Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გარბიან ჯარისკაცები ''წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამიდან?


საქართველოს არმიისთვის ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - დეზერტირობის - ვირუსს ვერც ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა გადაურჩა. საქართველოს სამხედრო პროკურატურის ინფორმაციით,

იაღლუჯის პოლიგონიდან, სადაც ტაქტიკურ მომზადებას საჩხერის სამთო-მსროლელი ბატალიონი გადის, გაქცეულად ითვლება 9 ჯარისკაცი. სამხედრო ხელმძღვანელობა გაოგნებულია და ვერაფრით ხსნის დეზერტირობის მოტივს. კონტრაქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე ჯარიკაცები ხომ გენერლებზე ოჯერ მაღალ ხელფას იღებენ და უზრუნველყოფილები არიან ყველაზე მაღალი სტანდარტების შესაბამისად. დაბნეულნი არიან სამხედრო პროკურორებიც, რომლებიც ცდილობენ, წინასწარი მოკვლევის ვადის დასრულებამდე არ აღძრან გაქცეული ჯარისკაცების მიმართ სისხლის სამართლის საქმე.

ორი თვის წინ, როდესაც პირველი ცნობა მოვიდა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი "კომანდოს" ბატალიონიდან რიგითი დავით გეგენავას გაქცევის შესახებ, საზოგადოება საშინელმა იმედგაცრუებამ მოიცვა. შემდგომ კი, როცა დეზერტირთა რიცხვმა ხუთს მიაღწია, საზოგადოება ეიფორიისგან გამოერკვა და უფრო რაციონალურად დაიწყო მსჯელობა. აღმოჩნდა, რომ მაღალი მატერიალური მოტივაცია, კარგი საყოფაცხოვრებო პირობები და სამედიცინო მომსახურება, რის უქონლობასაც ბრალდებოდა არმიაში არსებული ყველა პრობლემა, თავისთავად არ ყოფილა აბსოლუტური პირობა იმისთვის, რომ "სუპერ მენებად" ექცია ქართველი რეკრუტები, აემაღლებინა ისინი ადამიანურ სისუსტეებზე. ეს სისუსტეები, რაც არ ჩანდა ან შეგნებულად არ გამოაჩინეს ისტორიული "კომანდოს" ბატალიონის მოსამზადებელ პერიოდში, რელიეფურად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცათ.

ის ბავშვურობა, ერთგვარი ინფანტილიზმი, რის უფლებასაც უფროსების უპასუხისმგებლობის შემყურე ქართველი ჭაბუკები თავის თავს აძლევენ, სპეციალურ შესწავლას საჭიროებს.

რიგითმა გეგენავამ ავტოსაგზაო კატასტროფა მოახდინა, ვალებში ჩავარდნილი, სასოწარკვეთას მიეცა და სამხედრო ნაწილიდან ფეხი ამოიკვეთა; რეკრუტმა აშკარელმა კი სამხედრო ნაწილიდან წასვლის მიზეზად დაასახელა მძიმე ოპერაცია, რაც, მისი თქმით, პროგრამაში მონაწილეობის დროს მიღებულ დატვირთვას უკავშირდება. მაგრამ ამ საქციელით ორივემ საბედისწეროდ გაირთულა საქმე.

პირველის საქმე, დეზერტირობის მუხლით, უკვე გამოიძია ვაზიანის რეგიონალურმა სამხედრო პროკურატურამ და დამნაშავისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა. პარალელურად, გეგენავას მოუწევს სახელფასო თანხის, სამხედრო ფორმისა და აღჭურვილობის დაბრუნება. თემიდა ულმობელი იქნება სხვა გაქცეულების მიმართ, თუკი ისინი სამხედრო ნაწილში არ დაბრუნდებიან 10 დღის განმავლობაში, ანუ იმ ვადაში, რომლის შემდეგაც სამხედრო პროკურატურა უკვე იძულებული იქნება დაიწყოს წინასწარი მოკვლევის ჩატარება.

ვაზიანის რეგიონალური სამხედრო პროკურორი მამუკა ცაავა არ მალავს, რომ იგი ადამიანურად არ არის დაინტერესებული, ციხის გზას გაუყენოს პროფესიონალი ჯარისკაცები, რომელთა გაწვრთნაზე ამერიკისა და საქართველოს მთავრობამ ამხელა ძალისხმევა დახარჯა. თუმცა იგი არც იმას მალავს, რომ დეზერტირობა პროფესიონალ ჯარისკაცთა შორის უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს. მისი მონაცემებით, უკვე 9 ჯარისკაცია გაქცეული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე მეორე ბატალიონიდან, რომლის გამოშვება 30 აპრილს, საქართველოს არმიის დღისთვის, იგეგმება.

თავად სამხედროები ამ ფაქტს უფრო მშვიდად უყურებენ და ამბობენ, რომ ჯობია ჯარისკაცმა საკუთარი თავი წვრთნის დროს გამოამჟღავნოს და არა ბრძოლის ველზე, სადაც თითოეული მებრძოლის სულმოკლეობა მთელი ქვედანაყოფის დაღუპვას უდრის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG