Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი - 14 წელი მიწისძვრის შემდეგ


1988 წელს მიწისძვრის შედეგად სომხეთში სულ რაღაც წუთების მანძილზე 25000 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილთაგან ასობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. ადამიანების უმეტესობა ქალაქ გიუმრის

შემოგარენში დაიღუპა. ეს ქალაქი სომხეთში სიდიდით მეორეა. გიუმრიში ათასობით ადამიანი დღესაც დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს. სომხეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მიწისძვრით დაზარალებულთა სახლების გაჭიანურებული მშენებლობა წელს დასრულდება. თუმცა, ისინი, ვისაც ხელისუფლების დანაპირები ეხება, არც ისე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

მიუხედავად ბევრის პესიმისტური განწყობისა, გიუმრიში არიან ისეთებიც, ვისზეც სომხური დიასპორის წყალობა გავრცელდა და ნორმალურ საცხოვრებელს ეღირსნენ. სომხური წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის კირკ კერკორიანის ქველმოქმედების შედეგად გიუმრის ზოგიერთი მკვიდრი სულ მალე თუნუქისა და ხისგან შეკოწიწებული თავშესაფრებიდან საცხოვრებელ კორპუსებში გადავა. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს ერთ-ერთმა მათგანმა გულწრფელად გაუზიარა სიხარული:

[გიუმრის მკვიდრის ხმა] NC020564
"ძალიან ბედნიერები ვართ. დიდ მადლობას ვუხდით კირკ კერკორიანს, ჩვენს ხელმძღვანელობას, ყველას..."

ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა სამნახევარი მილიონი ადამიანია, 25 ათასი ადამიანის დაღუპვა უდიდესი დარტყმა იყო. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რასაც, ბუნებრივია, ინფრასტრუქტურის განადგურებაც დაემატა. მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება ნებისმიერ წელში გამართულ ქვეყანასაც კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდანვე საბჭოთა კავშირის დაშლამ მოსკოვიდან სომხეთისკენ მიმდინარე დახმარების ნაკადიც შეაჩერა. აღდგენითი სამუშაოები ძალიან ნელი ტემპით გაგრძელდა.

მშენებლობა შედარებით გააქტიურდა ბოლო ორი წლის მანძილზე, როცა ჯერ კიდევ "უბედურების ზონად" წოდებულ სომხეთის ამ რეგიონში, რომელიც საქართველოს სამხრეთი საზღვრიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, სომხური დიასპორის მიერ გაღებული მილიონობით დოლარი შევიდა. მარტო ჩვენს მიერ უკვე ნახსენები კირკ კერკორიანის კომპანიამ 43 მილიონი დოლარი გაიღო და ეს არ იყო ყველაზე დიდი ქველმოქმედება სომხური დიასპორის წარმომადგენლის მხრიდან.

მშენებლობის გააქტიურება დაემთხვა სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს. სომხეთის ახლანდელი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი თავისი ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ "უბედურების ზონაში" მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს მიიჩნევს. კოჩარიანი და მისი პოლიტიკური მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ მშენებლობის დიდი ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა, რეალობას ასე ოპტიმისტურად არ უყურებენ ისინი, ვინც დღემდე დროებით საცხოვრებელს აფარებს თავს. ტიპიური უსახლკარო ოჯახი, რომელიც ათამდე წევრისგან შედგება ორი-სამი ქოხისგან შემდგარ თავშესაფარში ცხოვრობს. ასეთი ქოხები მთელ დასახლებებს ქმნიან გიუმრის ძველი ცენტრის გარშემო და მათში ქალაქის მოსახლეობის ერთი მესამედი - 9 ათასი ოჯახი ცხოვრობს.

ვარუშან სარგისიანი ასეთსავე პირობებში ცხოვრობს ოჯახის კიდევ 5 წევრთან ერთად. მათ მაისში ახალი ბინა უნდა მიიღონ, თუმცა, სარგისიანს არ სჯერა ხელისუფლების დაპირების, რომ მშენებლობა 2004 წლამდე დასრულდება:

[სარგისიანის ხმა]020566
"ჩემი აზრით, ისინი წელს ვერ დაასრულებენ. ორი წელიწადიც არ იქნება ამისთვის საკმარისი. ამას 4-5 წელი დასჭირდება".

გიუმრის კიდევ ერთმა მკვიდრმა - ხაჩიკ ლალაიანმა კი "თავისუფლების" კორესპონდენტს განუცხადა:

[ლალაიანის ხმა]020567
"ისინი უკვე 14 წელია გვპირდებიან ბინის მოცემას. გუშინ მერიაში ვიყავი და დადებითი პასუხი ისევ ვერ მივიღე. მე მგონი, სიცოცხლეში ვერაფერს ვეღირსები".

გიუმრის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ 2003 წლის ბოლომდე მუდმივი საცხოვრებლის გარეშე მხოლოდ 1000 ოჯახი დარჩება. ქალაქის მერის გუკასიანის ოპტიმიზმს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული განსახლების პროგრამაც ამაგრებს, რომლის მიხედვითაც მიწისძვრის ზონაში მყოფ თითოეულ უსახლკარო ოჯახს საშუალოდ 2500 დოლარი გადაეცემა ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში ბინის ან სახლის საყიდლად. თუმცა, ბევრი ჩივის, რომ გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი საცხოვრებლად ვარგისი ბინის, ან სახლის შესაძენად.

გიუმრის მოსახლეობას უსახლკარობის გარდა სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემაც აწუხებს. ათასობით ადამიანი რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშია წასული. ადამიანების უმეტესობა გიუმრიში სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ნათესავების მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ხარჯზე არსებობს.

გიუმრიში მშენებლობის გააქტიურებამ ასობით სამუშაო ადგილი შექმნა, თუმცა, იქ მომუშავენი დაპირებული ხელფასის დაგვიანების, ან საერთოდ გადაუხდელობის გამო ჩივიან. ასე რომ, ახალმა საცხოვრებელმა შეიძლება შეამსუბუქოს გიუმრის ზოგიერთი მცხოვრების ბედი, მაგრამ ვერაფრით დაეხმაროს მათ სიღატაკეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG