Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების ახლობლებზე “ნადირობა” დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართველ სამართალდამცავებს ჯერ ის არ დაუდგენიათ, სად იმყოფება რუსეთის ნავთობკომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის გატაცებული მამა და უკვე ხმა გავარდა,

რომ რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ბიზნესმენის ოჯახის წევრი გაიტაცეს. სოხუმის ხელისუფლების ინფორმაციით, ნოემბრის შუა რიცხვებში ტყვარჩელიდან გაიტაცეს რუსეთის ნავთობკომპანია “სლავნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის ჯუმბერ ტყებუჩავას 76 წლის დედა. სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, გატაცებული ელენე ტყებუჩავა ზუგდიდის რაიონში იყოს გადაყვანილი.

სოხუმის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლაგვილავას ინფორმაციით, ნავთობკომპანია “სლავნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის ჯუმბერ ტყებუჩავას დედა, 76 წლის ელენე, ჯერ კიდევ 16 ნოემბერს გაიტაცეს, მაგრამ, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სოხუმის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სოხუმის სამართალდამცავებმა ჯერჯერობით გატაცებულის კვალს ვერ მიაგნეს. ვალერი ლაგვილავა, ერთი მხრივ, დარწმუნებულია, რომ დანაშაული გამოსასყიდის მიღების მიზნითაა ჩადენილი, თუმცა ჯერჯერობით გამტაცებლები არავის დაკავშირებიან; მეორე მხრივ კი, არც გატაცების “პოლიტიკურ” სარჩულს გამორიცხავს, რადგან მოსკოვში მოღვაწე ტყებუჩავას მშობლიურ ქალაქთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და ტყვარჩელელებს ეხმარება კიდეც. შესაბამისად, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, ტყებუჩავას დედა “დამოუკიდებელი აფხაზეთის” მტრებს მოეტაცათ. როგორც ლაგვილავამ განუცხადა რუსეთის ინტერნეტგაზეთ “გაზეტას”, არ არის გამორიცხული, გატაცებული ტყებუჩავა უკვე აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ, ზუგდიდის რაიონში, იყოს გადაყვანილი.
სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის ელგუჯა ჯამბურიას განცხადებით, მან იცის ელენე ტყებუჩავას გატაცების ამბავი, მაგრამ უარყოფს გატაცებულის ზუგდიდის რაიონში ყოფნის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, იგი ასეთ ინფორმაციას, უბრალოდ, არ ფლობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე არ ადასტურებს ქართული მედიით გავრცელებულ ცნობას, თითქოს, ნავთობკომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამის გამტაცებლებს გამოსასყიდი მოეთხოვოთ. ერთ-ერთი პარლამენტარის ცნობაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ გამტაცებლები 400 ათას დოლარს ითხოვენ.
საინტერესო ნიუანსი: ორი წარმატებული ნავთობკომპანიის მაღალი თანამდებობის პირთა მშობლები მაშინ გაიტაცეს, როცა ორივე კომპანიამ – ლუკოილმაც და სლავნეფტმაც - ლონდონის ბირჟაზე თავისი აქციების სოლიდური ნაწილის გაყიდვის შესახებ განაცხადა. სადი შარიფოვის გატაცებამ უკვე იმოქმედა ლუკოილის აქციების ფასზე: ბოლო ორი დღის განმავლობაში ფასი დაეცა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ თუ ვიცე-პრეზიდენტთა ახლობლების გატაცება რაღაცნაირად აქციების გაყიდვას უკავშირდება, მაშინ ეს დანაშაული ბანალური გატაცების ფარგლებს სცდება და საერთაშორისო ეკომონიკური დანაშაულის ფორმას იძენს.
ერთის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება: 4 დეკემბერს ქუთაისიდან ავტოქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ამირან ნაცვლიშვილის მოულოდნელ გაუჩინარებას აქციებთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც – ნაცვლიშვილის ოჯახს პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს ოჯახის წევრის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, გამტაცებლებმა თითქოს უკვე მოითხოვეს 2 მილიონი დოლარი.
XS
SM
MD
LG