Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემუქრება მუნიციპალური სკოლა?


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში მუნიციპალურ სკოლათა დაფუძნების ინიციატივა, ჩანს, დისკუსიის საგანი ხდება. სამშაბათს, 4 თებერვალს, დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ

მასწავლებელთა არასამთავრობო ორგანიზაციის, განათლების ეროვნული კავშირის წევრები. კავშირის თამჯდომარემ გიორგი ამაშუკელმა მონიშნა რამდენიმე საფრთხე, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება დაემუქროს სკოლებსა და მასწავლებლებს, როცა მუნიციპალური სკოლების იდეა რეალობად იქცევა. რამდენად საფუძვლიანია ეს შეშფოთება?

განათლების ეროვნული კავშირი პრინციპულად ეწინააღმდეგება მუნიციპალური სკოლების დაფუძნებას თბილისში. კავშირის თავმჯდომარე გიორგი ამაშუკელი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის განათლების სისტემა უნდა იყოს ერთიანი, მობილური და ცენტრალიზებული მინიმუმ 60%-ით მაინც. ეს თეზა გიორგი ამაშუკელმა არგუმენტაციის გარეშე დატოვა. განათლების ეროვნულ კავშირს არ მოსწონს, რომ მუნიციპალურ სკოლებში დირექტორს აირჩევს და მართვაზე ზედამხედველობას განახორციელებს 5 არჩეული მშობლისა და 4 მასწავლებლისაგან შედგენილი სამეურვეო საბჭო. [ამაშუკელის ხმა]: "მთავარი ისაა, რომ ამ შემთხვევაში საერთოდ გამორიცხულია მმართველობიდან განათლების სამინისტრო. მას შეხებაც კი არა აქვს ამ სკოლებთან. ისე არ გამიგოთ, თითქოს განათლების მინისტრის დამცველი ვიყო. მე სამინისტროს დამცველი ვარ, როგორც სტრუქტურის".

კიდევ ერთ საფრთხეს გიორგი ამაშუკელი სკოლების შესაძლო ლიკვიდაციაში ხედავს. ის ირწმუნება, რომ მუნიციპალური სკოლების შესახებ დებულებაში ჩადებულია ლიკვიდაციის პერსპექტივა, რაც ნიშნავს სკოლების დახურვას და შენობების შემდგომ პრივატიზაციას. გიორგი ამაშუკელი აცხადებს, დებულება ისეა შედგენილი, რომ პასუხი ამის გამო არავის მოეთხოვებაო.

მე დავუკავშირდი თბილისის საკრებულოს წევრს გია მურღულიას, რომელიც განათლების საკითხებს კურირებს და მუნიციპალური სკოლების დებულების ერთ-ერთი ავტორიცაა. გია მურღულიას სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია შეშფოთება სკოლების მართვიდან და დირექტორთა დანიშვნებიდან განათლების სამინისტროს ჩამოცილების გამო, რადგან განათლების სამინისტროს არავინ ართმევს და ვერავინ წაართმევს მთავარ ფუნქციას: განსაზღვროს განათლების პოლიტიკა ქვეყანაში და აკონტროლოს განათლების სტანდარტი სკოლებში. სამინისტროს ეს ფუნქცია განათლების ეროვნულ კავშირში რატომღაც არ ესახებათ უწყების ძირითად მოვალეობად. მეორეც, მცირე ხნის წინ, გია მურღულიას თქმით, განათლების მინისტრმა თავად განაცხადა, რომ დირექტორი არჩევითი უნდა იყოს. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება სავსებით შეესაბამება როგორც განათლების კანონს, ისე განათლების სამინისტროს დეკლარირებულ პრინციპებს. რაც შეეხება სკოლების შესაძლო ლიკვიდაციას, გია მურღულია კატეგორიულად აცხადებს [მურღულიას ხმა]: "მსგავსი აზრი თავში საერთოდ არავის მოსვლია. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული რამ. ეს არის გლოვა არაფრის გამო, უმიზეზოდ. მსავსი განცხადების გასაკეთებლად არავითარი საფუძველი არ არსებობს".
XS
SM
MD
LG