Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უცხადებენ პროტესტს პოლიციას


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 12 მაისს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი თანამგრძნობი მოქალაქეების საპროტესტო აქცია

პოლიციაში ძალადობისა და ადამიანის უფლებათა შელახვის წინააღმდეგ. აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოთა წინ გაიმართა. მოთხოვნები ყველგან საერთო იყო: კმარა წამება, კმარა ფორმიანი ყაჩაღები, კმარა განუკითხაობა. აქციათა მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დავუკავშირდი.

თბილისში აქციის გამართვისაკენ სტუდენტებსა და უფლებადამცავებს ერთმა ფაქტმა უბიძგა: რამდენიმე დღის წინ ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ბაქრაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ცეზარ ფუტკარაძეს, რომელიც პოლიციაში ეჭვმიტანილის დასაცავად იყო მისული. ფუტკარაძის კოლეგამ, ადვოკატმა ეკა ბესელიამ განმიცხადა [ბესელიას ხმა]: ამ საკითხებზე ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს, საქმე აღძრული არ არის. ჩვენ დავაყენეთ ხელმძღვანელების - ნებიერიძისა და ბაქრაძის პასუხისმგებლობის საკითხი და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში უამრავი ფაქტი დაგროვდა ამ პოლიციაში ნარკოტიკისა და იარაღის ჩადების, ფულის გამოძალვის, ცემისა და წამების".

თბილისში აქცია მშვიდობიანად წარიმართა: პოლიციელებს პიკეტი აშკარად არ ეჭაშნიკათ, მაგრამ არც სიტყვითა და არც საქმით ეს არ გამოუხატავთ. მე გავესაუბრე აქციის მონაწილეებს [აქციის მონაწილის ხმა]: "ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ჩვენ შევეცადეთ პროტესტი გამოგვეთქვა სხვადასხვა ფორმით: გვაქვს ტრანსპარანტები, პოლიციის განყოფილებაში შევყარეთ სხვადასხვა მუხლები საქართველოს კონსტიტუციიდან და სისხლის სამართლის კოდექსიდან წამებაზე, ცემაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, რათა შეგვეხსენებინა, რომ საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და პოლიცია ვალდებულია, უპირველესად კანონი დაიცვას".

ამავე შინაარსის აქციები გაიმართა გორსა და ხაშურში, ახალციხესა და ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, რუსთავში, ზუგდიდსა და თელავში. რამდენიმე ქალაქში მე დავუკავშირდი აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და ვთხოვე, გარდა ზოგადი პათოსისა, მოეთხროთ კონკრეტულ შემთხვევებზე, რამაც ისინი პოლიციის შენობათა წინ საპროტესტოდ მიიყვანა. ამირან მესხელმა ახალციხიდან მიამბო, რომ ერთი თვის წინ ქალაქის ერთ-ერთ ეზოში მოთამაშე ბავშვები მანქანის ნაწილებს წააწყდნენ და შეატყობინეს თავიანთ მეზობელს, რომლის მანქანა ადრე უცნობმა პირებმა მოიპარეს. მეზობელს ფაქტი პოლიციაში ჰქონდა გაცხადებული და სამართალდამცავებს ახლაც შეატყობინა დეტალების პოვნა, რასაც პოლიციელთა ასეთი საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა [მესხელის ხმა]: "ორი არასრულწლოვანი ბავშვი, 12 და 13 წლისა, დააკავეს, საღამოს 8 საათზე წაიყვანეს პოლიციაში და ღამის პირველ საათამდე ჰყავდათ ისე, რომ მათმა მშობლებმა არ იცოდნენ. ეს ბავშვები არ უცემიათ, მაგრამ გული გაუხეთქეს, სკამზე მიაბეს და ეუბნებოდნენ, ფანჯრიდან გადაგაგდებთო. ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებათ, მაგრამ სერიოზული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდათ".

გორში აქცია მთლად მშვიდობიანად არ წარმართულა. კორუფციასთან ბრძოლის კავშირის წევრმა ვალერი ტატუნაშვილმა მითხრა, რომ პოლიცია გულხელდაკრეფილი არ მდგარა და საქმე შეხლა-შემოხლამდეც მივიდა. გარდა ამისა, [ტატუნაშვილის ხმა] "კიდევ იყო პოლიციელთა მხრიდან შეძახილები: წაგიყვანთ კაბინეტში და იქ როგორ დაგამუშავებთ და როგორ მოგხვდებათ, ნახავთო".

საერთო ლოზუნგების გვერდით, საპროტესტო აქციისათვის საინტერესო საფუძველი ჰქონდათ ოზურგეთელ ახალგაზრდებსა და უფლებადამცავებს. როგორც ოზურგეთის პრესკლუბის წევრმა ლადო მენაბდემ მითხრა, რამდენიმე დღის წინ ქალაქში ბრძანდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი. პოლიციელებთან მისი შეხვედრის დასასრულს გურიის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვიქტორ გობრონიძემ [მენაბდის ხმა] "ხაზი გაუსვა, რომ შევარდნაძე არის გურული და გურია, მით უმეტეს, გურიის პოლიცია - ესაა ერთ მუშტად შეკრული ორგანიზმი, რომელიც არა მარტო გურიაში, არამედ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მზად არის პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად. ჩვენც ამაზე გავაკეთეთ აქცენტი და, შესაძლოა, ოზურგეთის აქციას სწორედ ეს განასხვავებდა სხვა ქალაქების აქციებისაგან: კმარა პოლიციის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება!"
XS
SM
MD
LG