Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის სატელევიზიო გამოსვლა


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ღამით, ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში ახალი მთავრობის მოსვლა დემოკრატიის დამკვიდრებას

შეუწყობს ხელს მთელს ახლო აღმოსავლეთში. ბუშის თქმით, თუ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი დაემხობა, შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ სადამი - სხვა ულმობელმა დიქტატორმა შეცვალოს.


პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი აშკარა და სულ უფრო მზარდ საფრთხეს უქმნის აშშ-ის უშიშროებას, და თან დასძინა, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ აღორძინებას მოუტანს მთელს ახლო აღმოსავლეთს.

კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დემოკრატიის დამკვიდრების შესაძლებლობა რეგიონში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები დომინირებენ. მაგრამ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მაჰმადიანები სხვებზე ნაკლებად როდი ესწრაფვიან მშვიდობასა და დემოკრატიას.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა აგრეთვე, რომ დემოკრატიის დამყარება, ერაყში, არ იქნება ადვილი,
მაგრამ უმჯობესია სცადო ამის გაკეთება, და არ იჯდე გულხელდაკრეფილი იმ დროს, როცა სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებს, ჩაგრავს საკუთარ ხალხს და მხარს უჭერს ტერორიზმს, თანაც ფულით ეხმარება თვითმკვლელი პალესტინელი ტერორისტების ოჯახებს. "აშშ არ აპირებს იმის განსაზღვრას, თუ როგორი უნდა იყოს ერაყის ახალი მთავრობა. ეს, ერაყელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ერთი დაუნდობელი დიქტატორი, ერაყში, მეორემ შეცვალოს" - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბუშმა თქვა, რომ დემოკრატიის აჩრდილი მთელს ახლო აღმოსავლეთში მოჩანს [ჯორჯ ბუშის ხმა]: "არაბი ინტელექტუალები მოუწოდებენ მთავრობებს შეავსონ მათს ქვეყნებში არსებული "თავისუფლების ვაკუუმი", რათა ხალხმა სრულად გააცნობიეროს ჩვენი ეპოქის პროგრესი. რეგიონის ლიდერები ლაპარაკობენ არაბეთის ახალ ქარტიაზე, რომელიც შიდა რეფორმებს, პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას, ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობას ანიჭებს პრიორიტეტს. და მაროკოდან ბაჰრეინამდე თუ სხვაგანაც, ქვეყნები რეალურ ნაბიჯებს დგამენ პოლიტიკური რეფორმების მიმართულებით".

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა შეახსენებს სხვა დიქტატორულ რეჟიმებს, რომ ტერორიზმის მხარდაჭერა არ დარჩება დაუსჯელი, ხოლო მას შემდეგ, რაც პალესტინელ ტერორისტებს ახლო აღმოსავლეთში აღარ ეყოლებათ მხარდამჭერები, პალესტინელ ხალხს მიეცემა თავისუფლება - აირჩიოს უკეთესი ხელმძღვანელობა, რომელიც ჭეშმარიტად იზრუნებს საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე და სტაბილური მშვიდობის დამყარებას შეეცდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

"ხოლო მას შემდეგ, რაც ტერორიზმის მუქარა მოისპობა და განმტკიცდება უშიშროება, ისრაელის ახალი მთავრობა, უნდა მოველოდეთ, პალესტინის სახელმწიფოს დაარსებას დაუჭერს მხარს" - დასძინა პრეზიდენტმა ბუშმა.

თავისი სატელევიზიო გამოსვლა ჯორჯ ბუშმა დაამთავრა მიმართვით გაეროსადმი, არ გაუშვას ხელიდან ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლის კარგი შესაძლებლობა, რისთვისაც ომისშემდგომ ერაყში კაპიტალის დაბანდება და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება გახდება საჭირო.
XS
SM
MD
LG