომეულში თავს მოიყრის უნიკალური საარქივო ისტორიული და სტატისტიკური მასალა, აღინუსხება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენები და ფაქტები, გაშუქდება ქართული და საერთაშორისო სპორტის განვითარების ეტაპები, სპორტის ცალკეულ სახეობათა ისტორია და თავისებურებანი. მასალები განლაგდება ანბანური თანმიმდევრობით და სპორტით დაინტერესებული მკითხველი თითქმის ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს. აქ იხილავთ ძირითად სპორტულ ტერმინთა განმარტებებს, სრულ ინფორმაციას საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებზე და გამოჩენილ სპორტსმენებსა და მოღვაწეებზე, უმნიშვნელოვანეს სპორტულ შეჯიბრებებსა და სპორტულ ნაგებობებზე, რეკორდებსა და მიღწევებზე, ეროვნულ სპორტსა და მოძრავ თამაშებზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სპორტის ცალკეულ სახეობებს - ოლიმპიურს, არაოლიმპიურს, ტექნიკურსა და ა. შ. ტრადიციულ და პოპულარულ სახეობებს თან ერთვის წარმოშობისა და განვითარების ისტორიული მიმოხილვა, შეჯიბრების წესები, ძირითადი სტატისტიკური მონაცემები, სარბიელის პარამეტრები და ინვენტარის აღწერილობა.
“მეტად საჭირო და სასარგებლო საქმე კეთდება, – აცხადებს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ნონა გაფრინდაშვილი, - ქართულ ენაზე ასეთი წიგნის გამოცემა, სხვა დანარჩენთან ერთად, უწინარესად, საკუთარი ისტორიის, კულტურისა და ენის პატივისცემას ნიშნავს”. ქალბატონი ნონა იმედოვნებს, რომ ამ პროექტის მხარდამჭერთა რიგებში გამოჩენილი ქართველი სპორტსმენებიც ჩადგებიან.
პროექტის ავტორთა განმარტებით, წიგნზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ამ ტიპის ადრინდელი და თანამედროვე უცხოური გამოცემების გამოცდილება, მასალათა განლაგებისა და წიგნის გაფორმების ტრადიციული ფორმები, უახლესი კომპიუტერული და პოლიგრაფიული ტექნიკის შესაძლებლობები. ორტომეულის მასალების თავმოყრას, დამუშავებას და სასტამბოდ გამზადებას, სავარაუდოდ, 2 წელი დასჭირდება.
გაცილებით ადრ, რამდენიმე თვეში, უნდა დაიბეჭდოს “ქართული სპორტის საუკუნის წიგნი”, რომელიც მთელ მე-20 საუკუნეს მოიცავს და ჩვენი სპორტის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან გამარჯვებას აღნუსხავს. ეს კრებულიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში მზადდება, საგამომცემლო ხარჯებს კი თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის სამსახური გაიღებს.
XS
SM
MD
LG