Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ზეწოლის ქვეშ მუშაობის პირობებში გარდაქმნას ცდილობს


გაეროს უშიშროების საბჭოს რთული დრო უდგას. ერთი მხრივ მან აშშ-ის პრეზიდენტის ბუშის მოთხოვნას უნდა უპასუხოს, ამასთან, არაბული სამყაროს კრიტიკა უნდა გააქარწყლოს.

ამ დროს მის რეფორმირებაზე გენერალური მდივანი კოფი ანანი ინტენსიურად ფიქრობს, აცნობიერებს რა, რომ ცივი ომის შემდგომ ამ უწყებას მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში უფრო მეტი ამოცანის შესრულება შეუძლია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, მსოფლიო უწყებამ, რომელშიც მსოფლიოს სახელმწიფოები არიან გაერთიანებული, გასულ პარასკვევს ახალი წევრი მიიღო. აღმოსავლეთი ტიმორი გახდა გაეროს წევრი, რაც, თავისთავად, ამ უწყების წარმატებად ითვლება. ამავე დროს, გაეროს უშიშროების საბჭო, რომელშიც სულ 15, მათგან კი, 5 მუდმივი წევრია ვეტოს უფლებით, დიდი განსაცდელის წინაშე დგას. ერაყის საკითხი მისთვის გამოცდას უტოლდება. უნდა გადაწყდეს, რა მოუხერხონ ამ ქვეყანას, რომელშიც დიქტატორად აღიარებული პოლიტიკოსი ბატონობს. სადამ ჰუსეინის ნეიტრალიზებაა გაეროს შემდგომი ამოცანა. მაგრამ ეს ორგანიზაცა ცდილობს ამ საქმეს ძალადობის გარეშე დაადგას თავი. ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ ერაყი საშიშია, მასთან ხუმრობა არ შეიძლება და ბრიტანეთთან ერთად მოითხოვს უშიშროების საბჭოსგან რეზოლუციის მიღებას, რომლის შეუსრულებლობა ბაღდადის მიმართ სამხედრო აქციის უფლებას მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობას. უშიშროების საბჭოს კრიტიკაშია არაბული სამყარო. ამ სახელმწიფოების არგუმენტი სრულიად გასაგებია, თუკი ერაყს პირობები უნდა წაუყენონ რეზოლუციების შესრულება-არშესრულების შემთხვევაში, რატომ უდგება საბჭო სხვა სტანდარტებით ისრაელს, რომლის მიმართ, პალესტინელთა საკითხში, არაერთი რეზოლუციაა მიღებული, მაგრამ ამდენივე შეუსრულებელი რჩება. უშიშროების საბჭო ამ ორ ცუცხლს შუა შეეცდება დაიწყოს ოფიციალური დებატები ერაყის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა ცხადად გამოხატა თავისი პოზიცია, თუკი უშიშროების საბჭო ვერ გაართმევს თავს ამ ამოცანას, ის იტოვებს უფლებას იმოქმედოს მარტომ. უშიშროების საბჭოს საქმეთა ექსპერტი, მშვიდობის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი დევიდ მელონიც ფიქრობს, რომ საბჭო გამოცდის წინაშეა, მას სურს ვაშინგტონის პრეტენზიისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაგრამ ამავე დროს სურს ეფექტიანი გადწყვეტილება მიიღოს ერაყთან დაკავშირებით. სხვა ექსპერტი, იელის უნივერვიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, რუთ უეჯვუდი სხვაგვარად უდგება საკითხს და პირდაპირ ამბობს, რომ ერაყის სფეროში საბჭო უუნარო გამოდგა. გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რადგან ისინი კოლექტიურია, არავინ კისრულობს ამ იგნორირების გამო ერაყისთვის პასუხის მოთხოვნას.
უშიშროების საბჭოს ზოგიერთი კრიტიკოსი მის შემადგენლობას არ მიიჩნევს სამართლიანად. 5-თი წევრიდან იქ სამი დასავლელია. კოფი ანანის გეგმაში ამ წევრების გაზრდაც შედის მომავალ ათ წელიწადში.
1990-იდან მოყოლებული, წინა პერიოდთან შედარებით, უშიშროების საბჭოში შემცირდა ვეტოს უფლბების გამოყენების პრაქტიკა. ცივი ომისვე ეპოქაში, გაერომ მხოლოდ ორჯერ მოახერხა კორეასა და კონგოში ძალის გამოყენების სანქცია გაეცა, ასევე ორჯერ დააწესა ემბარგო, ერთხელ როდეზიის და ერთხელ სამხრეთი აფრიკის მიმართ. ბოლო წლებში, ეს რიცხვი საგრძნობად გაიზარდა, რაც იმის ნიშანიც არის, რომ გაერო მხოლოდ სიტყვებით და გადაწყვეტილებებით არ კმაყოფილდება და მისი გადაწყვეტილებები მოქმედებას
უდრის. ეს კიდევ ერთხელ უნდა გამოჩნდეს ერაყის საქმეში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG