Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამი დაკავებული ჩეჩენი მებრძოლის ექსტრადიციაზე თანხმობა განაცხადა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, უახლოეს საათებში ორთაჭალის იზოლატორთან ისევ განახლდება ჩეჩენი დევნილების საპროტესტო აქცია აგვისტოში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაკავებული ჩეჩენი

მებრძოლების რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილების გამო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამ დაკავებულზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია იმისათვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება რუსეთისათვის მათი გადაცემის შესახებ.

შეგახსენებთ: რუსეთი ბოლო 4 თვეა მოითხოვს აგვისტოს დასაწყისში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაკავებული ცამეტი ჩეჩენი მებრძოლის ექსტრადიციას რუსეთში. ამ საკითხის “დასაჩქარებლად” აგვისტოში თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი, მაგრამ ქართველმა სამართალდამცველებმა მაშინ გასაოცარი პრინციპულობა გამოიჩინეს და განაცხადეს, რომ დაკავებულების გადაცემა მხოლოდ კანონის დაცვით მოხდებოდა.
ოქტომბრის დასაწყისში, დსთ-ს სამიტის წინ, ქართულმა მხარემ რუსეთს 5 დაკავებული გადასცა, რაც, რუსეთ-საქართველოს უაღრესად გართულებული ვითარების ფონზე, ურთიერთობის მოწესრიგების სურვილის გამოვლინებად იქნა აღქმული. მაშინვე, სამიტის მიმდინარეობისას პუტინ-შევარდნაძის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მას უკლებლივ ყველა დაკავებული ჩეჩენი მებრძოლის გადაცემის პირობა მისცა.
თუმცა ამ პირობის შესრულება არცთუ ადვილი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, გაირკვა, რომ დაკავებულებისგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო. კანონმდებლობა კი კრძალავს საკუთარი მოქალაქის მეორე ქვეყნისთვის გადაცემას. დარჩენილი 6 ჩეჩენი მებრძოლის ადვოკატებმა კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს ექსტრადიციის აკრძალვის თხოვნით, რადგან, მათი აზრით, დაკავებულებს რუსეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდათ. ევროსასამართლომ, მართლაც, მიმართა ექსტრადიციაზე თავის შეკავების რეკომენდაციით ქართულ მხარეს, მაგრამ 26 ნოემბერს ეს მორატორიუმი მოხსნა. სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ სამი დაკავებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მას ეჭვები აღარ აქვს და რომ მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, დაკავებულები რუსეთის მხარეს გადასცეს. რაც შეეხება დარჩენილ სამ დაკავებულს, გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, მათი ვინაობა ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის.
დაკავებული ჩეჩნების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო სასამართლო ძალაში დატოვებს გადაწყვეტილებას, ადვოკატები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.
რაც შეეხება იმ 5 დაკავებულს, ვინც ოქტომბრის დასაწყისში გადასცეს რუსეთს, ბოლო ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე თავდასხმა, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა. რუსეთის მედიის ცნობით, ერთმა დაკავებულმა სრულად აღიარა დანაშაული, სამმა – ნაწილობრივ, ხოლო ერთი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას. შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის მხარე აცხადებდა, რომ დაკავებულები ტერორისტები არიან და აქტიურად მონაწილეობდნენ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
XS
SM
MD
LG