Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლებენ თუ არა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს


ალექსანდრე ასლანიკაშვილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2002 წლის ივლისში დაინიშნა. ივლისიდან დღემდე გასული 7 თვე საკმარისი დრო აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს,

გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტს, მისი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეეფასებინა. მიმდინარე წლის ორი თვის შედეგების შესახებ მომზადებულ საგანგებო დასკვნას კომიტეტი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნის. თუმცა, შესაძლებელია, საქმე უფრო გამწვავდეს და საბაჟო დეპარტამენტის საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის მსჯელობის საგნადაც იქცეს. გაიზიარებს თუ არა ალექსანდრე ასლანიკაშვილი წინამორბედების ბედს? მხოლოდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის 5 თავმჯდომარე და 14 მოადგილე შეიცვალა.

იმაზე, რომ საბაჟოზე ჯერ კიდევ არაა დაძლეული კორუფცია, რის გამოც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი კონტრაბანდული საქონლითაა გაჯერებული, ასეთი სტატისტიკაც მეტყველებს: გასული წლის განმავლობაში განბაჟებულია საქართველოში მოხმარებული ბენზინის 40%, დიზელის საწვავის 23%, ნავთის 11%. მხოლოდ ნავთობპროდუქტების იმპორტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში, ნაცვლად 120 მილიონი ლარისა, 350 მილიონი ლარი, ანუ თითქმის სამჯერ მეტი, უნდა შესულიყო. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის ეს მცირე მონაკვეთი მხოლოდ მიახლოებით ასახავს საბაჟო სამსახურის არაქმედითუნარიანობას, რაც, გარდა უშუალოდ სისტემაში არსებული კორუფციისა, სულ მცირე, სამი სახელმწიფო სტრუქტურის დანაშაულებრივი ურთიერთკოორდინაციის შედეგია. კონტრაბანდის სქემაში თანაბარი დონით მონაწილეობენ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სასაზღვრო და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები. ამიტომ პრობლემაა არა კონტრაბანდის აღრიცხვა, არამედ იმ სტრუქტურებზე კონტროლი, რომლებიც ტვირთებს გადააადგილებენ. როგორც კომიტეტის სხდომაზე საგანგებოდ მიწვეულმა ფინანსთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით თქვა, 7 მარტის საღამოდან ამოქმედდება პრეზიდენტის საგანგებო განკარგულება და სამი მინისტრის - ფინანსთა, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებულება კონტრაბანდის გადაადგილების ხელის შემშლელი ღონისძიებების შესახებ. ამ გეგმის კონკრეტული დეტალები მირიან გოგიაშვილმა არ გაამხილა; თქვა მხოლოდ, რომ ეს ღონისძიებები ორშაბათიდან, 10 მარტიდან, დაიწყება. კოლექტიური უწყებრივი პასუხისმგებლობის ამგვარი საეჭვო მოდელი, კამპანიურობის ნიშნით, სავარაუდოდ, მხოლოდ დროებითი ეფექტის მომტანი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ საბაჟო დეპარტამენტს, მის მიმართ გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის პრეტენზიები შემდეგი ძირითადი საკითხებით შემოისაზღვრა: თანხების წინასწარი აკრეფის მავნე პრაქტიკა მთელ რიგ ორგანიზაციებზე ზეწოლის სახით, აქტივების სხვადასხვა ფირმებზე გადანაწილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა - მაგალითად, 2002 წლის დეკემბერში სრულიად დაუსაბუთებლად, საბაჟოს ხელმძღვანელთა პირადი მოხმარების მიზნით, 29 ათას ლარად ავტომანქანა "ბეემვე" იქნა შეძენილი. - დაბოლოს საკადრო პოლიტიკა, რაც, კომიტეტის დასკვნის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნება-სურვილით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხდება. ამასთან, შევნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტმა კატეგორიულად მოითხოვა იმ საატესტაციო გამოცდების გადადება, რომელიც საბაჟოს 7 მარტისთვის ჰქონდა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრმა ამ საკითხზე კონსულტაციების გაგრძელება და საჭირო შემთხვევაში გამოცდების ერთი კვირით გადადება ითხოვა.
XS
SM
MD
LG