Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი 2002 წლის მნიშვნელოვან მოვლენათა მიმომხილვა


ანდრო ეული, პრაღა იანვარში, ახალმა ფულადმა ერთეულმა ევრომ დაიწყო ბრუნვა არსებითი პრობლემების გარეშე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სამის გარდა. ხალხს უჭირდა იმის დაჯერება,

რომ ევროს შემოღებამ მხოლოდ 0.2 პროცენტით გაზარდა ინფლაცია.

აშშ-მა, ალ-ყაიდისა და თალიბების დატყვევებული მებრძოლები ავღანეთიდან კუბაში მდებარე თავის სამხედრო ბაზა გუანტანამოში ჩაიყვანა და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა უცლებადამცავი ჯგუფების მხრიდან იმის გამო, რომ დაპატიმრებულებს "უკანონო მებრძოლების" სტატუსი მიანიჭა და არა ომის ტყვეებისა.

თავის პირველ მიმართვაში კონგრესისადმი "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა და განაცხადა: "ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ახლა იწყებაო".

თერებვალში, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, რომელსაც გენოცდიში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და ომის წესების დარღვევაში ედება ბრალი, ჰააგაში წასრდგა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.

რელიგიურ ნიადაგაზე მომხდარმა დაპირისპირებამ ათასზე მეტი ადამიანის, უმეტესწილად მუსლიმანის სიცოცხლე იმსხვერპლა დასავლეთი ინდოეთის გუჯარათის შტატში მას შემდეგ, რაც მატარებელი, რომლითაც ჰინდუისტი აქტივისტები მიემგზავრებოდნენ, ცეცხლის ალში გაეხვია.

მიღებულ იქნა ევროპის კონვენცია, რომლის მიზანი - გაფართოებულ ევროკავშირში სამუშაო პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე ამ კავშირის კონსტიტუციის მიღებაა.

ესპანეთმა გამოაცხადა, რომ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე არასრულწლოვანთათვის "მშრალი კანონის" მიღება აქვს განზრახული.

მარტში, აშშ-მა 30 პროცენტით გაზარდა ტარიფები ინპორტირებულ ფოლადზე, რასაც მძაფრი კრიტიკა მოჰყვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მისამართით ევროკავშირის, იაპონიისა და ნორვეგიის მხრიდან.

101 წლის ასაკში, ბრიტანეთის დედა დედოფალი გარდაიცვალა. ათი დღის შემდეგ გამართული დაკრძალვის ცერემონიალს ერთ მილიონამდე ადამიანი დაესწრო.

აპრილში, ისრაელის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ნაბლუსსა და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის სხვა ქალაქებში შევიდნენ; ბეთლემში, ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს ქრისტეშობის ეკლესიაში თავშეფარებული პალესტინელები, ხოლო ლტოლვილთა ბანაკი, ჯენინში, მიაწასთან გაასწორეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ახლო აღმოსავლეთს ეწვია ძალადობის შესაწყვეტად ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

გერმანიაში, სკოლიდან გარიცხულმა მოსწავლემ 16 ადამიანი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქ ერფურტში, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ეს, ყველაზე მასობრივი მკვლელობა იყო ამ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

6 ბრიტანელსა და ორ ჰოლანდიელს პატიმრობა მიუსაჯეს საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ვერ დაარწმუნეს სასამართლო იმაში, რომ თვითმფრინავების სერიული ნომრების შეგროვება მათი ჰობია. 6 თვე გახდა საჭირო, ვიდრე სასამართლო გაუქმებდა ამ განაჩენს.

მაისში, უკიდურესმა მემარჯვენე პოპულისტებმა
პოლიტიკური სიმშვიდე დაარღვიეს ევროპაში. იმიგრაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსმა პინ ფორტოინმა არნახული პოპულარობა მოიპოვა ჰოლანდიაში, მაგრამ საყოველთაო არჩევნებადმე 9 დღით ადრე იგი შეიარაღებულმა ფანატიკოსმა მოკლა პატარა ქალაქ ჰილვერსუმში. ფრანგმა ვეტერანმა ჟან-მარი ლე პენმა სენსაციური დამარცხება აგემა სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ლიონელ ჟოსპენს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ბოლოს, ჰოლანდიაში, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა ხოლო საფრანგეთში, პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით დაამარცხა ლე პენი.

ინდოეთის ჯარის ყაზარმებზე განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ კიდევ უფრო გაამწვავა ქაშმირის გამო ისედაც დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, და რეგიონში ბირთვული
ომის დაწყების რეალური საფრთხე შეიქმნა.

ივნისში, გლობალიზაციის მოწინააღმდეგე მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ხოსე ბოვეს, რომელმაც სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში რესტორან "მაკდონალდის" შენობა დააზიანა, სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, ბრაზილიის ნაკრებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა და მეხუთედ გახდა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონი.

ივლისში, აშშ-ის მხრიდან ოპოზიციის მიუხედავად, ჰააგაში, გაეროს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი შეუდგა საქმიანობას. გაეროს უშიშროების საბჭო დათანხმდა - ხსენებული ტრიბუნალის იურისდიქციისაგან დროებითი იმუნიტეტი მიანიჭოს ამერიკელ მშვიდობისდამცველებს.

მაროკოელი ჟანდარმები ესპანეთის პატარა კუნძულ ლაილაზე გადასხდნენ, რასაც ესპანეთმა ხუთი საბრძოლო გემის, წყალქვეშა ნავის, შვეულმფრენებისა და ავიგამანადგურებლების გაგზავნით უპასუხა. 6 დღის შემდეგ, ესპანელებმა ერთი გასროლის გარეშე გააძევეს მაროკოელები კუნძულიდან.

პაკისტანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ბრიტანეთში დაბადებულ ისლამისტ ესქტრემისტს აჰმედ ომარ საედ შეიხს, რომელიც გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" კორესპონდენტის,
დანიელ პერლის გატაცებისა და მკვლელობის მოწყობაში სცნო დამნაშავედ.

"ამერიკელმა თალიბმა" ჯონ უოლკერ ლინდმა" აღიარა, რომ თალიბების მხარეზე იბრძოდა ავღანეთში.

აგვისტოში, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ, მიწის ნაკვეთები ჩამოართვა ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე თეთრკანიან ფერმერებს.

უჩვეულო წყალდიდობამ ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავსტრიაში, გერმანიაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის შავი ზღვისპირა რეგიონში.

სექტემბერში, ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურზე ჰამიდ კარზაიზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა მისი მოკვლის მიზნით.

პრეზიდენტმა ბუშმა, გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გაეროს მუოწოდა - ქმედითი ზომები მიიღოს იმ მიზნით, რათა ერაყში ლიკვიდირებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ერაყის შეიარაღების შესახებ დოსიე გამოაქვეყნა.

გერმანიაში, კანცლერმა შრიოდერმა დამარცხება აგემა საპარლამენტო არჩევნებში თავის კონსერვატორ მეტოქეს ედმუნდ შტოიბერს. სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების კოალიციამ უმნიშვნელო უპირატესობა შეინარჩუნა ბუნდესტაგში.

ოქტომბერში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ღამის კლუბში მომხდარმა აფეთქებამ 190-ზე მეტი ადამიანის, სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა უმრავლესობა - ახალგაზრდა ავსტრალიელები იყვნენ. აფეთქება, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტებმა მოაწყეს.

ერაყში, სადამ ჰუსეინმა ხმების 100 პროცენტი მიიღო არჩევნებში და კიდევ 7 წლით გაიგრძელა პრეზიდენტობის ვადა. ჰუსეინი ერთადერთი კანდიდატი იყო ამ არჩევნებში.

3 კვირის განმავლობაში ინკოგნიტო სნაიპერი შიშის ზარს ჰგვრიდა მოსახლეობას ვაშინგტონსა და მიმდებარე დასახლებებში, სადაც 10 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 3 დაიჭრა, ვიდრე პოლიციამ არ დააპატიმრა სპარსეთის ყურის ომის ვეტერანი ჯონ ალენ მოჰამედი და მისი 17-წლის თანამზრახველი.

ჩეჩენმა მეამბოხეებმა 800-დე მძევალი დაატყვევეს მოსკოვის თეატრში. ორი დღის შემდეგ რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთმა იერიშით აიღო თეატრის შენობა, რომლის დროსაც გაზი გამოიყენა.
ორასამდე ადამიანი დაიღუპა.

ნოემბერში თურქეთში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

ჩინეთში, კომპარტიის მდივნის თანამდებობაზე ძიან ცზემინი, ყოფილმა ინჟინერმა ჰუ ხინტაომ შეცვალა.

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან საბერძნეთის ტანკერი "პრესტიჟი" ჩაიძირა, რის შედეგადაც ზღვაში - 77 ათასი ტონა ნავთობი ჩაიღვარა.

3 თვითმკვლელმა ტერორისტმა სასტუმრო "პარადისი" ააფეთქა კენიის ქალაქ მომბასას მახლობლად, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი რაკეტა სასწაულით ასცდა მომბასადან თელ-ავივში მიმავალ ისრაელის სამგზავრო თვითმფრინავს.

დეკემბერში, პრეზიდენტმა ბუშმა ფინანსთა მინისტრად, პოლ ონილის ნაცვლად ჯონ სნოუ დანიშნა.

მსოფლიოში სიდიდით მეორე ავიაკომპანია "იუნაიტედ ეარლაინსი" გაკოტრდა.

ბოსტონის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ბერნარდ ლოუ, მღვდელ-მთავრების მიერ მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის თაობაზე ატეხილი სკანდალის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო.

აშშ-მა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია ერაყის 12-ათასგვერდიანი დეკლარაცია მისი შეიარაღების შესახებ.
XS
SM
MD
LG