Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის ექსკლუზიური ინტერვიუ რადიო ''თავისუფლებას''


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, ნატოს პრაღის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელ კორესპონდენტს ჯეფრი დონოვანს.

ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა აშინებდეს ნატოს გაფართოება. ჯორჯ ბუშის აზრით, ნატოს განახლებული კავშირი ევროპის კონტინენტზე მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს. აშშ-ის ლიდერს ეჭვი ეპარება, თვალსაწიერ მომავალში რუსეთი ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი გახდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნატოს ხელმძღვანელობა მაღალ შეფასებას აძლევს ამჟამინდელ ურთიერთობას მოსკოვთან. ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით ბუშმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, საკუთარი ხალხი დაიცვას ტერორიზმისგან, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებულია, პატივი სცეს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.

იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ბუში მრავალეროვანი კოალიციის შექმნაზე ლაპარაკობს იმ შემთხვევისათვის, თუ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება გახდა საჭირო, ჩვენი რადიოს კორესპონდენტი დაინტერესდა, რატომ არაფერს ამბობს ბუში ნატოს ძალების გამოყენებაზე ერაყის წინააღმდეგ, მით უმეტეს, როცა ეს ნატოს ქარტითაა გათვალისწინებული. ამ შეკითხვას აშშ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"ჯერ ერთი, ვიმედოვნებ, რომ პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდება, ანუ სადამ ჰუსეინი განიარაღდება. მართალია, 11 წლის განმავლობაში გვქონდა ამის იმედი; იმედს გვაძლევდა გაეროს 16 რეზოლუციაც. ახლა მივიღეთ მე-17 რეზოლუცია, და ამჯერად ვაპირებ თანამშრომლობას თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ქვეყნებთან, რათა ეს რეზოლუცია შესრულდეს. ხოლო თუ სადამი არ განიარაღდა, მე კოალიციას გავუძღვები ერაყის წინააღმდეგ. კოალიცია, შესაძლოა, ნატოსთანაც შეიქმნას, თუ ალიანსის ლიდერები მოისურვებენ. ბატონმა სადამ ჰუსეინმა უნდა შეიგნოს, რომ მას მაინც მოუწევს განიარაღება. ვიმედოვნებ, რომ ეს მშვიდობიანად მოხდება."

"ნატოს ახალი წევრები ერთობ პატარა ქვეყნებია. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ეს ქვეყნები, სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე არსებითი წვლილი შეიტანონ ამ კავშირში?" – იკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა, რაზეც ჯორჯ ბუშმა მიუგო:

"ვფიქრობ, მათ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, და ეს იქნება თავისუფლების სიყვარული. ეს ის ქვეყნებია, ტოტალიტარულ რეჟიმებში რომ ცხოვრობდნენ, არ ყოფილან თავისუფალი, ხოლო ახლა შეიგრძნეს ეს ბედნიერება და, ამერიკის მსგავსად,
თავისუფლება უყვართ."

შემდეგ ჩვენმა კორესპონდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარალელი გაავლო ჩეჩნეთის კონფლიქტსა და ტერორიზმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების თაოსნობით დაწყებულ ომს შორის, და ასეთი კითხვით მიმართა ჯორჯ ბუშს: "ეთანხმებით პუტინს ამგვარი პარალელის სისწორეში თუ კვლავინდებურად მიგაჩნიათ, როგორც ეს თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას განაცხადეთ, რომ რუსეთის ჯარი ბარბაროსობას სჩადის ჩეჩნეთში უდანაშაულო მოქალაქეთა წინააღმდეგ?

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა: "რუსეთმა მშვიდობიანი გზით უნდა შეძლოს ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარება. თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინმა არ უნდა დაიცვას თავისი ხალხი ცალკეული ტერორისტული თავდასხმებისაგან."

ჯორჯ ბუშს მიაჩნია, ამასთანავე, რომ მოსკოვი პატივისცემით უნდა მოეკიდოს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. "ეს მე წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას განვაცხადე და ამას ბატონ პუტინსაც ვეუბნები, ჩვენი ყოველი შეხვედრის დროს" – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ რუსეთი ოდესმე ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება, ჯორჯ ბუშმა განაცხადა:

"ვფიქრობ, ნატოსა და რუსეთის პარტნიორობა საკმაოდ კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მთავარი ისაა, ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა ურთიერთობა სწორად წარიმართოს, ანუ რუსეთი დარწმუნდეს, რომ ნატოს გაფართოება არანაირ საფრთხეს არ უქმნის მის მომავალს. პრაღიდან მე სანკტ-პეტერბურგში ვაპირებ ჩასვლას, რათა სწორედ ამგვარი განცხადებით მივმართო რუს ხალხს."

ბოლოს, ჩვენი რადიოს კორესპონდენტი დაინტერესდა, შეშფოთებულია თუ არა ბუში იმით, რომ ოსამა ბინ ლადენი, აშშ-ზე მორიგ ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა:

"ბინ ლადენია ეს, თუ კიდევ სხვა ვინმე, ცხადია, რომ ისინი თავდასხმას გეგმავენ. ამიტომაცაა საჭირო ბინ ლადენის შეპყრობა. თუმცა, ეს საკითხი ერთი პიროვნებით არ შემოიფარგლება. ტერორისტებს სძულთ ამერიკა და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლება გვიყვარს. მე ვეუბნები თანამემამულეებს: ვერ მოინახება ისეთი ბნელი გამოქვაბული, სადაც ბოროტმოქმედი ამერიკისა და ჩვენი მეგობრების სამართალს დაემალება. და პრაღაში სიტყვით გამოსვლისას, მე ახალგაზრდებს შევახსენებ, რომ დღეს შექმნილია კოალიცია, რომელიც ტერორის დევნას არ შეწყვეტს. 90 სახელმწიფო ერთ მუშტად არის შეკრული და ყველაფერს აკეთებს, რათა ტერორისტები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. და ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში. ჩვენ გავიმარჯვებთ."
XS
SM
MD
LG