Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესი ერაყის საკითხზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, 8 ოქტომბერს, აშშ-ის კონგრესში დაიწყო განხილვა რეზოლუციის პროექტისა, რომელიც უფლებამოსილს გახდის პრეზიდენტ ბუშს, სამხედრო ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ,

თუ ბაღდადი არ მოახდენს მის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის სრულ ლიკვიდაციას. მოელიან, რომ კანონმდებლები კონგრესის ორივე პალატაში ხსენებული რეზოლუციის განხილვას ხუთშაბათს ღამით დაასრულებენ.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი მოიწონებს თეთრი სახლის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, ეს დაანახებს გაეროს, რომ ამერიკელ ხალხს ერაყის საკითხში ერთიანი პოზიცია უკავია, რამაც, შესაძლოა, დაარწმუნოს უშიშროების საბჭო, რომ მასაც ჰმართებს ანალოგიური რეზოლუციის მიღება.

კონგრესში ბუშის მომხრეები აღიარებენ, რომ ჯერჯერობით არ დადასტურებულა სადამ ჰუსეინის კავშირი 11 სექტემბრის ტერაქტებთან; და არც ის, რომ ერაყის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებზე ან მის მოკავშირეებზე აპირებს თავდასხმას. თუმცა, ამ კანონმდებლების აზრით, ერაყთან კონფრონტაციის დაყოვნება სადამ ჰუსეინის წისქვილზე დაასხამს წყალს – ზუსტად ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოხდა. მაშინ დიდი ბრიტანეთი და ერთა ლიგა გულხელდაკრეფილი ადევნებდნენ თვალს, როგორ შეაიარაღა გერმანია ადოლფ ჰიტლერმა, რითაც საერთაშორისო კანონი დაარღვია.

სამშაბათს წარმომადგენელთა პალატაში, ერაყის რეზოლუციის პროექტის განხილვისას, დემოკრატმა კონგრესმენმა ტომ ლანტოსმა, რომელიც უნგრეთშია დაბადებული და თავად იწვნია მეორე მსოფლიო ომის საშინელება, განაცხადა: [ტომ ლანტოსის ხმა] ”თუ ომი მართლაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, გაცილებით მეტი იქნება უმოქმედობისა და მაამებლობის საზღაური. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები თავის დროზე რომ დაპირისპირებოდნენ ჰიტლერს, დროულად რომ აღგვეკვეთა მისი ბოროტი ზრახვები, იმ ომს 51 მილიონი ადამიანის სიცოცხლე არ შეეწირებოდა.”

სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სამშაბათს მადლობა გადაუხადა იმ კონგრესმენებსა და სენატორებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ერაყის რეზოლუციის მიღებას.

ამასობაში, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ცდილობენ, დაიყოლიონ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე დანარჩენი სამი მუდმივი წევრი: ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი, რომ აუცილებელია ერაყის მიმართ ახალი რეზოლუციის მიღება, რომელიც მოქმედების სრულ თავისუფლებას მისცემს ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტებს, ხოლო ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეერთებულ შტატებს უფლება მიეცემა, იერიში მიიტანოს ბაღდადზე.

დიპლომატები გაეროში აცხადებენ, რომ ერაყის განიარაღებასთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის პროექტი უშიშროების საბჭოს მომავალ კვირაში წარედგინება განსახილველად.
XS
SM
MD
LG