Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება


საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან ერთად, უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესიც. თუმცა ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თანხმობა საარჩევნო კოდექსის პრინციპებზეც

კი არ არის მიღწეული და, შესაბამისად, ბუნდოვანია ისიც, თუ რა წესით უნდა მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ანდა საუბნო - საოლქო კომისიათა დაკომპლექტება. არადა, სწორედ საარჩევნო კომისიათა ფორმირების წესი განსაზღვრავს არჩევნების ობიექტურობისა და დემოკრატიულობის ხარისხს.

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია საარჩევნო სისტემის 2 სხვადასხვა კანონპროექტი. მათგან უკანასკნელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებით ფორმირების წესს ამკვიდრებდა. ახლა ნაკლებად სავარაუდოა პარლამენტი პირველი მოსმენით მიღებულ კანონებს დაუბრუნდეს, რადგან პარტიები საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების სულ სხვა მექანიზმების მიმართ გამოხატავენ სიმპათიებს. კერძოდ კი, ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა საარჩევნო კომისიათა შემადგენლობის პარტიათა წარმომადგენლებით დაკომპლექტებას მოითხოვს.

უფრო ინტენსიურად კი პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შერეულ პრინციპზე მუშაობენ, ანუ პარტიათა წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც დააკომპლექტებენ კომისიათა შემადგენლობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაუძინებელი ოპოზიციონერის, სოციალისტ დენის დავითაშვილის განცხადებით:




[დავითაშვილის ხმა] „არც ერთი ვარიანტი ჩვენთვის არ არის საზიანო, მაგრამ ეს შემადგენლობა, ჩემი ჩათვლით, უნდა გადადგეს. 1 მარტის შემდეგ არ ვაპირებ მე იმ კომისიაში მონაწილეობას. კონკრეტულ პიროვნებებთან მაქვს მე ამ შემთხვევაში საქმე, ვინც გააყალბა არაერთი არჩევნები, მათ შორის, ბოლო ადგილობრივი არჩევნები. ამიტომ მათ არანაირი ადგილი აღარ უნდა ჰქონდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციაში, საერთოდ."

თუმცა დენის დავითაშვილს უფრო კონკრეტულად აღარ განუმარტავს, თუ რატომ უნდა გადადგეს საკუთარი ნებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, მაშინ როდესაც მათი შეცვლა ისედაც მოსალოდნელია საარჩევნო კოდექსის შეცვლის შემთხვევაში. ცენტრალური საარჩევნო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ზესაშვილმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[ზესაშვილის ხმა] „თუ პარლამენტი გადაწყვეტს და კანონში დაფიქსირდება, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, დავიხურავთ ქუდს და წავალთ სახლებში დასასვენებლად. მართალი რომ ვთქვა, ალბათ, საკმაოდ დაძაბული არჩევნები გველოდება და საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იქნება სუბიექტებს შორის. ასე რომ, ამ ბრძოლის შუაგულში ყოფნა სულ მთლად სახარბიელო არ არის."

გია ზესაშვილი, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ცდილობს პოლიტიკური ტოლერანტობა გამოიჩინოს, თუმცა კი სკეპტიკურად უყურებს არჩევნების ორგანიზებულად და ობიექტუად ჩატარების პერსპექტივას, პარტიათა მიერ შემუშავებული საარჩევნო მექანიზმებიდან რომელიმეს დანერგვის შემთხვევაში. გია ზესაშვილს, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისიების ფორმირების სულ სხვაგვარი მექანიზმის იდეა ჩამოუყალიბდა.

[ზესაშვილის ხმა] „მე უფრო ვგულისხმობ მოხელეების მიერ არჩევნების ჩატარებას. მოხელის მიღების წესი არსებობს და სანამ ადამიანი პენსიაში არ გავა, მანამდე თავის სამსახურს ასრულებს, თუ რამეს არ დააშევებს. ის ვადით არ ინიშნება. როგორც სამინისტრო ან სხვა უწყება, ასეთივე უწყება უნდა გახდეს საარჩევნო კომისია."


ზესაშვილის აზრით, ეს საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას გაზრდის. თუმცა საჯარო მოხელის სტატუსი დაიცავს თუ არა საარჩევნო კომისიის წევრს ხელისუფლების ზეწოლისგან, ძნელი სათქმელია. ერთი კი ცხადია, რომ ხელისუფლებას, ნებისმიერი პრინციპით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიის შემთხვევაშიც კი, ობიექტური არჩევნების ჩატარების ალტერნატივა აღარ რჩება, რადგან ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG