Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

459-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 459-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 459-ე გამოშვებას. დღეს შევეცდებით გავარკვიოთ, იქცევა თუ არა ბადრი პატარკაციშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განხეთქილების ვაშლად; ვინ არის ბასილ მკალავიშვილი: სახელმწიფოს უძლურების ნიშანი თუ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი? – ამ საკითხზე შემოგთავაზებთ ჩვენი თბილისელი კორესპონდენტის მასალას; რელიგიაზე გვექნება საუბარი მეათე სტუდიის დღევანდელ სტუმართანაც, რელიგიის საკითხების ექსპრეტთან ლევან აბაშიძესთან; გადაცემის ბოლო ორი სიუჟეტი კინოს ეხება: ჯერ გესაუბრებით ქართული კინოს პრობლემებზე, შემდეგ კი შემოგთავაზებთ სიუჟეტს ცნობილი ირლანდიელი მსახიობის, რიჩარდ ჰარისის შესახებ, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა ლონდონში.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

[მუსიკა]

იქცევა თუ არა ბადრი პატარკაციშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განხეთქილების ვაშლად

რუსეთ-საქართველოს ისედაც საკმაოდ დრამატულ ურთიერთობებში პერიოდულად ჩნდება იმ ძებნილთა თემა, რომელთა დაინტერესებული მხარისთვის გადაცემა, ოფიციალური განცხადებებით, მეორე მხარეს პირველის პარტნიორობის გულწრფელობაში დაარწმუნებდა. თუ საქართველოსთვის ასეთ ძებნილად 1995 წლიდან უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე რჩება, ბოლო წელიწადნახევარია, რაც რუსეთის გენერალური პროკურატურა უშედეგოდ ითხოვს “ლოგოვაზის” საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის ბადრი პატარკაციშვილის დაკავებასა და რუსეთის მხარისთვის გადაცემას. მოსკოვის ტრაგედიის შემდეგ, პატარკაციშვილის ექსტრადიციის საკითხი რუსეთის მხარემ ისევ წამოაყენა. რატომ – ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ.

თამარ ჩიქოვანი:
გულახდილად რომ ითქვას, იგორ გიორგაძესა და ბადრი პატარკაციშვილს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: ერთს საქართველოს პროკურატურა ეძებს, მეორეს – რუსეთისა. თუმცა ბადრი პატარკაციშვილის ძებნა ოდნავ უხერხულად გამოიყურება: განსხვავებით იგორ გიორგაძისგან, რომელიც მხოლოდ პერიოდულად ჩნდება რუსეთის სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში და რომლის თაობაზეც რუსეთის პროკურატურა აცხადებს, წარმოდგენა არა გვაქს, რომელ ქვეყანას აფარებს თავსო, ბადრი პატარკაციშვილი არა მხოლოდ არ იმალება, არამედ საქართველოში საკმაოდ აქტიურად საქმიანობს კიდეც. გარდა წარმატებული “საქველმოქმედო” აქციებისა, საკმარისია გავიხსენოთ იერუსალიმში სამეცნიერო ექსპედიციების დაფინანსებისა და იქიდან რამდენიმე ქართული ხატის საქართველოში დაბრუნების ან შარშან ზამთარში თბილისის მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის ერთი თვის საფასურის გადახდის შემთხვევები. ბადრი პატარკაციშვილმა მედია ჰოლდინგიც შექმნა – ყოველდღიური გაზეთი “მთავარი გაზეთი”, ჟურნალი “ იმიჯი” და სპორტული ყოველკვირეული გაზეთი, დეკემბრიდან კი უკვე ტელეკომპანია “იმედიც” გავა ეთერში. გარდა ამისა, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ პატარკაციშვილმა საკმაოდ მსხვილი ინვესტირება განახორციელა ურეკში, თბილისში შეიძინა ერთ-ერთი ფაბრიკა და ა.შ. და ა.შ.

იგორ გიორგაძისგან განსხვავებით, ბადრი პატარკაციშვილს საქართველოდან ექსტრადიციის პერსპექტივა არ ემუქრება – იგი საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს კონსტიტუცია კი კრძალავს საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალეულობა დამაჯერებელი იქნა, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება მოხდეს, ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში გასამართლება იქნება. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, ამის არავის სჯერა.

თუ, თავდაპირველად, ბადრი პატარკაციშვილის თბილისში დაბრუნების შემდეგ, პარტიათა დიდი ნაწილი მაქსიმალურად ემიჯნებოდა პატარკაციშვილს, – მაშინ მოდურიც კი იყო ოლიგარქების თემაზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, – დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკური “ბომონდი” დარწმუნდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიის მისაღებად არ აპირებს ბორის ბერეზოვსკის წარუმატებელი მაგალითის გამოყენებას – როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის დუმის წევრობის იმუნიტეტმა ბერეზოვსკის დიდად ვერ უშველა და იგი თავს ბრიტანეთს აფარებს. - ანუ, როცა არ დადასტურდა მოარული ხმები, რომ პატარკაციშვილი პარლამენტში კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ, უდავოდ, დაინტერესებულია სახელისუფლებო ორგანოებში ისეთი ადამიანების ყოფნით, რომლებიც მას პრობლემებს არ შეუქმნიან, პატარკაციშვილისადმი პოლიტიკოსების ინტერესი გაიზარდა. ფაქტია, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გადამწყვეტი იქნება საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარე. დღეს, რეალურად, ყველაზე დიდი შესაძლებლობები ბადრი პატარკაციშვილს აქვს, ოღონდ, სავარაუდოა, რომ მის, როგორც ბიზნესმენის, არჩევანზე, ვის დაუჭიროს მხარი, ნაკლებად იმოქმედებს პიროვნული დამოკიდებულება და იგი ფსონს იმ ძალებზე დადებს, ვისაც პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის პერსპექტივა აქვს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მემარჯვენე პარტიების დაახლოების ფრთხილი მცდელობები გამოწვეული იყოს არა იმდენად გაცხადებული მიზეზებით, – მაგალითად, ხელისუფლების კრიმინალიზაციის საფრთხით, – რამდენადაც მსხვილი “ინვესტორის” შოვნის იმედით, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლისთვის დღეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

[მუსიკა]

ბასილ მკალავიშვილი: სახელმწიფოს უძლურების ნიშანი თუ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი?

ბიძინა რამიშვილი:
რამდენიმე წელია, ბასილ მკალავიშვილი გამოწვევად რჩება მთლიანად ქართული საზოგადოებისათვის. ბევრი რამ მკალავიშვილთან მიმართებით ცხადია, მაგრამ არის არაერთი საკითხი, რომელსაც ჯერ პასუხი არ გასცემია. უპასუხო კითხვები კი, სულ ცოტა, აბნევს საზოგადოებას. ჩვენი თბილისელი კოლეგა, დავით პაიჭაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოტივები აქვს სახელმწიფოს, როცა ის მკალავიშვილს ლმობიერად ეპყრობა.

დავით პაიჭაძე:
მკალავიშვილისა და მისი თანამოაზრეების ქმედებებში აშკარაა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. განკვეთილი მღვდლისა და მისი ზოგიერთი მომხრის დანაშაულებრივი საქციელი, მისი მრავალგზისობის გამო, იძლევა საფუძველს, მკალავიშვილი რეციდივისტად იქნეს მიჩნეული. თუმცა, რეციდივისტს, წესისამებრ იმას უწოდებენ, ვინც ერთზე მეტად არის ნასამართლევი, ხოლო გლდანელი მღვდელყოფილი ჯერ არც ერთხელ არ გაუსამართლებიათ.

მკალავიშვილის დაუსჯელობა არის პრობლემა და არის კითხვაც, რომლის დამაჯერებელი პასუხი ვერ უპოვიათ ჩვენს მოქალაქეებს: ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სისხლის სამართლის წესით დევნის და რამდენიმე წლით ციხეში ათავსებს ლორის მოპარვისათვის ბრალდებულ უწლოვან მოზარდებს, აგნებს, იჭერს, ასამართლებს და პირობით სასჯელს მაინც უსჯის სხვადასხვა წვრილმან დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს, ხოლო იქ, სადაც აშკარაა ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობა, კვალი, მტკიცებულებები და, რაც პარადოქსია, ქმედებას არ უარყოფს ხოლმე თავად ჩამდენი – მართლმსაჯულება უხერხულად დუმს.

სწორედ სამართალდამცავი ორგანოების ეს დუმილი არის ყველაზე მეტად გაუგებარი და ქმნის ნიადაგს მკალავიშვილის აქტივობისა და სახელმწიფოს უნდილი მოქმედების ათასგვარი ინტერპრეტაციისათვის. კარგი, ვთქვათ, გლდანელ პროტოპრესვიტერს მფარველები ჰყავს პოლიციაში ან სხვა ძალოვან სამსახურებში (წყარო, რომელსაც აქ ვერ გავამხელთ, ერთ-ერთ ასეთ მფარველად მიანიშნებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ჯემალ გახოკიძეს, რომლის უშიშროების მინისტრად დანიშვნის შემდეგაც მკალავიშვილი ღია აგრესიაზე გადავიდა სხვადმორწმუნეების მიმართ); რისთვის, რა მიზნით მფარველობენ ისინი სკანდალურ მოძღვარს, გაურკვეველია: რა, ძალოვნები დაინტერესებულნი არიან ქვეყანაში შიშის დათესვით, აგრესიის გაღვივებით და საამისოდ იყენებენ ბასილს? თუ ასეა, რატომ არიან ამით დაინტერესებულნი? მკალავიშვილს, მრავალრიცხოვანი თავდასხმების, ძალადობის აქტების, სხვათა დევნის მიუხედავად მაინც არ აღიქვამენ ბოლომდე სერიოზულად, ის რჩება აგრესიულ ჯამბაზად საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის ნათქვამსაც თითქოს ადეკვატურად ეკიდებიან: ჯამბაზი ვისთვის სიმართლეს ამბობს, ვისთვის კი მხოლოდ მასხარაობს. მკალავიშვილს ჰყავს პასიური თანამგრძნობნი და გამკილავნი, მაგრამ აკლია ის ხალხი, ვინც სამართლებრივი თვალსაზრისით შეხედავს მის ქმედებებს და აქტიურად მოითხოვს ჯეროვან რეაქციას. მკალავიშვილის დაუსჯელობა სწორედ ასეთი ადამიანების ნაკლებობას ეფუძნება.

არ არის გამორიცხული, რომ ამ კაცმა უკვე მოახერხა შიშის გაღვივება საზოგადოებაში: პოლიციელები, რომლებიც მშვიდად შეჰყურებენ მკალავიშვილის დარბევებს, პროკურორები, რომლებიც უხეიროდ აკოწიწებენ სრულიად ცხად საქმეებს, მოსამართლეები, რომლებიც აჭიანურებენ პროცესებს ან წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებად სასაცილო ზომებს უსჯიან, უკეთეს შემთხვევაში, კანონით ხსნიან თავიანთ მოქმედებას, უარესში კი – მსუბუქად მიანიშნებენ, რომ თანაუგრძნობენ ბასილს. ამ დროს კი, შეიძლება, მხოლოდ საკუთარ სიმხდალეს ნიღბავდნენ, როგორც პოტენციური მოძალადის, ისე, ალბათ, ღვთის რისხვის წინაშე: რა იცი, იქნებ ჭეშმარიტება სწორედ ბასილთანაა და მისი განსჯისთვის მკაცრად მოგეკითხება. ეს ირაციონალური შიში ეგებ არ განსხვავდებოდეს შიშისაგან, რომელიც ტრადიციულად მოსდევს საბჭოთა წნეხგამოვლილ ძალოვან უწყებათა მემკვიდრეებს, რომელბიც თავად იყვნენ შიშის მთესველნი და ამავე დროს იცოდნენ, რომ თითქმის ყოველთვის შეიძლებოდა მათი პასუხისგება კრიმინალის გამო.

აძლიერებს თუ არა მკალავიშვილს სამართალდამცავი დაწესებულებების უმწეობა? ერთი აშკარაა, რომ ათამამებს და შედეგად აოგნებს საზოგადოების ნაწილს: ადამიანს სცემენ, საკუთრებას ართმევენ, მორალურად შეურაცხყოფენ მარტო იმიტომ, რომ მის სულში ხდება რაღაც, რაც ბასილს არ მოსწონს. ეს არის მკალავიშვილის ინტერპრეტირებული მართლმადიდებლობა, რომლის ადეპტებიც არაფრით დაუვარდებიან გასული საუკუნის 20-ანი წლების “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” წევრებს. არის ეს ახალი, მომავალი იდეოლოგიისათვის გზის გაკაფვა? უპასუხო კითხვებს ცინიკური პასუხები სჯობს, რომლებშიც მოტივირებული იქნება მკალავიშვილისადმი სახელმწიფოს ლმობიერი დამოკიდებულება, როგორც შიდა პოლიტიკის გააზრებული კომპონენტი.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

[მუსიკა]

ქართული კინოს სადღეისო პრობლემები

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში კვლავაც არ წყდება საუბარი ეროვნული კინოს “გარდაცვალების” შესახებ. თუმცა ამ დღეებში გაირკვა, რომ წლის ბოლოს თბილისში ერთდროულად შვიდი ახალი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. ამ ინფორმაციას ადასტურებს ახლადშექმნილი ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ზაზა ურუშაძეც, რომელსაც ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი გვახარია ესაუბრა.

გიორგი გვახარია:
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია; ამ დღეებში დასრულდა იმ ქართული ფილმების გადაღება, რომელიც წარმოებაში 5, შვიდი, და თქვენ წარმოიდგინეთ ათი წლის წინ ჩაეშვა. კინემატოგრაფისტებმა “ძმურად გაიყვეს” 450 000 ლარი, რომელიც სახელმწიფომ წელს ქართულ კინოს გამოუყო. როგორც ჩანს, ეროვნული კინოცენტრის გახსნისთვის ბრძოლა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა საქართველოში, ხელისუფლებისთვის ბრძოლა მართლაც არ ყოფილა... არა და ეროვნული კინოცენტრის გახსნის იდეამ თავის დროზე ქართველი კინემატოგრაფისტები ერთმანეთს დაუპირისპირა. ახალი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნას თავდაპირველად ის კინორეჟისორებიც უწევდნენ წინააღმდეგობას, რომელთა ფილმების დასრულება სწორედ კინოცენტრის გახსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დეკემბერში კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ ნახონ ერთდროულად 7 ახალი ქართული ფილმი: კახა მელითაურისა და თინა მენაბდის “სარკმელი”, ბონდო შოშიტაიშვილის “განხეთქილების ვაშლი”, გოგიტა ჭყონიას “პორტრეტი”, ზურაბ თუთბერიძის “ოცნება არ კვდება”, ერეკლე ბადურაშვილის “კიდევ ერთი ქართული ისტორია”, გიო მგელაძის “ქალაქის დაცემა”, გენო ცაავას “თვალები, მბორგავი საუკუნე”. ჯერჯერობით ძნელია საუბარი ამ ფილმების მხატვრულ დონეზე; ხელოვნებაში ხომ არაფერი ძველდება ისე სწრაფად, როგორც კინოფილმი. კინოცენტრის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე აღნიშნავს, რომ ახალი ქართული ფილმების ავტორებს მშვენივრად ესმით, რომ წლების მანძილზე დაუფინანსებელი სურათი ისეთი აღარ იქნება, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. მაგრამ კინოცენტრს სხვა გზა არა აქვს [ზაზა ურუშაძის ხმა]: “ ახალს ვერაფერს დავიწყებთ, თუ არ დამთავრდა ფილმების ეს უსასრულო წარმოება”

ეროვნული კინოცენტრი ახლა ქართული კინოს ხვალინდელ დღეზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მოსალოდნელი “საპრემიერო ფილმების” ხარისხზე. ზაზა ურუშაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომავალ წელს მოსალოდნელია ქართულ კინოზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვანი მომატება. თუმცა მხატვრული ფილმის წარმოებაში ჩაშვება გაისად არ არის დაგეგმილი.

[ზაზა ურუშაძის ხმა]: “ბოლოს და ბოლოს მივედით იქამდე, რისთვისაც შეიქმნა ეს ეროვნული კინოცენტრი, რომ კონკურსის საფუძველზე გამოვავლინოთ საუკეთესო კინოპროექტები... წლევანდელი თანხით გამოვაცხადეთ მოკლემეტრაჟიან სადებიუტო ფილმებზე კონკურსი”

ეროვნული კინოცენტრი სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსებაზე ალბათ იმიტომაც ამბობს უარს, რომ ახალგაზრდა ტალანტები გამოავლინოს, ან რაც შეიძლება ბევრი კინორეჟისორი დაასაქმოს. ეროვნული კინოცენტრის მესვეურებს, შესაძლებელია გაახსენდათ ქართული კინონოველის წარმატებებიც და მსოფლიოში ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს ავტორიტეტი. სხვათა შორის, ეროვნული კინოცენტრის გახსნასთან ერთად გამოჩნდნენ უცხოური ორგანიზაციების, კინოფირმების მესვეურებიც, რომლებიც მზად არიან ფინანსური დახმარება გაუწიონ ქართულ კინოს. ერთობრივი კინოპროექტების განხორციელებას გვთავაზობენ ინგლისელი, გერმანელი, ირანელი კინემატოგრაფისტები. ამას წინათ შვეიცარიის მთავრობამ დააფინანსა პროექტი, რომელიც ამიერკავკასიაში კინოხელოვნების აღორძინებას ითვალისწინებს. ეს თანხაც თავდაპირველად ქართული ფილმების გადაღებაზე უნდა გამოიყოს. ზაზა ურუშაძისა თქმით, [ზაზა ურუშაძის ხმა]: “გაისად არ ჩაეშვება სრულმეტრაჟიანი ფილმი, რადგან ჩვენ ჯერ ერთი არა ვართ ამისთვის დღეს მზად, თანაც კინოცენტრი არ აფინანსებს ასპროცენტიანად ფილმს. დანარჩენი პროდიუსერმა უნდა იშოვოს, პროდიუსერის ინსტიტუტი ჩვენთან არ არსებობს, ეხლა უნდა დაიწყოს ამან ჩამოყალიბება”

პროდიუსერის ინსტიტუტი საქართველოში კვლავაც არ არსებობს. იმ შვიდი ფილმის ტიტრებში , რომლის პრემიერა თბილისში წლის ბოლოს უნდა შედგეს, პროდიუსერები ფორმალურად მაინც იქნებიან მოხსენიებულნი. მაგრამ პროდიუსერი მთელ მსოფლიოში მოგებაზე მუშაობს... საეჭვოა, რომ დღევანდელ საქართველოში ათი წლის წინ დაწყებულმა კინოსურათმა ვინმეს მოგება მოუტანოს. ერთადერთი რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას – ამ ფილმების დასრულების შემდეგ ჩვენში შეწყდება ლაპარაკი “ქართული კინოს გარდაცვალების” შესახებ

[მუსიკა]

ინტერვიუ ლევან აბაშიძესთან

ბიძინა რამიშვილი:
ახლახან ბერლინში ჩატარდა რელიგიური კანონმდებლობის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა რელიგიის საკითხების ქართველი ექსპერტი ლევან აბაშიძე. მას ბერლინში დავუკავშირდი ტელეფონით.

იხ. აუდიოვერსია.

[მუსიკა]

გარდაიცვალა რიჩარდ ჰარისი

ბიძინა რამიშვილი:
ჩვენი რადიომსმენელისთვის კარგად არის ცნობილი ირლანდიელი მსახიობი რიჩარდ ჰარისი, რომელმაც თავისი უკანასკნელი დიდი როლი "ჰარი პოტერის" შესახებ ორ ფილმში ითამაშა. მანამდე კი დაუვიწყარი სახეები შექმნა ფილმებში "ასეთია სპორტული ცხოვრება", "კრომველი", "მინდორი" და სხვა. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ამ პოპულარულ მსახიობს, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში 72 წლის ასაკში.

ისევე როგორც მისი მეგობარი კოლეგები და თანამეინახენი, რიჩარდ ბარტონი და პიტერ ო'ტული, რიჩარდ ჰარისიც ამაყობდა, რომ მსმელი და ქალების მოყვარული კაცი იყო.

"არაფრად მიმაჩნია სახელის მოხვეჭა ან უკვდავება. ჩემთვის სულ ერთია, რისთვის გამიხსენებენ. სულ ერთია, გამიხსენებენ თუ არა. სულ ერთია, რის გამო არ გამიხსენებენ. ნამდვილად სულერთიაო", თქვა ერთხელ ჰარისმა. თვითონ ზედმეტად კრიტიკულად უყურებდა თავის სამსახიობო კარიერას და ნათამაშევი 70-ზე მეტი ფილმიდან სულ ცოტა 60 ცუდ ფილმებად მიაჩნდა. ხოლო ფილმი "ტარზანი, კაცი-მაიმუნი", რომელშიც ჰარისი ბო დერეკთან ერთად თამაშობს, მისი აზრით, ყველა დროის ყველაზე უარესი ფილმია.

მაგრამ ჰარისს მთელ რიგ მნიშნველოვან ფილმებშიც აქვს ნათამაშევი და 60-იანიდან 80-იან წლებმადე პრაქტიკულად ყველა დიდი კინოვარსკვლავის პარტნიორი გახლდათ. იგი ორჯერ წარადგინეს ოსკარზე: მორაგბე ფრენკ მეიჩინის როლისთვის ფილმში "ასეთია სპორტული ცხოვრება", რომელიც მისი პირველი დიდი წარმატება იყო, და ფერმერ ბულ მაკკეიბის როლისთვის 1990 წელს გადაღებულ ფილმში "მინდორი".

ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში, რვა შვილის პატრონი მეწისქვილის ოჯახში დაბადებულ ჰარისს მუდამ უჭირდა ვარსკვლავების სამყაროსთან შეგუება. თავიდან სურდა, მორაგბე გამხდარიყო. არც თუ ურიგოდ თამაშობდა და იმედი ჰქონდა, რომ ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდებოდა. შემდეგ 19 წლის ასაკში ტუბერკულოზით დაავადდა, რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. საწოლს მიჯაჭვულმა წიგნების კითხვა დაიწყო. "ტუბერკულოზი იყო საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე დამმართნია. მაშინ გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. მაშინ რომ კითხვა არ დამეწყო, დღეს ალბათ სადაზღვევო კომპანიის აგენტი ვიქნებოდიო", ამბობდა ჰარისი.

კინოეკრანზე მან ძლიერი პიროვნების როლი დაიმკვიდრა. განსაკუთრებით მას მერე, რაც ითამაშა ფილმში "კაცი, რომელსაც ცხენს ეძახდნენ". მასში იგი განასახიერებს ინგლისელს, რომელიც ინდიელების ბელადად იქცევა. 70-იან წლებში ამან იგი სექსსიმბოლოდ აქცია. საყოველთაოდ ცნობილი იყო ლუდხანებში ცემა-ტყეპა და ალიაქოთი თავის კოლეგებთან, მარლონ ბრანდოსთან, კერკ დუგლასთან თუ ჩარლტონ ჰესტონთან ერთად.

როცა ექიმმა უთხრა, რომ მაქსიმუმ წელიწადნახევარი ცხოვრებაღა დარჩენოდა, 1981 წლის 11 აგვისტოს 23 საათსა და 20 წუთზე ვაშინგტონის "ჯოკი კლაბში" დაასრულა ველური ცხოვრება: ორი ბოთლი ძვირფასი ღვინო შეუკვეთა. შემდეგ ამას მოჰყვა "13 მოსაწყენი წელი" უალკოჰოლოდ. სიცოცხლის ბოლოს კი კვლავ დაუბრუნდა ლუდს, თუმცა ბევრად თავშეკავებულად.

იგი ორჯერ გაკოტრდა, მაგრამ ფინანსური პრობლემები არასოდეს ჰქონია. მას მერე, რაც მიუზიკლ "კამელოტის" უფლებები შეისყიდა, იგი მილიონერი გახდა. ხან ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა და ხან ლონდონის ფეშენებელურ სასტუმრო "სავოიში".

თავის ვაჟებს დაუბარა, რომ მის ძველ მორაგბის მაისურში დაესაფლავებინათ.

[მუსიკა კინოფილმიდან "ჰარი პოტერი"]

წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადა ბიძინა რამიშვილმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG