Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩეჩენი მეომრების რუსეთში ექსტრადიციას


საქართვლოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთს გადასცეს საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 13 ჩეჩენი მეომარი. ამ მზადყოფნას თან ახლავს გარკვეული პირობები,

რომლებიც ქართულ მხარეს ჩეჩენთა ექსტრადიციის გაჭიანურების საშუალებას აძლევს. აქამდე საქართველოს გენერალური პროკურატურა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებიდან მოსულ დოკუმენტაციას სწავლობდა. ახლა კი თბილისი დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციისათვის მათი უფლებების დაცვის გარანტიებს ითხოვს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩეჩენთა ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტას რომელიმე მხარის სასარგებლოდ?
საქართველოს თანხმობა, რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს 13 ჩეჩენი მეომარი, „მორიგი დეკლარაციული განცხადება“აღმოჩნდა. 28 სექტემბერს ასეთი შეფასება მისცა ქართული მხარის ქმედებებს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ, - იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“.
ფრიდინსკის თქმით, ჩეჩენი მეომრების ექსტრადიციის მზადყოფნის თაობაზე ქართული მხარის განცხადებიდან მეორე დღესვე მასსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასეთი საუბრების არსი ბოლო თვეების მანძილზე უცვლელია: ქართული მხარე ექსტრადიციის ვადებზე ფიქრობს და ჩვენ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიგვიღიაო, - აღნიშნა ფრიდინსკიმ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსი” იტყობინება, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზღვრის დარღვევისათვის დაკავებული 13 ჩეჩენის ექსტრადიციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე რუსეთიდან საგარანტიო წერილს ელოდება.
გენერალური პროკურატურის საერთაშორისო განყოფილების უფროსის პაატა მსხილაძის განცხადებით:
[მსხილაძის ხმა] „ამ ეტაპზე ჩვენ შესწავლის სტადიაში ვიმყოფებით; ასევე, ჩვენ ველოდებით რუსეთის მხრიდან საგარანტიო წერილს, რომლითაც ისინი გარანტიას მოგვცემენ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა, მათ მოეპყრობიან ადამიანურად.“[სტილი დაცულია]
ამასთან, თბილისი მოითხოვს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას იმის თაობაზე, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული და რომ ექსტრადირებულ ჩეჩნებს სიკვდილს არ მიუსჯიან.
მათ რუსეთის პროკურატურის მიერ წაყენებული აქვთ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მკვლელობის ბრალდებები. ეს დანაშაული კი, რუსეთის კანონმდებლობით, სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დოკუმენტები დაახლოებით ასი გვერდი მაინც იქნება და საჭირო გახდება მათი საფუძვლიანი იურიდიული შესწავლაო, - განაცხადა მსხილაძემ.
ცხადია, რომ ქართული მხარე ხელოვნურად აყოვნებს 13 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიციას, რადგან ჯერაც ვერ გაურკვევია, როგორ აიცილოს თავიდან ჩეჩნების უკმაყოფილება, ან რა პოლიტიკურ სარგებელს შეიძლება ელოდეს მოსკოვთან გართულებულ ურთიერთობებში. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით:
[მაისაიას ხმა] „სამწუხაროდ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის ნებისმიერი ფენომენი, ნებისმიერი ფაქტორი, ნებისმიერი მხარისათვის მოქმედებს როგორც დამატებითი იარაღი, თუნდაც იდეოლოგიური ომის წარმოებისას. საქმე იმაშია, რომ აქ გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, რამდენად ეს შეიძლება იყოს მომგებიანი თუ წამგებიანი ეს... შესაძლებელია ეს საკითხი არ გადაწყდეს სამიტის შედეგებამდე.“[სტილი დაცულია]
ექსტრადიციის პრობლემის გადაწყვეტისას ქართულ მხარეს აყოვნებს ჩეჩენი ხალხის სავარაუდო რეაქციაც. 27 სექტემბერს ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა და ადამიანის უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და დაკავებული ჩეჩნების საქართველოში გასამართლება მოითხოვეს. საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის ლიდერის ხიზრი ალდამოვის თქმით:
[ალდამოვის ხმა] „თუ რომელიმე მეომარი, თავისი ქვეყნის დამცველი, გამოექცა იარაღს, რუსეთის იმ სისასტიკეს და თავის მეზობელ ძმასთან მოდის და სთხოვს: შემიფარე, მე არ მინდა ომი, მე გბარდები შენ, შენთან მოვედი და გადამარჩინე და ამ დროს თუ შენ... მაშინ იქ მერჩივნა მე სიკვდილი, იქ მოვკვდებოდი, რაღა გადმოვიდე და ისევ სასიკვდილოდ იქით გადამცე. ალბათ, ეს ერთ-ერთი ლაქა იქნება, ძალიან ცუდი, ისტორიაში, ჩვენი 2 ერის ურთიერთობაში, იმიტომ რომ, უბრალოთ, რუსის თითის დაქნევაზე, იმის სურვილის მიხედვით, გადავდგამთ ჩვენ ნაბიჯს, ეს არ იქნება არც ერთი ჩეჩენისთვის მისაღები...“
ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება არცთუ მომგებიან მდგომარეობაში იმყოფება და, სავარაუდოა, რომ იგი 13 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიციის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტისას მაქსიმალური პოლიტიკური სარგებლისა და გარანტიების მიღებას შეეცდება. ეს კი ყველაზე მეტად შესაძლებელია ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკებისას, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიშინოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე, გაიმართება.
XS
SM
MD
LG