Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება სერიოზულად შეუშლის ხელს შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ბრძოლაში


გასული კვირის ბოლოს თურქეთის პარლამენტმა უარი თქვა ქვეყნის ტერორიაზე შეერთებული შტატების 62-ათასკაციანი ჯარის განლაგებაზე. ეს სერიოზულად გაურთულებს საქმეს ამერიკელებს

ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ჩვენს რადიოს განუცხადეს ექსპერტებმა, შეერთებულ შტატებს პრობლემები შეექმნება ომის დამთავრების შემდეგაც.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა, რომლის მთავრობის მიერ წამოყენებულმა წინადადებამ მარცხი განიცადა პარლამენტში, ორშაბათს განაცხადა, რომ ეს საკითხი, შესაძლოა, ხელახლა იქნეს განხილული. მაგრამ როდის შეიძლება მოხდეს ეს, ნათელი არ არის.

ამასობაში ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან იცდიან ჯარებითა და სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემები. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ იმედგაცრუება გამოხატა თურქეთის პარლამენტის უარის გამო. ამასთან, როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა ორშაბათს, პრეზიდენტი ბუში დარწმუნებულია, რომ ერაყის წინააღმდეგ ომს მაინც მოიგებს.

მაგრამ ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ენდრიუ ტალისთან საუბარში რიგმა ექსპერტებმა გამოთქვეს შიში, რომ თუკი თურქეთის პარლამენტი არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას, ამერიკა ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება ჩრდილოეთის ფრონტის გარეშე.

[ალარდის ხმა] "სახმელეთო იერიშის განსახორციელებლად აუცილებელია ქვეყანაში ჯარების შეყვანა და შემდეგ მათი მხარდაჭერა და მომარაგება. ასე რომ, წარმოდგენაც კი მიჭირს ერაყის წინააღმდეგ ნამდვილი კამპანიისა, რომელიც არ მოიცავს ჩრდილოეთის ფრონტს," მიიჩნევს სამხედრო დაზვერვის სპეციალისტი, გადამდგარი პოლკოვნიკი კენეთ ალარდი.

თუკი თურქეთის ვარიანტი გამოირიცხა, მაშინ შეერთებულ შტატებს დიდძალი საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება მოუწევს ჩრდილოეთ ერაყში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასაადგილებლად და მოსამარაგებლად. ეს მას აიძულებს, ჯარები უფრო მსუბუქად იყოს შეარაღებული, რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტანკებისა და არტილერიის რიცხვი უნდა შემცირდეს. ეს კი უფრო რთულია, უფრო მეტ დროს მოითხოვს, მეტ რისკთანაა დაკავშირებული - მიაჩნია კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის თანამშრომელს ჯონ ვოლფსტალს.

მაიკლ ო' ჰანლონი, ვაშინგტონის ბრუკინგზის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი, საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს საჰაერო ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობას. მისი აზრით, უფრო ეფექტიანი იქნება ხმელთაშუა ზღვიდან გემების სუეცის არხით წაყვანა ქუვეითამდე და შემდეგ ქუვეითიდან სახმელეთო ოპერაციის განხორციელება ჩრდილოეთზე კონტროლის დასამყარებლად. მაგრამ ეს სულ ცოტა ორი კვირით ოპერაციის შეფერხებას ნიშნავს. არადა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკელები საომარი მოქმედებების დაწყებას მარტის შუა რიცხვებამდე გეგმავენ კლიმატური მოსაზრებებით.

ბიძინა რამიშვილი გესაუბრათ იმაზე, თუ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას თურქეთის პოზიციამ შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ომში. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის ფრონტის შეფერხების ის ასპექტი, რომელიც ომისშემდგომ ვითარებას ეხება. ზემოხსენებული კარნეგის ფონდის კიდევ ერთი ექსპერტის, ჯოზეფ სირინსიონის თქმით, თურქეთის ტერიტორაზე ჯარების განლაგების გარეშე შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ვერ მოახერხოს სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერც ჩრდილოეთ ერაყში და ვერც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ორივე ეს ტერიტორია დასახლებულია ქურთებით, რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებას ცდილობენ. [სირინსიონის ხმა] "ეს ზუსტად ის ვითარებაა, რომლის თაობაზე ადრეც გამოთქმულა გაფრთხილებები. ჩვენ გვგონია, რომ იქ შევდივართ ვითარების სტაბილიზაციისთვის. მაგრამ ომი არსებითი დესტაბილიზაციის ფაქტორი შეიძლება იყოს. მან შეიძლება ისეთი რყევები გამოიწვიოს, რომელთაც არასოდეს მოელოდნენ ომის წამომწყებნი." სირინსიონის აზრით, თურქეთის პარლამენტმა ეს არგუმენტიც უნდა გაითვალისწინოს, როცა ამერიკის ჯარების განლაგების თაობაზე გამართავს კენჭისყრას.
XS
SM
MD
LG