Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებს შეერთებული შტატები ერაყის ომის შემდეგ?


მართალია, ჯერ არ არის ნათელი უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ბედი, მაგრამ ომი, როგორც ჩანს, გარდაუვალია. სამაგიეროდ, მიუხედავად მთელი რიგი პროგნოზებისა, გაურკვეველია,

როგორ წარიმართება და რა შედეგს გამოიღებს იგი. კიდევ უფრო რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნება ერაყი და, საერთოდ, რეგიონი ომის შემდეგ. ასეა თუ ისე, შეერთებული შტატები უკვე ემზადება ომისშემდგომი პერიოდისთვის და ამ სამზადისის კამპანიას თავად ომისათვის მზადებისთვისაც იყენებს. თუ როგორ, ამაზე ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ენდრიუ ტალი იტყობინება ვაშინგტონიდან, შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე დაიწყო იმ კომპანიებთან მოლაპარაკება, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ერაყის აღდგენაში.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა, ენდრიუ ტალის უთხრა, რომ ამ კომპანიების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ამასთან, მან ვერ დაგვიდასტურა "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ომის შემდეგ ერაყისთვის აღმოსაჩენი დახმარება 900 მილიონ დოლარს მიაღწევს. მან ვერ დაგვიდასტურა ვერც ის, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ტენდერში, იქნება ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ყოფილი ფირმის შვილობილი კომპანია.

შეერთებულ შტატებს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს იმ ქვეყნებში კაპიტალდაბანდებებისა, რომელთა წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. საუკეთესო მაგალითებია გერმანია და იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათ შორისაა აგრეთვე გრენადა, ჰაიტი, პანამა, ბალკანეთი, დაბოლოს ავღანეთი. ოღონდ ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ გერმანია და იაპონია გამონაკლისს წარმოადგენენ. ამერიკა, როგორც წესი, დროზე ადრე უწყვეტდა დახმარებას სხვა ქვეყნებს.

მაგრამ მიმომხილველების აზრით, ერაყის შემთხვევაში ვაშინგტონი შეიძლება უფრო განსხვავებულად მოიქცეს. დიდი წინააღმდეგობის გამო ბუში ალბათ შეეცდება აჩვენოს თავის ამომრჩევლებს და მსოფლიოს, რომ მხოლოდ ძველი ანგარიშების გასასწორებლად კი არ ილაშქრებს სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად, არამედ ჭეშმარიტად შესტკივა გული ერაყელ ხალხზე და ქვეყნის აღმშენებლობის დაწყებას აპირებს.

ვაშინგტონელი ანალიტიკოსის, თომას კაროთერსის სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, ბუში უფრო შორსაც მიდის და ომისშემდგომი აღდგენითი სამუშაოების პროპაგანდით ცდილობს თავად ომი გაამართლოს და მომხრეები მოიპოვოს.

როგორც ვახსენეთ, გერმანიასა და იაპონიას გამორჩეული როლი ერგოთ იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ამერიკამ ომის შემდეგომ დახმარება აღმოუჩინა. მაგრამ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ამერიკელების განსაკუთრებული წვლილი, არამედ თავად მათივე უნარი, ოპტიმალურად გამოეყენებინათ ეს დახმარება. შეძლებს თუ არა ერაყის საზოგადოება გერმანიისა და იაპონიის მსგავსად ეკონომიკური სასწაულის მოხდენას? ამ კითხვაზე პასუხს მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG